რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, დსთ-ს საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, კონსტანტინ ზატულინის განცხადებით, გამორიცხული არ არის, საქართველოს საზღვრებზე ვითარება გამწვავდეს, „თუ საქართველოს ხელისუფლება ზეწოლას დაექვემდებარება“. მისივე თქმით, საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების შესახებ თავისი მოთხოვნების შესრულების იმედი იმ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს, თუ რუსეთი უკრაინაში დამარცხდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ზატულინი გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში კრემლის ომის დასასრულებლად გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმებით, რუსეთს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 15-წლიანი ოკუპაციის დამთავრებაც უნდა მოეთხოვოს.
„იმისათვის, რომ საქართველოს მოთხოვნა შესრულდეს, რუსეთმა მარცხი უნდა განიცადოს. დამარცხების შემთხვევაში, შესაძლებელია წამოყენება სხვადასხვა იდეის, რაც შეიძლება რუსეთისგან მოითხოვო. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მარცხი არ იქნება. ასე რომ, რაზეც ქალბატონი ზურაბიშვილი საუბრობს, ნაკლებად სავარაუდოა განხორციელდეს“, - განაცხადა ზატულინმა რუსულ მედიასთან.
მისივე თქმით, არსებობს მაგალითები, როდესაც ქვეყნებმა, რომლებიც არ მონაწილეობდნენ კონფლიქტში, მისი დასრულების შემდეგ „ბონუსები“ მიიღეს, მაგრამ საქართველოს „დღევანდელ მოვლენებთან არანაირი პირდაპირი კავშირი არ აქვს“.
„ის [საქართველო] ცდილობს თავისი ფასის მომატებას და მორიგჯერ რუსეთისგან რაღაცის მოთხოვნას, ისე გაკეთებას, რომ საქართველოს ინტერესების შესახებ - დაიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, არ დაავიწყდეთ.
ზურაბიშვილი არ არის მთავარი სახე, თუმცა კი პრეზიდენტია. ეს მასზე არ არის დამოკიდებული. გამწვავება შეიძლება იყოს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება დაექვემდებარება ზეწოლას, რომელიც მათზე ხორციელდება. ის მართლა ხორციელდება. თუმცა, საქართველომ 2008 წელს სცადა რუსეთის გამოცდა და ფაქტობრივად საწინააღმდეგოს მიაღწია - იმას, რომ რუსეთმა აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ამგვარად, ოცნებები მათი დაბრუნების შესახებ სიზმრებისა და ფანტაზიის სამყაროში რჩება“, - ამბობს ზატულინი.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში თქვა, რომ თუ ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ძალების სრულად გაყვანა არ იქნება მისი „დანებების პირობა“, დასავლური სამყარო კიდევ ერთ დიდ შეცდომას დაუშვებს - 2008 და 2014 წლების მსგავსად.
„რუსეთმა უნდა ისწავლოს, სად არის მისი საზღვრები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. „საქართველოს საკითხები მაგიდაზე უნდა იდოს, რადგან არავინ უნდა იფიქროს, რომ ეს ომი შესაძლოა მოგვარდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსეთის გასვლის გარეშე“.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მარცხი მოახლოებულია და მან „უკრაინაში პრაქტიკულად უკვე წააგო ბრძოლები, თუ არა მთლიანად ომი“.