გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში მცხოვრები 55 წლის ზვიად მთავრიშვილის გარდაცვალების საქმეზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. ოჯახის წევრების მტკიცებით, ზვიად მთავრიშვილს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს, რა დროსაც თავში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, იკვეთება სახელმწიფოს მიერ ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლებით დაცული უფლებების დარღვევა.
ზვიად მთავრიშვილი პოლიციელებმა 2019 წლის 22 მარტს დააკავეს. პოლიცია განმარტავდა, რომ 112-ზე მამაკაცის არასრულწლოვანმა დისშვილმა დარეკა და განაცხადა, რომ ბიძამისი მისი ოჯახის წევრებს სახლიდან გაყრას უპირებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცზე შემაკავებელი ორდერი გაიცა და მას არასრულწლოვნის დედასთან ყოველგვარი კომუნიკაცია აეკრძალა.
მომხდარიდან ათი დღის შემდეგ, 1-ელ აპრილს, ზვიად მთავრიშვილი გურჯაანის საავადმყოფოში მოათავსეს. ის უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. გამოკვლევების შედეგად დადასტურდა, რომ მას ტრავმული სუბდურული სისხლჩაქცევა ჰქონდა. იმავე დღეს, ის თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 15 აპრილს გარდაიცვალა.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემულ ცნობაში აღნიშნულია, რომ ზვიად მთავრიშვილს დაუდგინდა „კომა, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, მარცხენა დიდი ჰემისფეროს ტრავმული სუბდურული ჰემატომა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, შუამდებარე სტრუქტურების ცდომით, სუნთქვის მწვავე უკმარისობა“.
ოჯახის წევრებისა და ნათესავების მტკიცებით, ვიდრე ზვიად მთავრიშვილი კომაში ჩავარდებოდა, მათ უამბო, რომ 22 მარტს, დაკავების შემდეგ პოლიციელებმა ხელები შეუკრეს და თავში სასტიკად სცემეს.
„სახლში დაბრუნებისას უჩიოდა თავის ტკივილს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მეორე დღიდანვე გაუარესდა. დაეწყო მეხსიერებასთან დაკავშირებით პრობლემები. ექიმთან არ მიდიოდა. 1-ელ აპრილს, გონება რომ დაკარგა, საავადმყოფოში მაშინ გადავიყვანეთ“, - იხსენებს გარდაცვლილის და.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთავრიშვილის გარდაცვალებისთანავე უარყო არაადამიანური მოპყრობისა და წამების შესახებ ბრალდება. სამინისტრომ განაცხადა, რომ დაათვალიერეს კაჭრეთის პოლიციის განყოფილებაში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, გამოკითხეს პოლიციელები, რომლებსაც ზვიად მთავრიშვილთან უშუალო შეხება ჰქონდათ, თუმცა რაიმე სახის ძალადობა ან შეურაცხყოფა არ დადასტურდა.
ზვიად მთავრიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება კახეთის საოლქო პროკურატურამ დაიწყო, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც ძალადობით ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
გარდაცვლილის და დაზარალებულად 2 წლის შემდეგ ცნეს, გამოძიება კი მომხდარიდან სამი წლის თავზეც არ არის დასრულებული.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საგამოძიებო ორგანომ დღემდე ვერ უზრუნველყო შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება, ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები კი მთელი რიგი ხარვეზებით ხასიათდება. სტასბურგის სასამართლოში წარდგენილ საჩივარში საია დავობს, რომ სახელმწიფომ არა მხოლოდ დაარღვია საქმეზე ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიების ჩატარების ვალდებულება, არამედ ზვიად მთავრიშვილის გარდაცვალება, სავარაუდოდ, სწორედ სახელმწიფოს მოხელეთა – პოლიციის თანამშრომელთა ქმედებების პირდაპირი შედეგია.