1,4 მლნ ადამიანია დღეს დასაქმებული, ისტორიული რეკორდია 90-იანი წლების შემდეგ - პრემიერი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ამ საკითხთან დაკავშირებითაც ხშირად გვესმის ხოლმე ჩვენ სპეკულაციები. მაგალითისათვის ავიღოთ უმუშევრობის მაჩვენებელი - რომ შევადაროთ ამ წლის პირველი კვარტალი წინა წლის პირველ კვარტალს, 4 პროცენტული პუნქტით შემცირდა უმუშევრობა საქართველოში და შეადგინა 14%, 18%-დან შემცირდა 14%-მდე. დამატებით დასაქმდა 130 000 ადამიანი და რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს დასაქმების კუთხით. 1,4 მლნ ადამიანია დღეს საქართველოში დასაქმებული, რაც არის ისტორიული რეკორდი 90-იანი წლების შემდეგ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„რაც შეეხება სიღარიბეს, მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 30%, შესაბამისად, 1,1 მლნ-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. 2023 წლის მონაცემები გამოაქვეყნა საქსტატმა და სიღარიბე არის შემცირებულ 11,8%-მდე, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს საქართველოში 435 000 ადამიანი. ესეც ჩვენთვის არის, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელი მაჩვენებელი. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, როგორც უკვე ვთქვი, სიღარიბის საბოლოოდ აღმოფხვრა, მაგრამ ასევე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ 1,1 მლნ ადამიანიდან სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა 435 000 ადამიანამდე ჩვენი ხელისუფლების პირობებში.

აქ მახსოვს ერთ-ერთი ოპოზიციონერი გამოდიოდა და საუბრობდა ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებზე, რომელიც პროგნოზირებდა, თუ არ ვცდები, წელიწადში საშუალოდ სიღარიბის 0,8 პროცენტული პუნქტით შემცირებას, ამ პროგნოზის საპირისპიროდ, საქართველოში 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა მარტო შარშან სიღარიბე.

წელსაც გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, აქედან გამომდინარე,

წელსაც ათი ათასობით ადამიანი დაძლევს სიღარიბეს და მაღალი ალბათობით 2024 წელს უკვე ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდება სიღარიბის კუთხით. მთლიანობაში შეგახსენებთ, რომ 700 000-მდე მოქალაქემ დაძლია სიღარიბე 2012 წლიდან დღემდე,

რაც არის მნიშვნელოვანი მიღწევა, თუმცა ჩვენი საბოლოო ეროვნული ამოცანაა სიღარიბის საბოლოოდ განულება“, -  განაცხადა პრემიერმა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2012 წელს საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისთვის განკუთვნილ საარსებო შემწეობას (ფულად დახმარებას) 501 445 ადამიანი იღებდა (163 183 ოჯახი).

2021 წლისთვის საარსებო შემწეობას იღებდა 643 167 ადამიანი (174 379 ოჯახი);

2022 წლის 17 დეკემბერს მთავრობამ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა და საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვე-პროგრამა დაამტკიცა.

ამ პროგრამის დამტკიცების შემდეგ, 2022 წლის დეკემბერში, სოციალური მომსახურების სააგენტომ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და პირების სტატისტიკური ფორმები შეცვალა და პირდაპირ აღარ წერს, რამდენი ოჯახია სიღარიბის ზღვარს მიღმა, თუმცა 2022 წლის დეკემბრის შეჯამებული მონაცემებით, საარსებო შემწეობას იღებდა 670 551 პირი (179 575 ოჯახი).

2024 წლის მაისის მონაცემებით, დახმარებას იღებს 667 528 ადამიანი და აქედან 222 482 პირს  საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 4 წლიანი ჯავშანი აქვს, ანუ მათ ამ პროგრამაში ჩართვის გამო, 4 წლის განმავლობაში გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ სოციალურად დაუცველის სტატუსი.

ჯანდაცვის სამინისტროდან მოპოვებული ინფორმაციით, 2023 წლის 12 დეკემბრის მდგომარეობით, ამ პროგრამის ფარგლებში ჯამში დასაქმებულად მიიჩნეოდა 32 923 სოციალურად დაუცველი ადამიანი, აქედან 86% ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და მათ დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში.

„საქართველოს ამბებმა“ ჯანდაცვის სამინისტროდან ამ პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური საჯარო ინფორმაცია ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში მოითხოვა. სამინისტრო მალავს საჯარო ინფორმაციას, რის გამოც „საქართველოს ამბებმა“ სახელმწიფო უწყების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).