„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოში ჩინეთის მზარდ გავლენაზე კვლევას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ ყოფნისას საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ჩინეთთან მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 4 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 5 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 6 გაჩხრიკეს ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის და კიდევ რამდენიმე აქტივისტის სახლები
ჩინეთის მოქალაქეებმა საქართველოში 1893 კომპანია დაარეგისტრირეს, რაც 4-ჯერ მეტია, ვიდრე 2013 წლამდე იყო რეგისტრირებული.
2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის - 291 ახალი ჩინური კომპანია დარეგისტრირდა.
2003 - 2012 წლებთან შედარებით ჩინეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 5-ჯერ გაიზარდა და 600 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა პიკს 2014 წელს მიაღწია და მას შემდეგ შემცირდა.
2012 წლის შემდეგ ჩინეთთან წლიური სავაჭრო ბრუნვა 3-ჯერ გაიზარდა და 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2024 წელს ჩინეთი იყო საქართველოს სიდიდით მეოთხე სავაჭრო პარტნიორი, რომელიც საქართველოს მთლიანი ვაჭრობის 8.2%-ს შეადგენდა.
2024 წელს ჩინეთს და საქართველოს შორის ტურისტული ვიზები გაუქმდა, რის შედეგადაც ჩინეთიდან საქართველოში ვიზიტები 83%-ით გაიზარდა და 89 ათასს მიაღწია. ასევე, შესამჩნევად გაიზარდა ჩინეთის ავიახაზების ფრენები საქართველოში.
საქართველოში არაერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ჩინური კომპანიების, მათ შორის სახელმწიფო საწარმოების მიერ ხორციელდება. ანაკლიის პორტის პროექტის გარდა, ჩინური მხარე ვაზიანში, სადაც ბოლო პერიოდამდე ნატოს სამხედრო სწავლებები ტარდებოდა, ახალი აეროპორტის განვითარებით დაინტერესდა. ჩინეთის ელჩის თქმით, პროექტისადმი ინტერესი არაერთმა ჩინურმა კომპანიამ გამოიჩინა.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ჩინურ კომპანიებთან თანამშრომლობაზეც, რომლებიც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ერთ-ერთ ასეთ მაგალითად ჩინეთის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული China Communications Construction Company Limited (CCCC) მოჰყავს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ანაკლიის პორტის აშენებისთვის შეარჩია. ამ კომპანიას 2021 წლის ივნისიდან აშშ-ის მხრიდან შეზღუდვები აქვს დაწესებული. ის აშშ-ის ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) კონსოლიდირებული სანქციების (Non-SDN) სიაშია შეყვანილი ჩინური სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ნაწილად ყოფნის გამო.
2020 წელს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ: „CCCC და მისი შვილობილი კომპანიები ჩართულნი არიან კორუფციაში, მტაცებლური დაფინანსებით, გარემოს განადგურებით და სხვა დარღვევებით მთელ მსოფლიოში... ჩინეთს არ უნდა მიეცეს საშუალება, გამოიყენოს CCCC და სხვა სახელმწიფო საწარმოები, როგორც იარაღი ექსპანსიონისტური დღის წესრიგის დასაწესებლად”.
კიდევ ერთი კომპანია China Railway 23rd Bureau Group საქართველოში ავტომაგისტრალების მშენებლობაშია ჩართული. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ის China Railway Construction Corporation-ის (CRCC) შვილობილი კომპანიაა. China Railway Construction Corporation შედის აშშ-ს ხაზინის NS-CMIC სიაში, რაც მას საინვესტიციო აკრძალვებს უწესებს. 2020 წელს, შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა CRCC ჩინურ სამხედრო კომპანიად ჩათვალა.
ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა ბიძინა ივანიშვილის კავშირებს ჩინეთთან.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს და მის ბიზნეს პარტნიორს, ივანე ჩხარტიშვილს, ასევე, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პირადი საქმიანი კავშირები აქვთ კიდევ ერთ პრობლემურ ჩინურ კომპანიასთან CEFC China Energy-სთან.
CEFC China Energy შპს „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ 75%-ს ფლობს. ბიძინა ივანიშვილი და ივანე ჩხარტიშვილი ფლობენ კომპანიის 50%-ს, რომელიც მართავს CEFC China Energy-ის 75%-იან წილს.
2017 წელს ნიუ-იორკში CEFC-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პატრიკ ჰო დააკავეს. მას ბრალი წაუყენეს აფრიკის ქვეყნებში ოფიციალური პირების მოსყიდვაში, რათა ხელი შეეწყოთ ჩინური კომპანიის ინტერესებისთვის. CEFC ასევე დაადანაშაულეს იარაღით ვაჭრობაში და ირანისთვის დაწესებული სანქციების თავიდან არიდებაში. იმ დროს, როდესაც CEFC უკვე ჩართული იყო საერთაშორისო კორუფციულ სკანდალებში, 2018 წლის თებერვალში, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად დაინიშნა.
ივანე ჩხარტიშვილი, რომელიც არის 2016 წელს დაარსებული საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური და კულტურული განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ჩართული იყო CEFC-ის საქართველოში შესვლის შესახებ მოლაპარაკებებში. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ და საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური და კულტურული განვითარების ცენტრმა ერთობლივად დააარსეს საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაცია და 2016 წლის 18 ოქტომბერს საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს CEFC China Energy-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯიანჯუნ ზანგი.
ანგარიშის თანახმად, საქართველოში მოქმედი ტოპ 10 ჩინური კომპანიის უმრავლესობა ჩართულია ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორიცაა მაგისტრალების, გზებისა და ხიდების მშენებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
კვლევა ყურადღებას ამახვილებს ჩინურ სათვალთვალო სისტემებზეც: „საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებების დაახლოებით 70-80% აღჭურვილია ჩინური წარმოების სათვალთვალო კამერებით. ამ კამერების უმეტესი ნაწილი, რომელიც მუშაობს სახელმწიფო კონტროლის ქვეშ, წარმოებულია სანქცირებული ჩინური კომპანიების მიერ: Hikvision და Dahua Technology. გარდა ამისა, თბილისის მერია იყენებს ჩინეთის მიერ შემუშავებულ პროგრამულ უზრუნველყოფას (HikCentral) სათვალთვალო სისტემების მართვისა და მხარდაჭერისთვის.
შესყიდვების კუთხით, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველაზე მეტი დახარჯა ჩინურ სათვალთვალო აღჭურვილობაზე, დანახარჯმა ჯამში დაახლოებით 630,000 აშშ დოლარი შეადგინა.
2024 წლის ოქტომბერში ჩინეთის მთავრობამ საქართველოს საბაჟო შემოწმების სისტემები უსასყიდლოდ გადასცა. აღჭურვილობა ჩინურმა კომპანია Nuctech-მა მიაწოდა. 2020 წელს შეერთებულმა შტატებმა Nuctech (Tongfang NucTech Technology Ltd.) მრეწველობის ბიუროსა და უსაფრთხოების სუბიექტების სიაში დაამატა ეროვნული უსაფრთხოების პრობლემების მოტივით“.
