ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვის, ჩეხეთის, ნიდერლანდების, პოლონეთისა და საფრანგეთის პარლამენტების თავმჯდომარეები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის გაუქმებისკენ მოუწოდებენ. პაპუაშვილისთვის გაგზავნილ წერილში ისინი ხაზს უსვამენ, რომ კანონის სულისკვეთება და შინაარსი შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან, არსებული ფორმით, ის მიზნად ისახავს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაჩუმებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 2 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 3 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 4 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველოში ჩამოვარდა C130 თვითმფრინავი
წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ შეშფოთებულნი არიან საქართველოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებებით.
„თქვენი ქმედებები ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებითაც ვალდებული ხართ იხელმძღვანელოთ და რომლებიც თქვენი ევროპული მისწრაფებების საფუძველია.
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის სულისკვეთება და შინაარსი შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან. არსებული ფორმით კანონი ცდილობს გააჩუმოს მედია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიულ საზოგადოებაში და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს დასახმარებლად.
ჩვენ მოგიწოდებთ, გაიწვიოთ ეს კანონი და ჩაერთოთ შინაარსობრივ და ინკლუზიურ დიალოგში სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან. ჩვენ ასევე მოგიწოდებთ, პატივი სცეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს ხალხის შეკრების უფლების დაცვით და შეწყვიტოთ ძალადობა და დაშინება მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ.
გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოსა და მისი ხალხის სუვერენული არჩევანია, როგორც ეს იყო ჩვენთვის, რომლებიც ევროკავშირს 20 წლის წინ შევუერთდით. ეს გზა არც გარანტირებული იყო და არც მარტივი. ეს შესაძლებელი გახადა მეგობრების ურყევმა ერთგულებამ და მხარდაჭერამ.
20 წლის შემდეგ საქართველოც იმავე გზაზე დგას. ჩვენი სახით მეგობრები გყავთ. ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ საქართველო არ შეყოყმანდება თავის ვალდებულებაში, გამოიყენოს შესაძლებლობების ისტორიული ფანჯარა საქართველოს ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობის, ასევე, თავისუფლებებისა და ღირებულებების საერთო სივრცეში მისაყვანად. ჩვენ გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის და მზად ვართ დაგეხმაროთ“, - აღნიშნავენ პარლამენტების თავმჯდომარეები წერილში, რომელიც 24 მაისით არის დათარიღებული.
27 მაისს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლია და კანონპროექტი მესამე მოსმენით მიღებული რედაქციით დაამტკიცა. 28 მაისს, საკითხს კენჭი პლენარულ სხდომაზე ეყრება. „ქართული ოცნება“ არ აპირებს კანონის უკან გაწვევის შესახებ არც ვენეციის კომისიის მტკიცე რეკომენდაციის და არც საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების გათვალისწინებას.
