4-ჯერ წერილობითი განცხადებით მიმართვა, მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის არგაცემის გამო 3 ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა, საჩივრის განუხილველობის შემდეგ სასამართლოში 3 სარჩელის შეტანა, ბაჟის სახით 300 ლარის გადახდა, სასამართლო პროცესებში მონაწილეობა და მტკიცება - ჯამში 8 თვე დაგვჭირდა იმისთვის, დაგვეზუსტებინა, რომ ალავერდის საკათედრო ტაძართან ახლოს, ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში, კომპანია „ბადაგონის“ და ალავერდის ეპარქიის მიერ დაწყებული სასტუმროს მშენებლობა უკანონოა. დოკუმენტების მოსაპოვებლად დაწყებული დავის პერიოდში მღვდელმთავარი და მისი პარტნიორი ბიზნესმენი იძულებული გახდნენ, მშენებლობა შეეჩერებინათ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ვიდრე სასამართლოს არ მივმართეთ სარჩელით, დაევალდებულებინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მოეწოდებინა საჯარო ინფორმაცია - ვინ იყიდა ლიცენზია და ვის გადაეცა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად, მანამდე ვერც ეს ინფორმაცია მოვიპოვეთ სახელმწიფო ქონების და გარემოს ეროვნულ სააგენტოებში არაერთი წერილის გაგზავნის მიუხედავად. რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორისთვის - დავით ხიდაშელისთვის, ნახევარი საუკუნით რაჭის ტყის მესამედის გადაცემაზე ხელისუფლების მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას რომ გავეცნოთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მეორე სარჩელიც გვაქვს შეტანილი. მოსამართლე ნანა აფციაურმა სარჩელის წარმოებაში მიღებისთანავე, საქმის განხილვის ვადა 5 თვით გააგრძელა. წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეებს სასამართლოები განცხადების მიღებიდან 2 თვეში უნდა განიხილავდნენ, განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებზე კი ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 5 თვისა. 14 ივნისით დათარიღებულ განჩინებაში ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი, რატომ არის ეს საქმე განსაკუთრებით რთული. ამ განჩინებიდან უკვე 5 თვეც გავიდა და მოსამართლეს პირველი, მოსამზადებელი სხდომაც არ დაუნიშნავს.
საქმის განხილვის ვადა 5 თვემდე ვადით ავტომატურად გააგრძელა მოსამართლე ლელა მილდენბერგერმაც - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინააღმდეგ წარდგენილ სარჩელზე. მოსამართლემ არც ამ შემთხვევაში განმარტა, რაში მდგომარეობს საქმის განსაკუთრებული სირთულე. არადა, ვითხოვთ, ეკონომიკის სამინისტროს დაევალოს, მოგვაწოდოს საჯარო ინფორმაცია - რა ცვლილებები შევიდა რუსულ კომპანია „ინტერ რაოსა“ და საქართველოს მთავრობას შორის, „ხრამიჰესი 1“ და „ხრამიჰესი 2“ წილების პრივატიზების შესახებ დადებულ ხელშეკრულებაში და კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, რა პასუხისმგებლობა დაეკისრა რუსულ კომპანიას.
წელს, სხვადასხვა საჯარო დაწესებულებას 400-მდე განცხადებით მივმართეთ. დაახლოებით 8% შემთხვევაში საჯარო ინფორმაცია კანონით დადგენილ ვადებში, სრულად მივიღეთ, მაქსიმალური ვადის გადაცდენით და უმეტეს შემთხვევაში არასრულყოფილად მოწოდების მაჩვენებელი დაახლოებით 24%-ია.
ადგილობრივი თვითმმართველობისა და ცენტრალური ხელისუფლების ორგანოები საჯარო ინფორმაციის გასაცემად, ძირითადად, 10 დღიან ვადას იყენებენ, მაშინაც კი, როცა განმცხადებლისთვისნ მოთხოვნილი ინფორმაციის მისაწოდებლად, ერთი დოკუმენტის ასლის გადაღებაა საჭირო, რომელიც იქვე აქვთ და ძებნაც არ სჭირდება.
საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლი ადგენს - საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს: სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას; მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას; სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.
კოდექსი საჯარო დაწესებულებას ავალდებულებს, თუ მოთხოვნილი ინფორმაციის გასაცემად 10 დღეა საჭირო, განმცხადებელს ამის შესახებ მყისიერად აცნობოს. 400-მდე განცხადებიდან ეს მოთხოვნა მხოლოდ 14 შემთხვევაში შეასრულეს.
კანონმდებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განსაზღვროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი. უწყებებს ასეთი პირები კი ჰყავთ, მაგრამ ისინი ვერ იღებენ ინფორმაციის გაცემის გადაწყვეტილებას ხელმძღვანელებთან შეთანხმების გარეშე, მითუმეტეს მედიის მიერ მოთხოვნილ აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე.
საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას ართულებს არაერთ უწყებაში დანერგილი პრაქტიკაც, როცა უარის თქმის მიზეზად უთითებენ, რომ მონაცემებს ამ კუთხით არ ამუშავებენ.
29 ივლისს, გუდაურში, სამაშველო ოპერაციის ჩასატარებლად გასული სასაზღვრო პოლიციის შვეულფრენის ჩამოვარდნისა და 8 ადამიანის დაღუპვის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მთელს საქართველოში პარაპლანით ფრენა აკრძალა.
„რაც შეეხება პარაპლანით ფრენებს, დიდი პრობლემაა ნამდვილად, გიდასტურებთ. არაერთხელ მოხდა, თითქმის კვირა არ გავა, რომ სამაშველო ოპერაცია არ გახდეს საჭირო. არის გარდაცვალების ფაქტებიც... უნდა ვიმუშაოთ ამაზე, რეგულაციები გამკაცრდეს ან საერთოდ აიკრძალოს. პარაპლანების ჩამოვარდნა აქ ხშირად ხდება. ქარია, ხეობებია, ან არ არიან პროფესიონალები. ეს ლიცენზია როგორ გაიცემა, საინტერესოა ყველაფერი და ამას აუცილებლად ჩავყვებით. სანამ დამთავრდება, ამ დღეების განმავლობაში, ჩემი აზრით, ყველანაირი პარაპლანით ფრენა უნდა გაჩერდეს და შესწავლის შემდეგ ლიცენზია იმ ადამიანებზე გაიცეს, ვინც ნამდვილად პროფესიონალია“ - მინისტრის ამ განცხადების შემდეგ, „საქართველოს ამბებმა“ სამინისტროდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია - 2013 წლის 1-ელი იანვრიდან, პარაპლანით ფრენისას მომხდარ შემთხვევებზე, გადაუდებელი დახმარების გაწევის მიზნით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში 112, სულ რამდენი შეტყობინებაა რეგისტრირებული წლებისა და საქართველოს რეგიონების მიხედვით; თითოეულ შეტყობინებაზე რა სახის რეაგირება განხორციელდა და რამდენ შემთხვევაში გახდა აუცილებელი სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენების ჩართვა; თითოეულ შემთხვევაზე დაიწყო თუ არა გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით/მუხლებით; დასრულდა თუ არა გამოძიება, რა შედეგით (რამდენი პირი იქნა მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში, რამდენი პირი იქნა დაკავებული და რომელ შემთხვევებზე). სამინისტრომ ეს ინფორმაცია არ მოგვაწოდა და მოგვწერა, რომ მონაცემებს ამ კუთხით არ ამუშავებს.
400 განცხადებიდან 106-ზე საჯარო ინფორმაცია საერთოდ ვერ მივიღეთ, მათ შორის, ვერც მაქსიმალურ ვადაში, რის გამოც სხვადასხვა საჯარო დაწესებულებას 75 ადმინისტრაციული საჩივრით მივმართეთ. საჩივრების წარდგენის შემდეგ 54-მა უწყებამ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია მოგვაწოდა. საჩივრებს განუხილველს ტოვებენ თვითმმართველობის და ცენტრალური ხელისუფლების ორგანოები. 75-დან მხოლოდ ერთი საჩივარია განხილული - დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ.
ადმინისტრაციულ საჩივრებზე საერთოდ არ რეაგირებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, რომელიც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე გაუმჭვირვალე უწყებაა.
მთავრობის ადმინისტრაციამ არ მოგვაწოდა სამართლებრივი აქტები, რომლებიც ადგენს ადმინისტრაციის შენობაში მედიის წარმომადგენლების დაშვებისა და მუშაობის წესებს, მათ შორის, მთავრობის სხდომამდე ან სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის წევრების ან სხვა თანამდებობის პირთა ბრიფინგებზე მედიის წარმომადგენლების დასწრებასა და მუშაობას. მთავრობის ადმინისტრაციიდან ვერ მივიღეთ ვერც ის განკარგულებები, რომლებიც მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული არ არის და რომლითაც სხვადასხვა სუბიექტს ქონება სიმბოლურ ფასად გადაეცა.
მიუხედავად იმისა, რომ საჯარო დაწესებულებები ადმინისტრაციულ საჩივრებს არ იხილავენ, მოქმედი კანონმდებლობით, სასამართლოს ვერ მივმართავთ, თუ მანამდე ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას არ გამოვიყენებთ (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.5 მუხლი). წარდგენის შემდეგ საჩივრის განხილვას სულ მცირე ერთი თვე ველოდებით. ხშირად, მოთხოვნილი ინფორმაცია აქტუალობასაც კარგავს, ამიტომ, სასამართლოს მხოლოდ 13 შემთხვევაში მივმართეთ.
საქმის განხილვის ვადას 5 თვემდე ახანგრძლივებენ რაიონული სასამართლოებიც. ახმეტის, საგარეჯოს, წალკის, ბოლნისის მერიებიდან და საკრებულოებიდან ორი თვის განმავლობაში ვერ მივიღეთ საჯარო ინფორმაცია - ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ ყოფნის პერიოდში მერზე, საკრებულოს თავმჯდომარესა და თვითმმართველობის ორგანოების სხვა თანამდებობის პირებზე რა ოდენობის თანხა იქნა გაცემული ხელფასის, პრემიის ან დანამატის სახით. ასეთ მარტივ საკითხზეც კი, სადაც სულ რამდენიმე მტკიცებულებაა გამოსაკვლევი და განხილვას მაქსიმუმ 30 წუთი სჭირდება, მოსამართლეები საქმის განხილვის 5 თვემდე გაგრძელების ბერკეტს დაუსაბუთებლად იყენებენ.
ჩვენს პრაქტიკაში ერთადერთი გამონაკლისი სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილია. მან განხილვის ვადა 5 თვით არ გააგრძელა და მოპასუხეს დაავალა, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღეში სასამართლოს წარუდგინოს ადმინისტრაციული წარმოების მასალები.
საჯარო ინფორმაციაზე უკიდურესად გაუარესებული ხელმისაწვდომობა, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები კრიტიკულ მედიასთან კომენტარებს არ აკეთებენ, ჟურნალისტებს მცდარი ინფორმაციის გავრცელების რისკის წინაშე აყენებს.
საჯარო ინფორმაციის არგაცემის დროს, შეგვიძლია სახალხო დამცველსაც მივმართოთ, რომელიც თავისი მანდატის ფარგლებში საკითხს შეისწავლის და ადმინისტრაციულ ორგანოს რეკომენდაციით მიმართავს. სახალხო დამცველის აპარატიც განცხადებების შესწავლას რამდენიმე თვეს ანდომებს. ადმინისტრაციულ ორგანოს ომბუდსმენის რეკომენდაციის გათვალისწინების ვალდებულება არ აქვს.
ყოველი წლის 10 დეკემბერს, საჯარო დაწესებულებები ვალდებულები არიან საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს წარუდგინონ, აგრეთვე „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოაქვეყნონ ანგარიში - წლის განმავლობაში რამდენი განაცხადება მიიღეს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, რამდენი გასცეს და რამდენის გაცემაზე თქვეს უარი; რამდენი გადაწყვეტილება გაასაჩივრეს განმცხადებლებმა და ა.შ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე პარლამენტის ბიუროს წარუდგენს ერთიან დასკვნას საჯარო დაწესებულებების მიერ პარლამენტისათვის წარდგენილი ანგარიშების შესახებ.
გასული წლის 26 ივლისს, აღნიშნული კომიტეტის ბაზაზე თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა. 2022 წლის 19 აპრილს ჯგუფმა გასცა რეკომენდაციები, რომელთა უმეტესობის ადრესატიც პარლამენტია. დასკვნის მიხედვით, არსებითად მნიშვნელოვანია საჯარო დაწესებულებების მიერ წარსადგენი ანგარიშების სრულყოფა და მისი შინაარსის დეტალურად გაწერა, ანგარიშვალდებული დაწესებულებების ნუსხის შემუშავება, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დადგენა ანგარიშის წარუდგენლობისთვის.
ბოლნისის, ახალქალაქის, ლენტეხის, შუახევის, მესტიის, ნინოწმინდის, ზესტაფონის, ქობულეთის, ოზურგეთის, ბორჯომისა და კასპის მერიებს, ასევე, შუახევის, ბოლნისის, ყაზბეგის, მესტიის საკრებულოებს, მეცნიერებათა აკადემიას და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების სააგენტოს, 2021 წელს, პარლამენტისთვის, 10 დეკემბრის ანგარიშები საერთოდ არ წარუდგენიათ.
დარღვევებზე ზედამხედველობის დამოუკიდებელი და ეფექტური მექანიზმის სახით ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერის ინსტიტუტის შემოღებას ითვალისწინებს „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, 2014 წელს მომზადდა. მთავრობას კანონპროექტი პარლამენტში 2015 წელს უნდა წარედგინა, თუმცა ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ეს ვალდებულება დღემდე შეუსრულებელია.