83 წლის ადამიანს რომ ასე მოექცევი, არაა ყველაზე საამაყო, რაც შეიძლება გააკეთო - სახალხო დამცველი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ახლად არჩეული პრეზიდენტის, როინ მეტრეველის შესახებ მომზადებული სიუჟეტის გამო ჟურნალისტს აკრიტიკებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„83 წლის ადამიანს რომ ასე მოექცევი, არ არის ყველაზე საამაყო, რაც შეიძლება გააკეთო. სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია“, - დაწერა Facebook-ზე იოსელიანმა.

სიუჟეტი, რომელსაც სახალხო დამცველი გამოეხმაურა, ჟურნალისტმა ბექა ყორშიამ მოამზადა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში 11 ივნისს გავიდა. ჟურნალისტი როინ მეტრეველს ტელეფონით დაუკავშირდა, გაეცნო როგორც პრემიერ-მინისტრის აპარატის მრჩეველი და ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება სთხოვა, რაზეც მეტრეველმა უპასუხა, რომ პრემიერს „100%-იანი მხარდაჭერა ექნება“.

ამონარიდი სატელეფონო ინტერვიუდან:

„ჟურნალისტი (გამოგონილი სახელითა და გვარით - „აკა მამაცაშვილი“): „აკა მამაცაშვილი გიკავშირდებით პრემიერის აპარატის მრჩეველი. ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჯაველიძემ მთხოვა თქვენთან დაკავშირება. პირველ რიგში, გილოცავთ ასეთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე დანიშვნას. ვინ, თუ არა თქვენ. მოკლედ, რაზე გაწუხებთ: ბატონო როინ, ამ დღეებში არაფორმალურ გარემოში შევხვდით ბატონ ირაკლის და ხუმრობა ხუმრობაში ასეთი იდეა დაიბადა... თავიდან ცოტა იუხერხულა ბატონმა ირაკლიმ... მოგეხსნებათ, საჯაროდ ცოტა სხვანაირად ჩანს, მაგრამ თავმდაბალი კაცია და მუშაობს ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვან ნაშრომზე. მე არც ვიცოდი ეს ავტორი - ედმუნდ ბურკი, თქვენ გეცოდინებათ, კონსერვატიზმზე... მოკლედ, როცა დროს გამონახავს, თუ აქვს საერთოდ, ამ თემებზე მუშაობს და ასეთი თხოვნა გვაქვს, აკადემიკოსის სტატუსი რომ მივანიჭოთ, რამდენად იქნება შესაძლებელი?

როინ მეტრეველი: ბურკს?

ჟურნალისტი: არა ბურკს, არა. ბატონ ირაკლის რომ მივანიჭოთ. ძალიან გამოადგებოდა კონფერენციებზე რომ ჩადის. რამდენად შესაძლებელი იქნება? თან ეს არ გახმაურდება. მხოლოდ ვიწრო წრეში იქნება და არავის ეცოდინება, მით უმეტეს მედიებს, თორემ, მერე დაიწყებენ ამ თემაზე ღლიცინს. რამდენად იქნება ეს შესაძლებელი?

როინ მეტრეველი: ჩათვალეთ, რომ ეგ შეიძლება გავაკეთოთ ბატონი ირაკლისთვის. მინდა საერთოდ იცოდეთ თქვენც, ჯაველიძესაც უთხარით და ბატონ ირაკლისთან მე მქონდა ლაპარაკი, რომ აკადემია სრულფასოვნად უჭერს მას მხარს, სრულფასოვნად და ყველაფერზე მზად ვართ. ოღონდ, მეორე, რაც თქვენ თქვით, იმაზე ვიფიქროთ ჩვენ: მაგისი არ გახმაურება ცოტა ძნელია.

ჟურნალისტი: ცოტა ძნელია, ხომ იცით, ეს ოპოზიციური მედიები ჩასაფრებულები არიან...

როინ მეტრეველი: პრინციპში, იქნებ ბატონმა ირაკლიმაც იფიქროს, მეც ვიფიქრებ მაგაზე. ახლა, რაკი თქვენ დამირეკეთ, იქნებ ბატონ რეზოსაც [რევაზ ჯაველიძე] უთხრათ, რომ... მე ჯერ კიდევ დღეს შევუდექი მუშაობას, დიდი მადლობა, რომ მომილოცეთ. მომავალ კვირაში თუ გამონახავს დროს, 5 წუთს, უბრალოდ დაფიქსირდეს, რომ მიიღო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ბატონმა ირაკლიმ... საქმისთვის საჭიროა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მიიღოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. ერთი რამე იცოდეთ, რომ ბატონი ირაკლის მხარდაჭერა იქნება ჩვენთან 100%-იანი. მე ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ, ერთი რამ იცოდეთ, აი, მეორე ნაწილზე ცოტა ვიფიქროთ, როგორ ჯობია. როგორც თქვენ იტყვით, ისე გავაკეთოთ, პრობლემა არ მაქვს არავითარი მაგის. იცით რისი მეშინია, რომ დათვური სამსახური არ გავუწიოთ. თქვენ ჩათვალეთ, რომ აკადემია არის თქვენთან. თქვენც იფიქრეთ და მეც ვიფიქრებ. მე ბატონ რეზოსაც შევხვდები და ვეტყვი იმასაც, რომ იმანაც იფიქროს. შეგიძლიათ, ყველა დონეზე მათ გადასცეთ, რომ აკადემია უპირობოდ არის მთავრობის და ხელისუფლების გვერდით“.

როინ მეტრეველმა აღნიშნული თანამდებობა 5 წლის ვადით დაიკავა. „საერთო კრებაზე ხმათა უმრავლესობით აკადემიის პრეზიდენტად არჩეულ იქნა გამოჩენილი მეცნიერი, ისტორიკოსი, თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე, განათლებისა და მეცნიერების სფეროში უბადლო ორგანიზატორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი როინ მეტრეველი“, - ნათქვამია აკადემიის მიერ 7 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

ისტორიკოსი როინ მეტრეველი საბჭოთა კავშირის დროს, 1960-1972 წლებში, კომკავშირულ და პარტიულ მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. 1972-1986 წლებში იყო ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორის მოადგილე, 1986-1989 წლებში - თბილისის ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი,1990-1991 წლებში - საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკიდან „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“, 1991-2004 წლებში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. როინ მეტრეველი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად 1993 წელს აირჩიეს.

საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტად 70 წელს გადაცილებულ პირთა არჩევის აკრძალვა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).