ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტ მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლება უკანონო იყო. გადაწყვეტილება მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა მიიღო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, რომელიც სასამართლოში რეხვიაშვილის ინტერესებს იცავდა, აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი პრეცედენტია და განამტკიცებს შრომითი უფლებების დაცვის, გამოხატვის თავისუფლების და ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობას.
„სასამართლომ გაიზიარა ჩვენი არგუმენტაცია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არღვევდა მალხაზ რეხვიაშვილის შრომით უფლებებს და მის გამოხატვის თავისუფლებას, გათავისუფლების ერთადერთი მიზეზი კი - მის მიერ პირად სოციალურ ქსელში საჯაროდ გამოხატული კრიტიკული მოსაზრებები, სრულად დაცული იყო გამოხატვის თავისუფლებით, არ არსებობდა ამ უფლების შეზღუდვის საფუძვლები“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურში აღდგენის მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა, რადგან გადაცემა „ჰეშთეგი“, რომელიც მას მიჰყავდა, რამდენიმე თვის წინ დაიხურა. სასამართლომ თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობის საკომპენსაციოდ, აჭარის ტელევიზიას მოსარჩელისთვის 5000 ლარის გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილების ამ ნაწილის გასაჩივრების საკითხზე მოსარჩელე და მისი ინტერესების დამცველები მოსამართლის დასაბუთების გაცნობის შემდეგ იმსჯელებენ. თავად რეხვიაშვილი მიიჩნევს, რომ კომპენსაციის თანხა უსამართლოდ დაბალია.
„ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, მე არ გავასაჩივრებ. ჩემი მიზანი, რომ დამემტკიცებინა, ტყუილად გამომიშვეს, მიღწეულია. ახლა ასე ვფიქრობ. ჩემს დაუღალავ და შესანიშნავ იურისტებთან საუბარი წინ მაქვს“, - ამბობს ჟურნალისტი.
გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი და მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილი სამსახურიდან 2020 წლის 11 მაისს, მაშინდელი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს. გათავისუფლების საბაბი Facebook-ში გამოქვეყნებული პოსტი გახდა, რომლითაც რეხვიაშვილი ეთერიდან მოხსნილ კოლეგას მხადაჭერას უცხადებდა და მაუწყებლის გადაწყვეტილებას აკრიტიკებდა. მალხაზ რეხვიაშვილმა დირექტორის ბრძანება სასამართლოში გაასაჩივრა. საქმე სახალხო დამცველმაც შეისწავლა და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა შრომითი უფლებების დარღვევას, რაც გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელმა და არაპროპორციულმა ჩარევამ გამოიწვია. სახალხო დამცველი აჭარის ტელევიზიის დირექტორს მიმართავდა რეკომენდაციით, თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ ბრძანება ბათილად ეცნო.
მას შემდეგ, რაც 2019 წლის ნოემბერში გიორგი კოხრეიძე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ დირექტორად აირჩია, მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა დაიწყო. არაერთი ჟურნალისტი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ზოგმა კი მაუწყებელი ზეწოლის შედეგად დატოვა. სასამართლომ ასევე უკანონოდ ცნო ახალი ამბების სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის გათავისუფლება. რამდენიმე სარჩელის განხილვა ჯერ დასრულებული არ არის.