ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა გენდერული კვოტირების გაუქმებას მხარი დაუჭირა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების წინააღმდეგობის ფონზე, გენდერული კვოტირების გაუქმებას მხარი დაუჭირა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სადავო კანონპროექტი მისმა ერთ-ერთმა ავტორმა, „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა წარადგინა, რომელმაც კვოტირების მექანიზმს „მავნე იდეა“ უწოდა და განაცხადა, რომ „პრივილეგიები“ უნდა გაუქმდეს.

„კვოტირება ხელოვნურად ითხოვს, რომ ქალები იყვნენ საარჩევნო სიაში. შინაარსობრივად, ჩემი აზრით, ეს არის შეურაცხმყოფელი წესი. პირველ რიგში, ის გულისხმობს, რომ ქალებს არ აქვთ საკმარისი უნარი და ცოდნა იმისთვის, რომ კაცებს კონკურენცია გაუწიონ და თანაბარ პირობებში, კვოტირების გარეშე, პოლიტიკაში წარმატებულ კარიერას ვერ მიაღწევენ. მეორე, ეს ეწინაღმდეგება ფაქტებს. იმის ნაცვლად, რომ ვიამაყოთ იმით, რომ რა რა და პოლიტაკაში ქალებს პრობლემა არ ჰქონიათ, ჩვენ მთელ საზოგადოებას ვუთხარით, რომ ქალებს ვჩაგრავთ. შეგახსენებთ, რომ მოქმედი პრეზიდენტი ქალია, ნინო ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო და პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა საპრეზიდენტო რესპუბლიკაში. მინისტრები, კომიტეტის თავმჯდომარეები, პარლამენტარები... ქალები ისედაც იყვენენ პოლიტიკაში კვოტირების გარეშე“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

„ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, კანონპროექტის მიღება „ქართული ოცნების“ ინტერესებშია და „გირჩი“ მას ეხმარება „ამ ძალიან ცუდი თამაშის თამაშში“. ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია ცდილობს, საარჩევნო სიაში ადგილი იპოვოს „ადგილობრივი ფეოდალი კაცებისთვის“, რომლებიც წინა საპარლამენტო არჩევნების დროს მაჟორიტარებად იყრიდნენ კენჭს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა უქმდება.

„ნათელია, რომ, რეალურად, მიზანია ადგლობრივი ფეოდალებისთვის გათავისუფლდეს ადგილი სიაში, სადაც ისინი სხვაგვარად უკვე ვეღარ ეტევიან. როგორც „ხალხის ძალას“ არ ჰქონდა წარმოდგენილი რუსული კანონი, ის „ქართული ოცნების“ იყო და მათი ხელით დარეგისტრირდა, ამ ტიპის სპექტაკლს ვუყურებთ დღესაც“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ყურადღება მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ქალების არჩევაზე გაამახვილა. მისი თქმით, რეგიონებში ქალებს უზარმაზარი პრობლემების გადალახვა უწევთ ოჯახსა და საზოგადოებაში.

„მეტ-ნაკლებად სერიოზული ადამიანები მეგონეთ და აღმოჩნდა, რომ უბრალოდ გარიგებული ადამიანები ხართ“, - მიმართა მან „გირჩის“ წევრებს.

„რეგიონებში, ადგილობრივ წარმომადგენლობებში ქალებს ხშირ შემთხვევაში პრობლემები ექმნებათ. ზოგს არა თუ საკრებულოში არჩევის, არამედ განათლების და მუშაობის უფლებაც არ აქვს. მინისტრებზე რომ საუბრობთ, რამდენი ქალი მინისტრია მთავრობაში? ორი მემგონი. გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ასევე კაცების გადაწყვეტილებით გახდა პრეზიდენტი“.

„დღეს რა მოხდა? რა პროგრესი გაქვთ? ქალთა მონაწილეობის რაიმე საზომი გაქვთ? გაიზარდა ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში? რა არგუმენტებით უჭერთ მხარს ამ კანონპროექტს?“, - მიმართა „ქართულ ოცნებას“ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ.

კომიტეტის სხდომას უფლებადამცველებიც ესწრებოდნენ. ორგანიზაცია „საფარის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაია პატარაიამ განაცხადა, რომ ზოგიერთ საკრებულოში ქალი დეპუტატები მხოლოდ კვოტირების მექანიზმის შემოღების შემდეგ მოხვდნენ.

„გვარწმუნებთ, რომ ქალები საკრებულოებსა და პარლამენტში ვერ ხვდებიან არაკომპეტენტურობისა და გაუნათლებლობის გამო? ეს არის მიზეზი თუ ის, რომ მაჟორიტარი მილიონერი კაცები გრჩებათ გარეთ და მათ შემოსაყვანად ქალებს ყრით პარლამენტიდან“, - აღნიშნა პატარაიამ და დაამატა, რომ გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უკან დასწევს.

კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის თქმით, კრიტიკაზე „ქართული ოცნების“ პასუხი იქნება ის საარჩევნო სია, რომელსაც პარტია საპარლამენტო არჩევნებამდე წარადგენს.

2020 წელს, მმართველი პარტიის მხარდაჭერით, საარჩევნო კოდექსში, შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, პარტიები ვალდებულნი არიან, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სია შეადგინონ იმგვარად, რომ სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც იყოს ქალი. „ქართული ოცნების“ ინიციატივით, 2023 წლის თებერვალში, გენდერული კვოტირების წესის მოქმედება 2032 წლის ჩათვლით გახანგრძლივდა. გენდერული კვოტირება ეხება მუნიციპალიტეტების საკრებულოებსაც. კერძოდ, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისთვის პარტიულ სიაში ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი მაინც უნდა იყოს ქალი.

პარლამენტი „გირჩის“ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს. გენდერული კვოტირების გაუქმებას უარყოფითად აფასებს საქართველოს სახალხო დამცველი. ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ეს მექანიზმი არა ქალებისთვის მინიჭებული პრივილეგია, არამედ ქალთა მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის აღმოფხვრის, სტერეოტიპებთან ბრძოლისა და საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულების შესრულების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.