ადვოკატი გიორგი ბაჩიაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

ადვოკატი ლევან მახარაშვილი ითხოვს, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, პატიმრობაში მყოფი გიორგი ბაჩიაშვილი დაზარალებულად იქნეს ცნობილი ციხის საკანში ცემის საქმეზე. ბაჩიაშვილი N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გამომძიებლებმა დღეს გამოჰკითხეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„გამოკითხვა იყო ძალიან დეტალური, თითქმის 5 საათი გრძელდებოდა. ყველა დეტალი, მათ შორის ისეთი ნიუანსები, რომლებიც შესაძლოა, თავდაპირველად გავრცელებულ განცხადებაში არ ეწერა, სრულად მიაწოდა გამომძიებელს.

ცხადია, დავინტერესდით, ამოღებული და დაარქივებული არის თუ არა კამერების ჩანაწერები, რაზეც ამომწურავი პასუხი ვერ მივიღეთ, ხოლო მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სანამ გიორგი ბაჩიაშვილი დაზარალებულად არ იქნება ცნობილი, ჩვენ მხარეს არ წარმოვადგენთ და სამართლებრივად ამ ინფორმაციის მოთხოვნა არ შეგვიძლია.

ვაპირებთ, რომ ორშაბათს განცხადებით მივმართოთ საქართველოს პროკურატურას. თუ მანამდე არ მოხდება გიორგის დაზარალებულად ცნობა, უკვე ამ ჩვენების საფუძველზე მოვითხოვთ მის დაზარალებულად ცნობას და შესაბამისად, საქმის მასალების გაცნობას“, - განაცხადა ლევან მახარაშვილმა.

ე.წ. ბიტკოინების საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილს გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულების საკანში 11 ივლისს, პარასკევს, სცემეს. ამის შესახებ ცნობილი 14 ივლისს, ორშაბათს გახდა. იმავე დღეს თავად პატიმარმა გაავრცელა წერილი, სადაც მომხდარს აღწერს.

ბაჩიაშვილის თანახმად, საკნში, სადაც ის ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მარტო იმყოფებოდა, შევიდა მისთვის უცნობი პიროვნება, რომელმაც მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად გაუსწორდა, რა დროსაც გონებაც დაკარგა. ბაჩიაშვილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედში“ იყო გადაყვანილი.

როგორც გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, ამ შემთხვევამდე სამი დღით ადრე, 8 ივლისს, ციხის ხელმძღვანელმა, დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და „რამდენჯერმე ურჩია“, ბიძინა ივანიშვილისთვის მისი „საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები“ გაეხსნა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მომხდარს  „მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი“ უწოდა.

ცემის საქმეზე გამოძიება იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფმა დაიწყო, რასაც ბაჩიაშვილის ინტერესების დამცველები არ ეთანხმებიან.

„ჩვენი მოთხოვნა იყო და რჩება, რომ ამ საქმეზე გამოძიება ჩაატაროს საქართველოს პროკურატურამ, ვინაიდან გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაში საუბარია, დანაშაულში იგივე ციხის დირექტორის და ერთ-ერთი თანამშრომლის შესაძლო მონაწილეობაზე. აღნიშნული ასევე დავაფიქსირეთ გამოკითხვის ოქმში“, - განაცხადა ლევან მახარაშვილმა.

გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. მას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უჩიოდა. პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ივანიშვილს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი 8 986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა. გიორგი ბაჩიაშვილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. 10 მარტს, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებამდე, მან ქვეყანა დატოვა. დაახლოებით თვე-ნახევარში ის დააკავეს და ამჟამად სასჯელს გლდანის ციხეში იხდის. ბაჩიაშვილი ამბობს, რომ უცხოეთიდან გაიტაცეს და საქართველოში ჩამოიყვანეს „აირზენას“ თვითმფინავით, რომლის ბორტზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ანრი ოხანაშვილიც იმყოფებოდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.