„უცხოეთის აგენტების შესახებ“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს არ შეეხება. ამის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დაუშვეს, რომ ტერმინ „აგენტის“ ნაცვლად კანონპროექტში გამოყენებულ იქნეს „უცხოეთიდან დაფინანსებული სუბიექტი“ ან „უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაცია“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრი რატი იონათამიშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ გამონაკლისის სახით, კანონი შშმ პირების წარმომადგენელ ორგანიზაციებს არ შეეხოს.
„კი, ნამდვილად გვქონდა კონსულტაციები ამაზე, მათ შორის, გვქონდა საგანმანათლებლო და ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებებთან დაკავშირებითაც, ანუ ისეთ სფეროებში, სადაც პრაქტიკულად შემხებლობა არ არის იმ პროცესებთან, რაიმე რისკები რომ არსებობდეს. ამიტომ ეს პირველი მოსმენის დონეზე იქნება გათვალისწინებული“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, დაახლოებით ცხრასაათიანი განხილვის შემდეგ, „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ ორივე კანონპროექტი მოიწონა და მხარი დაუჭირა. კანონპროექტებს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით ხვალ, 7 მარტს, 12 საათზე გაიტანენ. 10 საათზე დაგეგმილია ბიუროს სხდომა, რომელიც სესიის დღის წესრიგს დაამტკიცებს. ბიუროს სხდომის პარალელურად პარლამენტთან ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები აქციას გამართავენ.
„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტები „უცხოური გავლენის აგენტად“ დარეგისტრირებას ავალდებულებს იმ მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. იუსტიციის სამინისტროს ექნება მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმების, პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და 25 ათასი ლარით დაჯარიმების უფლებამოსილება. კანონპროექტი ითვალისწინებს ამ კანონის დამრღვევის 5 წლით დაპატიმრებასაც.
კანონპროექტებს დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიები აპროტესტებენ.
დღეს, 6 მარტს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის პარალელურად, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა პარლამენტს მოუწოდა, მხარი არ დაუჭიროს კანონმდებლობას „რომელიც სავარაუდოდ მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებას, გააჩუმებს დამოუკიდებელ მედიას და განსხვავებულ ხმებს ისევე, როგორც მსგავსმა კანონმდებლობა გააკეთა რუსეთში და რუსეთის მსგავს სხვა ქვეყნებში“.
