სოროსის ფონდი ყირგიზეთში საქმიანობას წყვეტს მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ ძალაში შევიდა კანონი ეგრეთ წოდებული „უცხოეთის წარმომადგენლების შესახებ“. ის რუსეთში მოქმედი „უცხოეთის აგენტებზე“ კანონის ანალოგია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
ღია საზოგადოების ფონდების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი კანონი არაპროპორციულ და არასაჭირო შეზღუდვებს უწესებს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დაფინანსებული ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობას.
ფონდი „სოროსი - ყირგიზეთი“ ღია საზოგადოების ფონდების მიერ 1993 წელს დაფუძნდა და როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ბოლო 30 წლის განმავლობაში 115 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში სხვადასხვა პროექტების მხარდასაჭერად, როგორც მთავრობასთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად მუშაობით.
„ამ პროექტებმა მხარი დაუჭირა ინიციატივებს განათლებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ახალი ციფრული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის, სისხლის სამართლისა და იურიდიული დახმარების რეფორმისა და მრავალი სხვა მიმართულებით. ახლა მსგავს კეთილი განზრახვის მქონე საქმიანობას, რომელიც ქვეყნის ინტერესებში შედის, დაჰკიდებენ „უცხოეთის წარმომადგენლების“ უსამართლო იარლიყს. ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ორგანიზაცია ფუნქციონირებას ვეღარ გააგრძელებს და რომ ახალი რეპრესიული კანონი გამოიწვევს სამოქალაქო საზოგადოების მუშაობას გაურკვევლობისა და შიშის პირობებში“, - ნათქვამია ღია საზოგადოების ფონდების განცხადებაში.
არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ კანონში ცვლილებები ყირგიზეთის პარლამენტმა მარტში მიიღო, აპრილის დასაწყისში კი მას ხელი რესპუბლიკის პრეზიდენტმა მოაწერა. ცვლილებების მიხედვით, უცხოეთის წარმომადგენლების რეესტრში უნდა შევიდნენ არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც სახსრებს უცხოური წყაროებიდან იღებენ და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობენ. ხელისუფლება აცხადებს, რომ კანონი მიზნად ისახავს არაკომერციული ორგანიზაციების, მათ შორის უცხოეთის წარმომადგენლის ფუნქციების შემსრულებელი და უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობის ღიაობისა და საჯაროობის უზრუნველყოფას.
პრეზიდენტმა სადირ ჯაფაროვმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ყირგიზეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები „30 წლის განმავლობაში არსად იყვნენ რეგისტრირებული“ და „ანგარიშს არავის აბარებდნენ“.
„ისინი მხოლოდ საბანკო ანგარიშების ხსნიდნენ, უცხოელი დონორებისგან ფულს იღებდნენ და იყენებდნენ საკუთარი შეხედულებისამებრ, მათ შორის, პირადი მიზნებისთვის. ამიერიდან ისინიც, ისევე როგორც ყველა, იუსტიციის სამინისტროში დარეგისტრირდებიან და ღიად დაიწყებენ მუშაობას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიხედვით შეიქმნა. გამოცემა Factcheck.kg-ის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ კანონპროექტი 69% რუსული კანონიდან იყო კოპირებული.
რუსეთის გამოცდილება აჩვენებს, რომ 2012 წელს ამ კანონის მიღების შემდეგ, ქვეყანაში მოქმედი ორგანიზაციები, რომლებიც უცხოურ გრანტებს იღებდნენ, იძულებულნი გახდნენ დახურულიყვნენ.
