მთავრობას განზრახული აქვს, ზემო სვანეთში ხუდონჰესი თავად ააშენოს, ოღონდ პროექტი ისე შეიცვლება, რომ „აღარ დაიტბორება არც სოფელი, არც ტაძარი“ და გარემოზე „ძალიან მინიმალური ეფექტი [ზეგავლენა] ექნება“. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, მთავრობის საქმიანობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ახლა ვმუშაობთ დიდი სიმძლავრის ოთხი ჰიდროსადგურის განვითარებაზე, მათ შორის იქნება ხუდონჰესის პროექტი. ოღონდ, ეს იქნება შეცვლილი ისე, რომ აღარ დაიტბორება არც სოფელი, არც ტაძარი და ძალიან მინიმალური ეფექტი ექნება ამას გარემოზე, ზოგადად რეგიონზე. პირიქით, ვფიქრობ, ეს იქნება ერთ-ერთი სანიმუშო პროექტი და ენგურჰესის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის დარგისთვის. მოგეხსენებათ, 2012 წელს გასხვისებული დაგვხვდა ხუდონჰესის პროექტი. ჩვენ გამოვისყიდეთ და სახელმწიფოს განზრახული აქვს, თავად დაიწყოს ამ დიდი, ეროვნული მნიშვნელობის ჰესის მშენებლობა. ასევე, ვაგრძლებთ მუშაობას ნენსკრას განვითარების მიმართულებაზეც“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ენერგეტიკის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და პრიორიტეტია.
„2012 წლამდე საქართველოს ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 3325 მეგავატს შეადგენდა. სადგურების უმეტესობა საბჭოთა კავშირის დროს იყო აშენებული. 2012 წლამდე აშენდა 7 ელექტროსადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე იყო 140 მეგავატი, ხოლო ჩვენი ხელისუფლების დროს აშენდა 66 ელექტროსადგური და ჯამური დადგმული სიმძლავრე შეადგენს 1200 მეგავატს, ჯამური ინვესტიციით - დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი. ეს არის კონკრეტული შედეგი ენერგეტიკის დარგში. რა თქმა უნდა, შედეგად, ელექტროენერგიის გენერაცია, ექსპორტი და ტრანზიტი რეკორდული გვაქვს. წელს, 11 თვის მონაცემებით, გენერაციამ უკვე შეადგინა 13 მლრდ კილოვატ/საათი და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის გამომუშავების ისტორიული მაქსიმუმი. რეკორდულია ექსპორტი და ტრანზიტიც ჩვენი ქვეყნის გამოყენებით - შემოსავლებმა შეადგინა ათობით მილიონი ლარი, რომელიც მიემართა ბიუჯეტში და რა თქმა უნდა, ეს არის 4.5-ჯერ ზრდა, თუ შევადარებთ 2012 წელს“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ერთი წლის წინ ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფომ „ხუდონჰესის“ პროექტი ინვესტორისგან 13.5 მლნ დოლარად გამოისყიდა. როგორც მაშინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 2023 წლიდან განახლდებოდა.
„ხუდონჰესი“ საქართველოში სიდიდით მეორე ჰიდროელექტროსადგური უნდა ყოფილიყო ენგურჰესის შემდეგ. მისი მშენებლობა 1979 წელს, საბჭოთა კავშირის დროს დაიწყო, თუმცა ეროვნული მოძრაობის, სტუდენტების, ადგილობრივი მოსახლეობის ერთობლივი პროტესტის გამო შეჩერდა. 2011 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, ხუდონჰესის მშენებლობის უფლება ინდურმა „ტრანს-ელექტრიკამ“ მოიპოვა და სახელმწიფოსგან ხაიშში 1536 ჰექტარი მიწა 1 დოლარად მიიღო. კომპანია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული. მას შემდეგ „ტრანს-ელექტრიკას“ არანაირი აქტივობა არ განუხორციელებია, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადების გარდა.
პროექტის მიხედვით, ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის სიმაღლე 200 მეტრი უნდა ყოფილიყო, წყალსაცავის მოსაწყობად კი 528 ჰექტარი ტერიტორიის დატბორვას აპირებდნენ. ხაიშის თემის სოფლები, ეკლესიები, სასაფლაოები, ისტორიული ძეგლები, ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელი გზის ნაწილი წყლის ქვეშ ექცეოდა. გადასახლებას ექვემდებარებოდა 2000-მდე ადამიანი.
2013 წლის 8 მაისს, ხაიშის თემში მცხოვრებმა 200-მდე ოჯახმა წმინდა გიორგის ეკლესიაში ხატზე დაიფიცა, რომ არ დაუშვებენ ხაიშისა და მიმდებარე სოფლების, სასაფლაოების, ეკლესიების დატბორვას და წყლის ქვეშ მოქცევას, სანაცვლოდ უარი თქვეს ნებისმიერ კომპენსაციაზე.
„ხუდონჰესის“ ამ ფორმით მშენებლობის წინააღმდეგები არიან გარემოსდაცვითი ორგანიზაციებიც.