თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გურამ ადამიას სიტყვიერი შენიშვნა მისცა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ადამიას წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
- 2 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 3 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
- 4 „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის შემდეგ აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს
- 5 ტრამპი ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ყაველაშვილის პრესსამსახური
- 6 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
გურამ ადამია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 13 მაისს დააკავეს. პოლიციელებმა მასზე იძალადეს, თავში ურტყამდნენ. ადამიას ჯანმრთელობის მდგომარეობა წინასწარი დაკავების იზოლატორში დამძიმდა, რის გამოც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ერთი მხრივ, კარგია, რომ მარტო სიტყვიერი გაფრთხილება მომცეს, მაგრამ, მეორე მხრივ, საერთოდ არ მესმის, რა შუაში ვარ ამასთან. ჩემს მიმართ არ ყოფილა არანაირი მტკიცებულება“, - განაცხადა ადამიამ დღევანდელი პროცესის შემდეგ.
მისი ადვოკატის, დიმიტრი ნოზაძის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.
„საქმეში იდო მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენება, რომელიც ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიოდა, ვინაიდან აცხადებდნენ, რომ გურამმა სამართალდარღვევა ჩაიდინა ჭიჭინაძის ქუჩაზე, იქ შეამჩნიეს და მისცეს მითითება მისი დაკავების თაობაზე. თუმცა, ის ზუბალაშვილების ქუჩაზე იქნა დაკავებული და პარლამენტის ჭიშკარი, რაზეც უთითებენ ოქმის შემდგენელი პოლიციელები, საერთოდ არ ფიგურებს. სამწუხაროა, რომ ორივე მუხლში არ შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება. მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება გამოიყენა, მაგრამ ესეც ადმინისტრაციული სახდელის ფორმაა,“ - აღნიშნა ადვოკატმა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, პირის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება და მის მიმართ სიტყვიერი შენიშვნის გამოყენება მცირემნიშვნელოვანი სამართალდარღვევის შემთხვევაშია შესაძლებელი.
ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით, 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათი უმრავლესობა პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე, არასათანადო მოპყრობასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს. საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები სასტიკად გაუსწორდნენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს - ალეკო ელისაშვილს, ლევან ხაბეიშვილს, დავით ქაცარავას და სხვებს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თაობაზე ჯამში 138 შეტყობინება მიიღეს. უწყებამ გამოძიება დაიწყო, თუმცა ამ დრომდე პასუხისგებაში არ მიუცია არცერთი პოლიციელი.
