თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის მიერ ნაცემი ამერიკელი იურისტი 2000 ლარით დააჯარიმა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ტედ ჯონასს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩიელებლობას ედავებოდა. მოსამართლემ ის ორივე მუხლით ცნო სამართალდამრღვევად.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ნათელი დემონსტრირება იმისა, რომ ქართული სასამართლოები მტკიცებულებების საფუძველზე არ მოქმედებენ და პოლიციას არ აკისრებენ პასუხისმგებლობას ცრუ ჩვენების გამო, რომ აღარაფერი ვთქვათ უკანონო ძალადობაზე“, - ასე შეაფასა ტედ ჯონასმა მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელსაც ის გაასაჩივრებს.
ამერიკელი იურისტის განცხადებით, სასამართლოში დაამტკიცა, რომ პოლიციელების ჩვენება მათი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და დაკავების გარემოებების შესახებ, ყალბი იყო. გარდა ამისა, ტედ ჯონასის თქმით, სასამართლოში მოწმედ მიყვანილი პოლიციელები მისი დაკავების ადგილზე არ ყოფილან და დაკავების ოქმი გააყალბეს. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ჯონასი იმედოვნებდა, რომ მოსამართლე ერთ-ერთ მუხლს მოუხსნიდა, როგორც ეს დავით ქაცარავას საქმეზე მოხდა.
„მაგრამ არა. მოსამართლემ დაადასტურა რეჟიმისადმი ერთგულება და ორივე მუხლით სამართალდამრღვევად მცნო, თუმცა ჯარიმა იგივეა - 2000 ლარი. პოლიციისთვის „რუსების“ დაძახება ახლა ოფიციალურად ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, წვრილმანი ხულიგობაა. ჩემი და ქაცარავას საქმეების მიხედვით, ეს შეურაცხყოფად ითვლება, ისევე როგორც შეგინება“, - წერს ტედ ჯონასი სოციალურ ქსელ Facebook-ში.
იურისტის თქმით, სასამართლოში აცხადებდა, რომ მისი ქმედება - მთავრობის შესახებ პოლიტიკური გამოსვლა - კონსტიტუციით არის დაცული და რომ პოლიციელთა ქმედებებმა გამოიწვია ათასობით ადამიანის, მათ შორის, მისი პროვოცირება, მათთვის „რუსები“, „მონები“ და „მოღალატეები“ ეწოდებინა. „ჰაეროვანი კოცნები უნდა გაუგზავნო მათ მას შემდეგ, რაც წყლის ჭავლით, ცრემლსადენი გაზის ბომბებით, წიწაკის სპრეით, ხელკეტებითა და ფარებით დაგესხმებიან თავს?“, - წერს ტედ ჯონასი.
61 წლის ტედ ჯონასი, რომელიც საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეა, 1-ელ მაისს, ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. ის ამბობდა, რომ პოლიციამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა შსს-ს თანამშრომლების მიერ აქციაზე უკანონოდ დაკავეული და სასტიკად ნაცემი დავით ქაცარავაც. შსს „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებოდა, თუმცა, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში, მტკიცებულებების არარსებობის გამო წარმოება შეწყვიტა. მოსამართლის განმარტებით, ქაცარავა სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს მიმართავდა, რომ რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ, რაც შეურაცხმყოფელია.