აქციებზე დაკავებულთა ოჯახის წევრებმა და მოქალაქეებმა საქართველოს პარლამენტთან, 9 აპრილის მემორიალთან, ღამე გაათენეს. დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისის გადახდის შემდეგ, შეკრებილებმა საქართველოს დამოუკიდებლობისადმი ერთგულების ფიცი დადეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 3 კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ ხუტაშვილსა და მუმლაძეს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სანქცირებული გენერალური პროკურორი გენერალურ აუდიტორად გადაჰყავთ
ფიცის ტექსტში, რომელიც საოპერო მომღერალმა, პაატა ბურჭულაძემ წაიკითხა, ნათქვამია, რომ დაიცავენ 9 აპრილს დაღუპულთა მონაპოვარს, საქართველოს დამოუკიდებლობას, თითოეულ მებრძოლსა და სინდისის პატიმარს:
„არ მივატოვებთ სიმართლისათვის დევნილებს. სიტყვით და საქმით სიყვარულით ხელს გავუწვდით მათ და მათ ოჯახებს. მხარში ამოვუდგებით ერთმანეთს. ვიბრძოლებთ ბოლომდე ამ ქვეყნისა და ხალხის თავისუფლებისათვის. დაე, ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ დიდ ბრძოლაში. ამინ!“, - დაიფიცეს შეკრებილებმა.
ღამისთევის ინიციატორები პროევროპული აქციების პერიოდში დაკავებული და პატიმრობაში მყოფი მომიტინგეების ოჯახის წევრები იყვნენ. მათ ციხიდან გამოგზავნილი წერილები წაიკითხეს.
დილიდან რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან. მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია. როგორც წესი, ამ დღეს 9 აპრილის მემორიალთან ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიებისა და საელჩოების წარმომადგენლები მიდიან.
36 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა დანაყოფებმა რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარებისა და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს. დაშავდა ასობით ადამიანი და დაიღუპა 21 დემონსტრანტი.
9 აპრილს დაღუპულები არიან: აზა ადამია 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი 16 წლის; ნატო გიორგაძე 23 წლის; თამუნა დოლიძე 28 წლის; თინა ენუქიძე 70 წლის; ნინო თოიძე 25 წლის; ზაირა კიკვიძე 61 წლის; მანანა ლოლაძე 33 წლის; თამარ მამულიშვილი 50 წლის; ვენერა მეტრეველი 46 წლის; მამუკა ნოზაძე 22 წლის; ნანა სამარგულიანი 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი 35 წლის; მარინა ჭყონია-სამარგულიანი 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი 25 წლის; თამარ ჭოველიძე 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი 40 წლის; მზია ჯინჭარაძე 43 წლის; მანანა მელქაძე 23 წლის; გია ქარსელაძე 25 წლის.
ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ აღიდგინა 1918 წელს მოპოვებული და 1921 წელს, გასაბჭოების შედეგად დაკარგული დამოუკიდებლობა.
