საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლები „უცხოეთის აგენტების“ შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან და ამბობენ, რომ მათი მიღება სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
„ჩვენ, საჯარო მოხელეები, ვითვალისწინებთ რა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში ცხადად დაფიქსირებულ საქართველოს გეოპოლიტიკურ ვექტორს, რომელიც მრავალ საუკუნეთა განმავლობაში განისაზღვრა ქართველი ერის მიერ ჩამოყალიბებული ისტორიულ-სამართლებრივი მემკვიდრეობის მიხედვით, მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, როგორც გარანტი სახელმწიფოს თავისუფლებისა და დემოკრატიული განვითარებისა, ბოჭავს ნებისმიერი დროის ხელისუფალს, იმოქმედოს ამ მიზნის უზრუნველსაყოფად.
იმ პირობებში, როდესაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტები, მათი ინიცირების დროის, ფორმისა და კონტექსტის გათვალისწინებით, ქვეყანაში საზოგადოების პოლარიზაციის გაღრმავების გამომწვევი გახდა, იმავდროულად კი, კანონის პროექტებთან დაკავშირებით საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებები მკვეთრად ნეგატიურია, მიუთითებენ რა კანონის პროექტების ევროკავშირის ღირებულებებთან და ძირითად პრინციპებთან შეუთავსებლობაზე, მივიჩნევთ, რომ ნახსენები კანონის პროექტების მიღება ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ინტერესებს და აზიანებს საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის პროცესს.
განცხადების ხელმომწერები, ვაცნობიერებთ რა კანონპროექტის შინაარსსა და მისგან მომდინარე საფრთხეებს, აღნიშნული განცხადების გამოქვეყნებით ვსარგებლობთ საქართველოს კონსტიტუციით დაცული გამოხატვის თავისუფლებით და ვაფიქსირებთ ჩვენს მოქალაქეობრივ პოზიციას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ერთობლივ განცხადებას ხელს აწერს საკონსტიტუციო სასამართლოს 15 თანამშრომელი:
- ბარამაშვილი თამარ - მთავარი სამართლებრივი მრჩეველი-მრჩეველთა ხელმძღვანელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი.
- გვიმრაძე გიორგი - უფროსი სამართლებრივი მრჩეველი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი.
- დანელია გვანცა - უფროსი სამართლებრივი მრჩეველი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი.
- დოლუაშვილი ნინო - სამართლებრივი მრჩეველი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი.
- კენჭაძე მარინა - კოლეგიის თავმჯდომარის თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.
- კიკნაძე თამარი - მოსამართლის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.
- ლაშხია გვანცა - მოსამართლის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.
- მაჭარაშვილი ლელა - მოსამართლის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.
- მესხია თამარ - მოსამართლის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.
- მძევაშვილი მარი - სტაჟიორი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი.
- ობოლაშვილი თორნიკე - კოლეგიის თავმჯდომარის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.
- პირველაშვილი ნიკა - უფროსი სამართლებრივი მრჩეველი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტი.
- ღოლიჯაშვილი დავით - მოსამართლის უფროსი თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.
- ჭიოკაძე ლევანი - მოსამართლის თანაშემწე,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.
- ხავთასი ივა - მოსამართლის თანაშემწე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნო.
ხელისუფლებამ 7 და 8 მარტს, რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი დემონსტრანტები დაარბია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა. სპეციალური საშუალებების გამოყენება წინასწარი გაფრთხილების გარეშე ხდებოდა. მოქალაქეების თქმით, მათ რეზინის ტყვიებიც მოხვდათ. სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მიაყენეს მედიის წარმომადგენლებსაც.
8 მარტის ღამეს საპროტესტო აქციის მონაწილეთა უმოწყალოდ დარბევისა და დაშლის შემდეგ, დემონსტრანტები სპეცრაზმს დაუპირისპირდნენ და მათ მანქანებს ქვები დაუშინეს. პარლამენტის მიმდებარედ ქუჩებში დააზიანეს და დაწყვეს პოლიციის ავტომანქანაც.
7 მარტს საქართველოს პარლამენტმა 78 ხმით 13-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. კანონი დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს „უცხოეთის აგენტებად“ აცხადებს და მათ შესაზღუდად ან დასახურად მრავალ ბერკეტს ითვალისწინებს.
„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტებს აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის პარტნიორები, ასევე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, მათზე უარი თქვას. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პრეს-სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, ასეთი კანონის მიღება იქნება უზარმაზარი უკუსვლა საქართველოსთვის და შეერთებული შტატების შესაძლებლობისთვის, კვლავაც იყოს პარტნიორი ქართველი ხალხისთვის. პრაისის თქმით, ვინც კანონს ხმას მისცემს, ნაწილობრივ პასუხისმგებელი იქნება ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის საფრთხის შექმნაში.