„ვერ დავიჯერებ, რომ ჩვენნაირი ქვეყნები - ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ჩვენ შეიძლება ევროკავშირში შევსულიყავით, ისეთი კანონები რომ გვქონოდა, რომლებიც ახლა საქართველოში განიხილება. ჩვენი მესიჯი ძალიან ნათელია: ამ კანონით ევროკავშირისკენ გზა არა უბრალოდ უფრო რთულია, არამედ გზა არ არსებობს და ამ სიტყვების თქმა ტკივილს მაყენებს, მაგრამ ეს უნდა ითქვას“, - განაცხადა საქართველოში ვიზიტით მყოფმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 3 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
- 6 აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
„აქ ხალხის მხარდაჭერის ძალიან ნათელი მესიჯით ჩამოვედით.
საქართველოს მოსახლეობის 86%-მა, რომელსაც სურს იყოს ევროკავშირის ნაწილი, უნდა გაიგოს, რომ ევროკავშირი მათთან არის.
ეს იყო ერთი მესიჯი.
მეორე, მთავრობისადმი არის. ჩვენ არ ვტყუვდებით, რომ კანონი, რომელიც ჯერ კიდევ მიიღება, მიუხედავად იმისა, რომ მესამე მოსმენა გაიარა და ახლა პრეზიდენტის ვეტოს ველით, არ ვტყუვდებით, რომ ამ კანონს რამე კავშირი აქვს გამჭვირვალობასთან, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ფორმით წარმოაჩენენ.
ჩვენს ქვეყნებში კოლეგებისთვის ყოველთვის ნათელია, თუ რატომ ეძახის სამოქალაქო საზოგადოების ამდენი წარმომადგენელი მას „რუსულ კანონს“, მაგრამ დღეს დანამდვილებით ვიცით, რომ
ეს კანონი ეწინააღმდეგება სამოქალაქო ინსტიტუტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიან. ეს კანონი შეიძლება იქნას გამოყენებული ამ ინსტიტუტების გასაჩუმებლად და ეწინააღმდეგება დემოკრატიის ყველაზე საბაზისო, ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირი დგას.
ამ კანონით ევროკავშირისკენ გზა არა უბრალოდ უფრო რთულია, არამედ გზა არ არსებობს და ამ სიტყვების თქმა ტკივილს მაყენებს, მაგრამ ეს უნდა ითქვას.
იმედი მაქვს, რომ მთავრობამ მესიჯი გაიგო. ჯერ კიდევ აქვთ შანსი უბრალოდ გაუშვან ეს კანონი იმავენაირად, როგორც ეს 2023 წელს ქნეს, პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ. მერე დასხდნენ ევროკავშირის ინსტიტუტებთან, ჩვენს წარმომადგენლებთან ერთად და ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე წინ წაწევისთვის“, - განაცხადა ლანდსბერგისმა.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას - არის თუ არა შესაძლებელი კანონში ისეთი ცვლილებები შევიდეს და საბოლოოდ ისეთი სახე მიიღოს, რითაც ყველა მხარისთვის მისაღები გახდება:
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ვისაუბროთ იმაზე, რატომ არის ეს კანონი საჭირო - თუ გეგმავ რომ გქონდეს კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ იქნება მიმართული, რომლებიც შენს წინააღმდეგ ხმას იღებენ და არ მოგწონთ რასაც ლაპარაკობენ. შეგიძლია ცვალო ისე როგორც გინდა თუ მთავარი მიზანი მიღწეული იქნება, მაშინ არადემოკრატიული კანონი გამოდის. პირველ პრესკონფერენციაზეც ვთქვი, რომ ისეთი გამოსწორება, რაც თავიდანვე საფუძვლიანად დაზიანებულია, შეუძლებელია როცა პრინციპია მცდარი.
ჩვენს ქვეყნებში არ გვაქვს ისეთი კანონები, რომლებიც მათ წინააღმდეგაა მიმართული, ვინც შენს წინააღმდეგ ხმას იღებს.
შეუძლებელია კონსესუსი გქონდეს, როცა ერთ მხარეს სურს დემოკრატიული საქართველო, მეორე მხარეს კი რაღაც სხვა. კომპრომისი ვერ მიიღწევა. ამიტომ ვამბობთ, რომ
თუ საქართველოს სურს დარჩეს ევროპულ გზაზე, არ შეიძლება ცალი ფეხი მოსკოვში ჰქონდეს. ეს ასე არ მუშაობს“, - აცხადებს გაბრიელიუს ლანდსბერგის.
საქართველოში ლიეტუვის, ესტონეთის, ისლანდიის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები იმყოფებიან. ისინი შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, ოპოზიციიური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. დღის ბოლოს კი რუსთაველის გამზირზე ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის საწინააღმდეგო დემონსტრაციას შეუერთდნენ და მომიტინგეებს მიმართეს.
„მე მინდა ქართველი ხალხისთვის ის მომავალი, სადაც გარანტირებულია ევროპული მომავალი. ჩვენ ეს მოგზაურობა ერთად დავიწყეთ და ჩვენმა ერებმა იციან, რას ნიშნავს მოსკოვის წნეხის ქვეშ ყოფნა. ჩვენ არასდროს მიგატოვებთ, მაგრამ ყველა ჩვენგანმა უნდა გამოვძერწოთ ჩვენი ერების ბედი“, - თქვა ლანდსბერგისმა და დემონსტრანტებს ქართულ ენაზე მიმართა: სად მივდივართ? რაზეც უპასუხეს: ევროპაში.
„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი 84 ხმით 30-ის წინააღმდეგ, 14 მაისს, მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ რუსულ კანონს ვეტოს დაადებს. ამისათვის პრეზიდენტს ორკვირიანი ვადა აქვს, 28 მაისამდე. „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა შეუძლია.