საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიუ-იორკში უნდა დასწრებოდა ოფიციალურ მიღებას, რომელიც დღეს, 25 სექტემბერს, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის, ჯილ ბაიდენის სახელით გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება. თუმცა, „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაციამ ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
გარდა ამისა, როგორც „ამერიკის ხმა“ იუწყება, ადმინისტრაციამ უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.
„ამერიკის ხმისთვის“ ცნობით, ამ გადაწყვეტილებების მიზეზი საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქცევა და რიგი ნაბიჯებია, მათ შორის, ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და „აირჩიე ევროპას“ წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ასევე მმართველი ძალის მიერ, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ გაკეთებული განცხადებები.
როგორც „ამერიკის ხმა“ წერს, ბაიდენის ადმინისტრაციას საქართველოს მთავრობის ნაბიჯები არწმუნებს, რომ მას გადაწყვეტილი აქვს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა.
პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებებს ჯერ არ გამოხმაურებია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. კომენტარი არც „ქართულ ოცნებაში“ გაკეთებულა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 25 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. მანამდე მან მონაწილეობა მიიღო „მომავლის სამიტში“ და დაესწრო გენერალური დებატების გახსნას, სადაც სესიის მონაწილეებს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმაც მიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ირაკლი კობახიძე ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებასაც დაესწრებოდა.
„ქართულ ოცნებასა“ და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მმართველმა პარტიამ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის შემზღუდავი ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი მიიღო, რამაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა. მაისის ბოლოს აშშ-მა საქართველოსთან თანამშრომლობის „ყოვლისმომცველ გადახედვა“ დაიწყო და სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა შემოიღო. მას შემდეგ, სავიზო სანქციები დაუწესდა საქართველოს 90-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის, რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებსა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ პირებს. გარდა ამისა, ხაზინის დეპარტამენტმა დაასანქცირა და „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანა ხელისუფლების ორი მოქმედი მაღალჩინოსანი, ასევე პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფის „ალტ-ინფოს“ ორი ლიდერი. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, აშშ-ს შემუშავებული აქვს სანქციები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგაც.