„ასეთი პრაქტიკა დამხვდა მთავრობაში. დიდი დრო არ დამიხარჯავს ამ პრაქტიკის შეცვლაზე. ჯერ ერთი, არ არის საერთაშორისო დადგენილი წესი და სტანდარტი - გინდა თუ არა, ყველა განკარგულება უნდა გამოქვეყნდეს. ეს არ არის მანდატორული წესი, მანდატორული პრაქტიკა“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა შეკითხვას, რატომ არ ქვეყნდებოდა მთავრობის განკარგულებები მისი პრემიერ-მინისტრობის დროს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ჩვენ დავამუშავეთ ბევრი ქვეყნის მაგალითი. აიღეთ აშშ, ევროპის სახელმწიფოები, გგონიათ, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა? თქვენ, მედია, რატომ არ ითხოვდით არასოდეს? სამი წელი ვიყავი პრემიერი. ერთხელ, შემახსენეთ, როდის მოითხოვეთ ამ თუ იმ განკარგულების ასლი? მე, რა თქმა უნდა, გაგიზიარებდით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა ბრიფინგზე. მან არ უპასუხა ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტის რეპლიკას, რომ განკარგულებები არაერთხელ მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ.
„პრემიერ-მინისტრობის დროს, არცერთი უკანონო გადაწყვეტილება არ მიმიღია. ყველა გადაწყვეტილება იყო კანონთან შესაბამისობაში სრულად. არცერთი გადაწყვეტილება არ მიმიღია ქვეყნის და ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ.
მე არასდროს მქონია ინფორმაცია დამალული. გულწრფელად, მარტივად აგიხსნით, ჩემი პოზიცია იყო შემდეგი, როდესაც მე მომმართავდა შეკითხვით ყველაზე კორუმპირებული, ყველაზე დახურული, ანტიევროპული, ანტიქართული ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, „ნაცმოძრაობის“ და მათი სატელიტების წარმომადგენლები და ამა თუ იმ ინფორმაციას ითხოვდნენ, მე მქონდა პროტესტი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პოლიტიკური იყო და ბუნებრივია, ჩვენი რეაგირებაც იყო შესაბამისი. რა თქმა უნდა, ჩვენ პასუხს ვცემდით და კანონის შესაბამისად ვიქცეოდით, მაგრამ მინდა, გითხრათ, ამის ვალდებულება არ არსებობდა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებების გამოქვეყნება 2020 წლის 26 სექტემბერს შეწყდა, როდესაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იყო. ეს პრაქტიკა 2021 წლის 22 თებერვლის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდშიც გაგრძელდა და მთავრობის ადმინისტრაცია ერთ-ერთი ყველაზე გაუმჭვირვალე, დახურულ სახელმწიფო უწყებად ჩამოყალიბდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, 2023 წელს საქართველოს მთავრობამ 48 სხდომაზე მინიმუმ 531 განკარგულების პროექტი განიხილა, რომელთაგან დღემდე არცერთი არ გასაჯაროებულა. გასული წლის განკარგულებების 23% – 531-დან 122 – კონკრეტული პირებისთვის სახელმწიფო ქონების სხვადასხვა ფორმით გადაცემას ან მათ მიერ სახელმწიფოს წინაშე აღებული პირობების გადახედვას ეხებოდა.
მთავრობის ადმინისტრაცია არ გასცემდა საჯარო ინფორმაციას, არა მხოლოდ 1 ლარად გასხვისებული სახელმწიფო ქონების თაობაზე, არამედ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც.
სამწლიანი წყვეტის შემდეგ პირველად, მთავრობის განკარგულება 2024 წლის 12 თებერვალს გასაჯაროვდა. იმავე დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ახალმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის გამჭვირვალობაზე ისაუბრა და თქვა, რომ „თითოეული გადაწყვეტილება უნდა იყოს მაქსიმალურად ღია მოქალაქეებისთვის“.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის მიხედვით, საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს: სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას; მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას; სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.