Amnesty International: სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს ყველა დაკავებული

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის, Amnesty International-ის განცხადებით, სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს ყველა, ვინც საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების უფლების მშვიდობიანი გამოყენების გამო დააკავეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

Amnesty International-ის დირექტორის მოადგილის დენის კრივოშეევის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად ახლახან მიღებულ დრაკონულ კანონებს იყენებს, რაც ადამიანის უფლებების რეპრესიების საგანგაშო ესკალაციაა.

„დეკემბერში ნაჩქარევად მიღებული კანონები ფაქტობრივად ახდენენ პროტესტის ისეთი სიმბოლურიაქტების კრიმინალიზებასაც კი, როგორიცაა სტიკერების განთავსება საჯარო საკუთრებაზე.

ეს ზომები მიზანმიმართულად გამოიყენება მშვიდობიანი მომიტინგეების დევნასა და განსხვავებული აზრის, მათ შორის ჟურნალისტების, უფლებადამცველებისა და პოლიტიკური აქტივისტების ოსაგუდად.

საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლოს ყველა პირი, რომლებიც დააკავეს გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების მშვიდობიანი გამოყენების გამო და ჩაატაროს სწრაფი, საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება პოლიციის მიერ ძალის უკანონო და არაპროპორციულ გამოყენებაზე,“ - განაცხადა კრივოშეევმა.

Amnesty International-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი კანონმდებლობა, რომელიც საქართველოში 2024 წლის 30 დეკემბერს შევიდა ძალაში, აწესებს სოლიდურ ჯარიმებს საპროტესტო ლოზუნგების ან პლაკატების გაკვრისთვის და პოლიციას ანიჭებს უფლებამოსილებას, 48 საათამდე „პრევენციულად“ დააკავოს ადამიანები ეჭვის საფუძველზე, რომ ისინი საჯარო შეკრების მარეგულირებელი წესების ან სხვა კანონების დარღვევას გეგმავდნენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 11-12 იანვარს 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის აქტივისტები, მედიის მუშაკები და პოლიტიკური ოპოზიციის წევრები დააკავეს თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქციებზე, რომლებიც ადრე დაკავებული პროევროპელი დემონსტრანტების სოლიდარობის ნიშნად გაიმართა.

„აქტივისტები ციალა ქათამიძე და მათე ცენტერაძე ბათუმში დააკავეს ახლად ამოქმედებული კანონით, რომელიც საზოგადოებრივ შენობებზე საპროტესტო სტიკერების განთავსებას კრძალავს.

მედიაკომპანიების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ორჯერ იქნა დაკავებული. მზია თავდაპირველად საპროტესტო სტიკერის გაკვრისთვის ადმინისტრაციული „სამართალდარღვევისთვის“ დააკავეს, მოგვიანებით კი ხელახლა მოხდა მისი, როგორც სისხლის სამართლის დანაშაულში ეჭვმიტანილის, დაკავება.

უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი, რომელიც მანამდე აცხადებდა, რომ დეკემბერში დაკავებისას აწამეს, ასევე ხელახლა დააკავეს 11 იანვარს და მოგვიანებით საავადმყოფოში მოათავსეს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

უფლებადამცველი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დეკემბრის შემდეგ აქციის მონაწილეების დაშინება და ძალადობა განხორციელდა არა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების, არამედ ნიღბიანი და იარაღით შეიარაღებული დაუდგენელი პირების მიერაც.

„ეს კაცები, რომლებიც, როგორც ჩანს, დაკავშირებულნი არიან ხელისუფლებასთან, რამდენიმე შემთხვევაში თავს დაესხნენ მომიტინგეებსა და ჟურნალისტებს პოლიციის აშკარა თანამონაწილეობით“, - აცხადებს Amnesty International-ი და ხაზს უსვამს, რომ სისასტიკეზე ასობით შეტყობინების მიუხედავად, არცერთი პოლიციელი ან შეიარაღებული ნიღბიანების ჯგუფების არცერთი წევრი არ არის გამოვლენილი და პასუხისგებაში მიცემული.

საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, სასამართლოები ჩვეულებისამებრ უპირატესობას ანიჭებენ პოლიციელების ჩვენებებს, ვიდეო მტკიცებულებებთან და მოწმეთა ჩვენებასთან შედარებით, რაც ძირს უთხრის სამართლიანი სასამართლოს უფლებას და აგრძელებს სახელმწიფოს მიერ ნებადართულ დაუსჯელობას.

Amnesty International-ი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს რეპრესიები, უზრუნველყოს სამართლიანობა დაზარალებულებისთვის და შექმნას მშვიდობიანი პროტესტის უფლებით სარგებლობის გარანტიები.

„საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა იმოქმედოს სოლიდარულად, რათა მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოს“, - აცხადებს Amnesty International-ი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.