ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატებმა რუსეთის სახელმწიფო დუმას საწვავის საკითხის დარეგულირების თაობაზე მიმართეს. კერძოდ, ისინი ითხოვენ, გადაიხედოს რუსეთის მთავრობის დადგენილება, რომლის საფუძველზეც, აფხაზეთში ბენზინისა და დიზელის საწვავის ერთადერთი მიმწოდებელი რუსული სახელმწიფო კომპანია „როსნეფტი“ გახდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ ერთი მიმწოდებლისგან საწვავის შესყიდვამ ადგილობრივი კომპანიებისთვის შესაძლოა უთანასწორო პირობები შექმნას და გააჩინოს ნავთობპროდუქტების დეფიციტის მაღალი რისკი, განსაკუთრებით საკურორტო სეზონზე.
„გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ერთი ექსპორტიორი კომპანიის განსაზღვრა უარყოფითად აისახება ჩვენს ქვეყანის ნავთობპროდუქტებით მომარაგებაზე. ტურისტების რაოდენობის ყოველწლიური ზრდის გათვალისწინებით, გამორიცხული არ არის მიმდინარე წლის ზაფხულში საწვავის კრიზისი გაჩნდეს, რაც გავლენას მოახდენს როგორც მაცხოვრებლებზე, ისე ჩვენი ქვეყნის მრავალრიცხოვან სტუმრებზე. მოგმართავთ თხოვნით, შეისწავლოთ შექმნილი ვითარება და რუსეთის ფედერაციის მთავრობის ხელმძღვანელობას მიაწოდოთ აფხაზური მხარის პოზიცია დადგენილების გადასინჯვის აუცილებლობის შესახებ - აფხაზეთის რესპუბლიკაში ნავთობპროდუქტების ერთადერთი ექსპორტიორის განსაზღვრისა და ბაზრის ფუნდამენტური პრინციპის, კონტრაქტების დადების თავისუფლების შენარჩუნების შესაძლებლობის უზრუნველყოფის ნაწილში“, - ნათქვამია მიმართვაში.
2023 წლის 16 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ნავთობპროდუქტების ექსპორტზე ექსკლუზიური უფლება სახელმწიფო კომპანია „როსნეფტს“ მიენიჭა. მართალია, დადგენილებას ვადა მიმდინარე წლის მაისში ეწურება, თუმცა მისი ერთ-ერთი პუნქტი შეზღუდვის მომდევნო ექვსი თვით გაგრძელების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს.
დადგენილების მიღების შედეგად, იანვრიდან, აფხაზეთში ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის გაყიდვა პრაქტიკულად შეწყდა. მუშაობას აგრძელებდნენ მხოლოდ „როსნეფტის“ გასამართი სადგურები და ისინი, რომლებიც ბენზინს ამ კომპანიისგან ყიდულობენ.
რუსეთის მთავრობის დადგენილება საწვავის ასოციაციამ და ავტოგასამართი სადგურების თანამშრომლებმა გააპროტესტეს. როგორც საწვავის იმპორტიორი ყველაზე დიდი აფხაზური კომპანიის, „აზიდის“ გენერალურმა დირექტორმა, ადამურ გაბუნიამ განაცხადა, ასოციაციის წევრთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ნავთობპროდუქტების ბაზრის მონოპოლიზაცია დაუშვებელია, ყველა ზომა უნდა იქნას მიღებული, რათა სიტუაცია შეიცვალოს და ყველა მიმწოდებელს მიეცეს მუშაობის საშუალება.
ე.წ. მთავრობის შენობასთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ, 23 იანვარს, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის დე ფაქტო მინისტრმა ჯანსუხ ნანბამ თქვა, რომ რუსეთის მთავრობის ახალი განკარგულება გამოიცა და აფხაზური კომპანიების მიერ უკვე შეძენილი და განბაჟებული საწვავი აფხაზეთში უახლოეს პერიოდში შევიდოდა. 25 იანვარს, განბაჟებული საწვავით დატვირთული 34 ვაგონი, რომელიც რუსეთის მხარეს ოთხი დღე იყო გაჩერებული, აფხაზეთში რკინიგზით შეუშვეს და „აზიდის“ გასამართი სადგურებიც გაიხსნა, თუმცა კომპნიაში ამბობენ, რომ მხოლოდ ორი-სამი კვირის მარაგი აქვთ.
30 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბაჟანია „სამუშაო ვიზიტით“ მოსკოვში გაემგზავრა. ეს ვიზიტი რამდენიმე დღით ადრე ე.წ. ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრმა დაანონსა. ჯანსუხ ნანბას თქმით, ბჟანია რუსეთის სამთავრობო ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ქვეყანაში საწვავის მიწოდების საკითხსაც დააყენებს.