აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა პარლამენტში „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი შეიტანა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი „არაკომერციული ორგანიზაციების და ფიზიკური პირების შესახებ, რომლებიც უცხოეთის აგენტის ფუნქციას ასრულებენ“. კანონპროექტი მიზნად ისახავს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვას და მის მიღებაზე საუბარი ჯერ კიდევ 2 წლის წინ დაიწყო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ბჟანიას მიერ 7 თებერვალს წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, არაკომერციული ორგანიზაციები და ფიზიკური პირები შეიძლება აღიარებულ იქნენ უცხოეთის აგენტის ფუნქციის შემსრულებლად, თუ ისინი იღებენ ფულს ან/და სხვა ქონებას უცხოური წყაროებიდან და მონაწილეობენ აფხაზეთის ტერიტორიაზე პოლიტიკურ საქმიანობაში.

„კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს აფხაზეთის რესპუბლიკის ინტერესების და მისი უსაფრთხოების, სუვერენიტეტის, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. ის ასევე, უზრუნველყოფს დაუყოვნებლივ რეაგირებას აფხაზეთის სახელმწიფოსა და საზოგადოების პოლიტიკურ საქმიანობაში საგარეო ჩარევაზე“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

უცხოურ წყაროდ მიიჩნევიან: 1. უცხო სახელმწიფოები; 2. უცხო სახელმწიფოს ორგანოები, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები; 3. საერთაშორისო და უცხოური ორგანიზაციები, მათი სტრუქტურული განყოფილებები; 4. უცხო ქვეყნის მოქალაქეები; 5.მოქალაქეობის არმქონე პირები; 6. უცხოური სტრუქტურები იურიდიული პირის ფორმირების გარეშე; 7. ჩამოთვლილი წყაროების მიერ დაფინანსებული პირები.

„უცხოეთის აგენტად“ ცნობის საფუძველი არ არის დაფინანსების მიღება იმ ქვეყნიდან, რომელსაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს. დღეისთვის ასეთი ქვეყნებია რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ და სირია.

ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს „უცხოეთის აგენტის“ სტატუსი მიენიჭებათ ე.წ. იუსტიციის სამინისტროს მიერ შესაბამის რეესტრში შეტანის შემდეგ.

კანონპროექტის მიხედვით, „უცხოეთის აგენტის“ სტატუსის მქონე პირებს შეეზღუდებათ საარჩევნო პროცესებში მონაწილეობა, ვერ ჩაერთვებიან სახელმწიფო უწყებების  მიერ შექმნილი კომისიების, კომიტეტების, საკონსულტაციო ან სხვა ორგანოების საქმიანობაში, არ ექნებათ უფლება გამართონ საჯარო ღონისძიებები - მიტინგები, დემონსტრაციები, მსვლელობები, საჯარო დებატები და დისკუსიები.

გარდა ამისა, „უცხოეთის აგენტები“ ვერ შეძლებენ საგანმანათლებლო ან/და პედაგოგიურ საქმიანობას რესპუბლიკურ და მუნიციპალურ საგანმანათლებლო ორგანიზაციებში, ვერ მიიღებენ სახელმწიფო დაფინანსებას და სხვა. „უცხოეთის აგენტების“ მიერ წარმოებულ ან/და გავრცელებულ მასალებს თან უნდა ახლდეს მითითება, რომ დამზადებულია, გავრცელებული ან/და გაგზავნილია უცხოეთის აგენტის ფუნქციების შემსრულებელი პირის მიერ, ან დაკავშირებულია ასეთი პირის საქმიანობასთან.

კანონის დარღვევა ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

2021 წლის დეკემბერში რუსეთის და დე ფაქტო აფხაზეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობის სამართლებრივი რეგულირების საკითხებზე. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის შესაძლო მიღებას სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა.

2022 წლის იანვარში, 352-მა ადამიანმა პრეზიდენტის სახელზე ხელი მოაწერა მიმართვას, სადაც ნათქვამი იყო, რომ „უცხოეთის აგენტის“ კატეგორია ცრუ და პროპაგანდისტული კლიშეა და ასეთი კანონი რეპრესიული ინსტრუმენტი იქნება.

„მიგვაჩნია, რომ მომავალში ასეთი კანონის მიღება, თუნდაც ყველაზე „მსუბუქი“ ვერსიის, აუცილებლად გამოიწვევს არასამთავრობო სექტორის ლიკვიდაციას, რადგან სამოქალაქო ორგანიზაციების თანამშრომლები - თავიანთი ქვეყნის პატრიოტები - ერთი დღეც კი ვერ იცოცხლებენ „უცხოეთის აგენტის ცილისმწამებლური იარლიყით“, - ამბობდნენ კანონის მოწინააღმდეგეები.

მიმართვაში ასევე აღნიშნული იყო, რომ ასეთი კანონი საერთაშორისო დონეზე აფხაზეთის იმიჯს დააზიანებდა. 

რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებაში „უცხოეთის აგენტის“ ცნება კანონში 2012 წელს გაჩნდა. დღეისთვის ამ სტატუსს ანიჭებენ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს, ადგილობრივ და საერთაშორისო არკომერციულ ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს.

2023 წლის მარტში „უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტშიც დარეგისტრირდა და „ქართულმა ოცნებამ“ ის პირველი მოსმენითაც მიიღო. მრავალათასიანი საპრპტესტო აქციებისა და საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, მმართველმა პარტიამ კანონპროექტზე უარი თქვა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.