ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას გადაწყვეტილებით იკრძალება ქართველებსა და აფხაზებს შორის კონტაქტების ხელშემწყობი, USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტები. პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა USAID/კავკასიის მისიის დირექტორი ჯონ პენელი. იკრძალება მედიაპროექტების დაფინანსებაც, რომელთა მიზანია დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხების გაშუქება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
აკრძალვების მიზეზად მითითებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტში დაფიქსირებული ტერმინები. პროექტის ბიუჯეტი 8 მილიონი აშშ დოლარია და მას USAID აფინანსებს.
ინალ არძინბას განცხადებით, აშშ-ის ხელისუფლების ორგანოების ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაცია „აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნულ უსაფრთხოებას“ საფრთხეს უქმნის.
„კითხვარი შეიცავდა, როგორც აღმოჩნდა, ამ პროექტის მიზნებისა და ამოცანების მიზანმიმართულად ბუნდოვან ფორმულირებებს.
ამ პროექტის პრაქტიკული განხორციელების დროს გამოიკვეთა დიალოგის პლატფორმების შექმნა ონლაინ და ოფლაინ ფორმატებში, რათა დამყარებულიყო პირდაპირი კონტაქტი აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის, ლტოლვილებს შორის. შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნულ უსაფრთხოებას, გამოქვეყნებულია აშშ-ის სამთავრობო უწყებების ოფიციალურ ვებგვერდებზე.
პროექტი USAID-ის ვებსაიტზე შემდეგნაირად არის აღწერილი: „USAID-ის პარტნიორობა მდგრადობისთვის პროგრამა არის ფლაგმანი ინიციატივა, რომელიც მიმართავს საქართველოში არსებულ მთავარ გამოწვევას: უფრო მეტი შესაძლებლობები შექმნას ადმინისტრაციული ხაზის მოპირდაპირე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის, რომელიც აშორებს აფხაზეთს დანარჩენ საქართველოს. UNDP-თან პარტნიორობით, USAID უწევს კრიტიკულ დახმარებას უწევს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს, მათ შორის, გადაუდებელ დახმარებას COVID-19-თან საბრძოლველად და ფოკუსირებულია ტრანსსასაზღვრო, განსაკუთრებით ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე. USAID-მა შექმნა პროგრამა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საქართველოს მთავრობასთან და გაეროს ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, რომლებსაც აქვთ დადასტურებული გამოცდილება და წვდომა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში. შედეგად პროგრამას ახორციელებენ UNDP, FAO, UNICEF, UNFPA და UN Women, რათა ხელი შეუწყონ ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს ინდივიდებსა და თემებს შორის ძლიერი სოციალური, პროფესიული და ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობას. შექმნილი კავშირები დაუპირისპირდება კრემლის მავნე გავლენას და გააუმჯობესებს მშვიდობიანი შერიგების პერსპექტივებს.
ამრიგად, აღვნიშნავთ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დასამტკიცებლად წარდგენილ საპროექტო კითხვარში მითითებული იყო პროექტის სრულიად განსხვავებული მიზნები და ამოცანები. ბუნდოვანი მიზნებისა და ამოცანების ჩამოყალიბებით, პროექტის კურატორები დეზინფორმაციას აწვდიან აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა მიაღწიონ მთავარ მიზანს - შექმნან საზოგადოებრივი პირობები აფხაზეთში ქართული პოლიტიკის პოპულარიზაციისთვის. ამას ადასტურებს USAID-ის ოფიციალური სტრატეგია, რომელიც სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ამ დოკუმენტში აფხაზეთის რესპუბლიკა განიხილება როგორც „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია“ და ყველა ქმედება მიმართულია „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა“ და „კრემლის მავნე გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად“, - აღნიშნავს დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო.
არძინბას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა აფხაზეთში მოქმედი ორგანიზაციის „ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის“ ხელმძღვანელი არდა ინალ-იპა. ის მიიჩნევს, რომ არძინბა ცდილობს, აფხაზეთი დახურულ ტერიტორიად გადააქციოს.
„მინისტრ არძინბას ბრძანებები აღარ გვაკვირვებს - მან დიდი ხანია მიზნად დაისახა არ იმუშაოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არ დაარწმუნოს ისინი, მიმართონ საერთაშორისო სახსრები აფხაზეთისა და აფხაზეთის საზოგადოების აქტუალური პრობლემების გადასაჭრელად, არამედ, მოწყვიტოს აფხაზეთი გარესამყაროს, გადააქციოს დახურულ ზონად. ფაქტობრივად, ინალ არძინბა სულაც არ არის დაკავებული დიპლომატიით, რასაც მისი მანდატი მოითხოვს. პირიქით, ის ძირს უთხრის წინა მინისტრებისა და მათი კოლეგების მიღწევებს”, - ამბობს არდა ინალ-იპა.
იგი დე ფაქტო მინისტრის გადაწყვეტილებას ანტიაფხაზურს უწოდებს.
„რა შეიძლება, ითქვას? საქართველოში ჩვენი მინისტრის ამგვარი მოქმედებებით ძალიან კმაყოფილნი არიან. იქაც ხომ სწორედ ამას აკეთებენ - აფხაზეთში საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობას დაბრკოლებებს უქმნიან. მინისტრი თავისი ბრძანებებით ძალიან აქტიურად ეხმარება მათ. ესმის თუ არა მოსკოვში შეწყვეტილი კარიერის აღდგენის იდეით დაბრმავებულ მინისტრს ეს, დარწმუნებული არ ვარ. მაგრამ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს ხელისუფლებას უნდა ესმოდეს: ჩვენ თვალწინ მიიღება ანტიაფხაზური გადაწყვეტილებები, რაც იწვევს აფხაზეთის კიდევ უფრო მეტ იზოლაციას. ასეთი განკარგულებები მნიშვნელოვნად ართულებს აფხაზეთის საერთაშორისო კონტაქტების გაფართოების ამოცანის გადაჭრას, რომლის გარეშეც შეუძლებელია ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარების იდეის ხელშეწყობა“, - აღნიშნა მან.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებამდე, აფხაზეთში USAID-ის საქმიანობა „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სტუდენტებთან შეხვედრაზე გააკრიტიკა რუსული სატელევიზიო არხის, Russia Today-ის მთავარმა რედაქტორმა, კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა. ის სოხუმში 3 დეკემბერს იმყოფებოდა.
სიმონიანმა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას უსურვა „სიბრძნე, გამბედაობას და ძალა, რათა უკომპრომისოდ ებრძოლონ მათ და აფხაზური მიწიდან გააძევონ“.
„რა ლოზუნგებითაც არ უნდა მოვიდნენ ისინი, არანაირ სიკეთეს, მხოლოდ ბოროტებას მოგიტანენ. ეს ყველაფერი აუცილებლად სისხლისღვრით დასრულდება, როგორც მათი ყველა ჩარევა“, - თქვა მარგარიტა სიმონიანმა.
მანამდე, რამდენიმე კვირით ადრე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ ახლო მომავალში აფხაზეთი იმ საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობას აკრძალავს, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად განიხილავენ.
2022 წლის მაისში ინალ არძინბამ დახურა საერთაშორისო ორგანიზაციის, „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“, პროექტი. მაშინ არძინბამ თქვა, რომ მიუღებელია პროექტები, რომლებიც აფხაზებისა და ქართველების პირდაპირ დიალოგს ხელს უწყობს.