„არ მინდა ვიფიქრო, რომ მოსამართლე ცოლის გავლენის ქვეშ არის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვაზე, ხომ არ არის მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილების „ერთ-ერთი ფაქტორი“ მისი მეუღლე. მას შემდეგ, რაც თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო და ხმის ფარულობის დარღვევა დაადგინა, სამთავრობო პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსამართლის ცოლი, ელზა გურგენიძე „რადიკალური ოპოზიციის აქტივისტია“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 3 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
- 6 აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
შალვა პაპუაშვილის თქმით, თეთრიწყაროს მოსამართლის საპირწონედ დგას 22 მოსამართლის გადაწყვეტილება, რომლებიც საკითხს სხვანაირად ხედავენ.
„იცით, რომ საია (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) იყო ფარულობის დარღვევაზე მომჩივანი. ხაზი უნდა გაესვას ერთ რამეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არცერთი საჩივარი არჩევნების დღეს არ დაწერილა, იმ დღეს რაიმე განცხადებები არ მოგვისმენია, არჩევნებიდან მხოლოდ მეხუთე დღეს გაახსენდათ. საიამ გაასაჩივრა ზოგადად ყველა უბანი, ყველა საოლქო კომისიაში და სასამართლოში ისე, რომ რაიმე კონკრეტული დარღვევა არ დაუფიქსირებია, ზოგადად გაასაჩივრეს ყველგან. 23-მა მოსამართლემ განიხილა ეს საჩივარი სხვადასხვა რაიონში. 22-მა ჩათვალა, რომ არ იყო ფარულობა დარღვეული, ერთმა მოსამართლემ გუშინ ჩათვალა, რომ ფარულობა იყო დარღვეული. ამის შემდეგ, ეს 23-ვე წავა სააპელაციო სასამართლოში და სასამართლო მიიღებს უკვე საბოლოო გადაწყვეტილებას.
ის, რომ ერთმა მოსამართლემ ასე განმარტა ეს საკითხი, ამის საპირწონედ დგას 22 მოსამართლე და 22 გადაწყვეტილება, რომელიც სხვანაირად ხედავს საკითხს. სიმართლე გითხრათ, ამის უკან დგას ასევე საღი აზრი.
თუკი მივყვებით ჩვენ ამ ლოგიკას, რომ ასეთი რამ ითვლება ფარულობის დარღვევად, მაშინ გასაუქმებელია მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნები, ლიეტუვის პარლამენტის არჩევნები, პოლონეთის და ბევრი სხვა ქვეყნის არჩევნები, სადაც პირდაპირ ვხედავთ, რომ არც კონვერტია გამოყენებული, შემოხაზული ბიულეტენიც ჩვეულებრივად გამოაქვთ და აგდებენ ნახევრად გამჭვირვალე ყუთში, სადაც ჩანს, რა არჩევანი გააკეთა ამომრჩეველმა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
4 ნოემბერს, გვიან საღამოს, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ ყველა სხვა რაიონული სასამართლოსგან განსხვავებით პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო, ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და თეთრიწყაროსა და წალკის 30 საარჩევნო უბნის (ელექტრონული) შედეგები ბათილად ცნო. მოსამართლემ საქმის განხილვის დროის მოითხოვა ხმის მთვლელი აპარატი, ბიულეტენი, მარკერი და ჩარჩო კონვერტი. სასამართლო სხდომაზე ჩატარდა ტექნიკური შემოწმება, რომლის დროსაც დადგინდა, რომ აპარატში ბიულეტენების მოთავსებისას, უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანი ხილვადია.
ცენტრალური საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას დაუსაბუთებელს უწოდებს და ამტკიცებს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლის ხმის ფარულობა დაცული იყო. კერძოდ, მათი განცხადებით, ხმის ფარულობას უზრუნველყოფდა სპეციალური ჩარჩო ფორმა, რომლის „ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენებაც გამორიცხავს ამომრჩევლის ნების იდენტიფიცირებას“.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გასულ კვირაში 73 საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა საჩივრებით და 2263 საარჩენო უბნის შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ არჩევნებზე ხმის ფარულობის კონსტიტუციური უფლება მასობრივად დაირღვა - ბიულეტენების უკანა მხარეს გაფერადებული წრის კვალი რჩებოდა და ხილვადი იყო. გარდა ამისა, თითქმის ყველა უბანზე დამონტაჟებული იყო „ქართული ოცნების“ ვიდეოკამერები, რომელიც მიმართული იყო ხმის მთვლელი/მიმღები აპარატისკენ. 73 საოლქო საარჩევნო კომისიიდან საიას საჩივარი არცერთმა არ დააკმაყოფილა. მათ პასუხისმგებლობა ამომრჩეველზე გადაიტანეს და განაცხადეს, რომ შესაბამისი წესების დაცვის შემთხვევაში ხმის ფარულობა დაცული იქნებოდა. კომისიების გადაწყვეტილებები საიამ 24 რაიონულ და საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა.