„საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს იქნება ჩვენი ერთობლივი გამარჯვება, ეს იქნება ევროპის სიძლიერისა და ერთობის კიდევ ერთი დადასტურება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვილნიუსში, ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილება იყო და იმას ნიშნავდა, რომ ის გეოგრაფიული კედელი, რომელიც საქართველოსა და ევროპას შორის იყო აღმართული, საბოლოოდ დაინგრა.
„ეს კითხვა: ეკუთვნის თუ არა საქართველო ევროპულ ოჯახს და ევროპულ პერსპექტივას, ჩვენს წინაშე უკვე აღარ არსებობს. ეს ძალიან დიდი მიღწევაა. დღეს კი, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება ჩვენი უალტერნატივო მიზანია და მე ამას ვამბობ როგორც საქართველოს პრეზიდენტი და როგორც ხმა მთელი ქართველი ერისა. დღეს საქართველოს საზოგადოება კონსოლიდირებულია ევროკავშირში ინტეგრაციის იდეის ირგვლივ“, - თქვა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს დიდ ევროპულ ოჯახში ისტორიული ადგილის დაბრუნებას.
„თითქმის 20 წელია, რაც ლიეტუვა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანდა. ორი ათწლეულია, რაც მოწმენი ვართ ევროპისა და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში ლიეტუვას განსაკუთრებული წვლილისა, ივლისსში ლიეტუვა ნატოს ვილნიუსის სამიტის მასპინძელია.
საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ვილნიუსის ნატოს სამიტში უმაღლეს დონეზე ჩართულობას. ჩვენ, გასული 20 წლის განმავლობაში, ღირსეული და საიმედო პარტნიორობის მრავალი მაგალითი ვუჩვენეთ ალიანსს, დროა, რომ ალიანსი ქმედითი ნაბიჯების გადადგმით დაუბრუნდეს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის სულისკვეთებას და ივლისში, აქ, ვილნიუსში საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროგრესი დაგვანახოს. ზოგადად, არავინ უნდა დაუშვას საქართველოს და ქართველი ხალხის იმედგაცრუება. არავინ არ უნდა მისცეს რუსეთს ცრუ იმედები, რომ იზოლირებული საქართველო მისი ახლად და ადვილ სამიზნედ იქცეს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საპასუხოდ, ლიეტუვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობისაკენ სწრაფვა მოკლე და მარტივი გზა არ არის. გიტანას ნაუსედას თქმით, ეს ხელშესახები რეფორმების და ქვეყნის ტრანსფორმაციის გზაა, რომელსაც სარგებელი მოაქვს ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობისთვის.
„ჩვენ გვწამს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის და გვჯერა, რომ ეს გახდება მთავრობისთვის მაკონსულირებელი, რომ განახორციელოს რეფორმები. ჩვენ შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ უსაფრთხოების გამოწვევებზე, ჰიბრიდულ საფრთხეებსა და დეზინფორმაციაზე, აუცილებლობაზე, რომ გაიზარდოს საზოგადოების მედეგობა, გაძლიერდეს ქვეყნის ინსტიტუტების შესაძლებლობები და გაძლიერდეს პრო-ევროპული და პრო-ატლანტიკური მისწრაფებები.
პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და მედიაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა, არ არის გზა, რომელიც დემოკრატიასა და მოქალაქეობის მედეგობას აძლიერებს“, - თქვა ნაუსედამ და დაამატა, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს გააღრმავოს ურთიერთობა ნატოსთან.
2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებით, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭათ, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიამ საქართველოს შესასრულებლად 12 რეკომენდაცია განუსაზღვრა, რომელთა შორის არის დეოლიგარქიზაცია, პოლიტიკური პოლარიზაციის მოგვარება, სასამართლო რეფორმის გატარება, ანტიკორუფციული სამსახურის გაძლიერება და მედიაგარემოს გაუმჯობესება. ევროკომისია საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების შესახებ შეფასებას 2023 წლის შემოდგომაზე მოამზადებს და რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, რომელიც სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებია ორგანოა.
რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა დღეს, 3 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას ემხრობა. უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსების შესახებ განახლებულ მოსაზრებას კომისია მაისში წარმოადგენს, გაფართოების პაკეტის ფარგლებში საბოლოო შეფასება კი ოქტომბერშია მოსალოდნელი: „ასე რომ, დარჩენილია 6 თვე, მაგრამ სამუშაო დაშვება ამ დროისთვის ასეთია: უკრაინას და მოლდოვას - რეკომენდაცია გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, საქართველოს - კანდიდატის სტატუსი“, - ამბობს ჟურნალისტი.