ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსულ კანონს, რომელსაც „ქართული ოცნება“ დიდი ალბათობით პირველი მოსმენით დღეს მიიღებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 3 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
- 6 აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
დეპარტამენტის პრესმდივნის, მეთიუ მილერის თქმით, ჯერ არ ისაუბრებს შედეგებზე, რაც ამ კანონის მიღებას შეიძლება მოჰყვეს.
„ჩვენ ვრჩებით ღრმად შეშფოთებულნი, რომ ეს კანონპროექტი ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაზე მუშაობენ და საქართველოს ევროპული გზიდან გადაიყვანს. ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ, რომ ეს კანონპროექტი ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. მაგრამ იმის გამო, რომ ეს რჩება კანონპროექტად, მე არ ვაპირებ დღეს ვისაუბრო რაიმე შედეგებზე, იმ შემთხვევაში, თუ მას კანონად მიიღებენ“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის მორიგ კრიტიკულ განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა და ამერიკული ფონდების მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების გასაჯაროება მოითხოვა.
„ყველაზე მარტივი ხომ არის, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) ყველა პროექტი გაასაჯაროონ. ის დაფინანსებულია აშშ-ის ბიუჯეტიდან, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტი იქნება ამ საკითხებში ჩართული. ექვს განცხადებას, უფრო მარტივი არაა, თქვან, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა და აი, აქ დევს NED-ის დაფინანსება. რატომ არ ასაჯაროებენ? ხომ უმარტივესი კითხვაა? ხომ ყველაფერი გამჭვირვალეა? ხომ ამბობენ, რომ ქართველი ხალხის სიკეთისთვის აკეთებენ ამ ყველაფერს, არაფერი დასამალი არაა და ეს მეგობრული ფულია. ექვსი განცხადების ნაცვლად, უფრო მარტივი იქნებოდა, გააკეთონ ის, რაც მათზეა დამოკიდებული. კანონის მიღება ან არ მიღება ხომ არ არის მათზე დამოკიდებული. მათზეა დამოკიდებული ის, რომ თქვან, ყველაფერი არის გამჭვირვალე, აი, ეს არის NED-ის დაფინანსება“, - განუცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
15 აპრილს, საერთაშორისო კრიტიკისა და თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო აქციის ფონზე, საპარლამენტო უმრავლესობამ დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდველ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მხარი დაუჭირა.
„ქართულმა ოცნებამ“ დააბრუნა ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომელზეც უარი ერთი წლის წინ, მარტში, საზოგადოების მასშტაბური პროტესტის შედეგად თქვა და პირობა დადო, რომ ის „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“ გაიწვია პარლამენტიდან. კანონპროექტის ტექსტი იგივე დარჩა - მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვალა ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. მმართველი პარტია აპირებს, რუსული კანონი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ ამან შესაძლოა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი დააზიანოს.