თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე, რომელიც პროკურატურამ გუშინ დააკავა, წარდგენილ ბრალდებას აღიარებს. ამის შესახებ ბრალდებულთან შეხვედრის შემდეგ მისმა ადვოკატმა, დარეჯან ბუცხრიკიძემ და საქმის პროკურორმა მარიამ მეშველიანმა განაცხადეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. ის აღიარებს და ინანიებს დანაშაულს. მინდა საზოგადოებას ვამცნო, რომ მას შეეშალა ტელეფონი და პირადად ბაჩალიაშვილის ტელეფონზე არ იყო საუბარი. აერია. რაღაც ტელეფონი ამოიღო, რომელიც ჩათვალა, რომ ბაჩალიაშვილის ტელეფონი იყო. ამ საქმის სხვა ტელეფონზეა საუბარი“, - უთხრა ჟურნალისტებს დარეჯან ბუცხრიკიძემ.
ადვოკატმა უარყო, რომ შესაძლოა შუბითიძეზე ზეწოლა ხორციელდებოდეს. თუმცა, დაკავებამდე სერგო შუბითიძე ამბობდა, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს უთვალთვალებდნენ, გამომძიებლები კი სთხოვდნენ, ეთქვა, თითქოს ტელეკომპანია „ფორმულას“ ინტერვიუ აფექტის მდგომარეობაში მისცა.
ბრალდებული ცრუ ჩვენების მიცემის მოტივს არ ასახელებს: „დეტალური ინფორმაციისგან, ამ ეტაპზე, თავი შეიკავა. როგორც მან განმარტა, დეტალურ ინფორმაციას სასამართლოს მიაწვდის“, - აღნიშნა საქმის პროკურორმა.
პროკურატურა სასამართლოს დღეს მიმართავს და სერგო შუბითიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. რაც შეეხება დაცვის მხარეს, დარეჯან ბუცხრიკიძის თქმით, სასამართლოს გირაოს გამოყენებას შესთავაზებს - სთხოვს გაითვალისწინოს, რომ ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და მას სამი შვილი ჰყავს.
29 აპრილს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში სერგო შუბითიძის ინტერვიუ გავიდა, სადაც ის ამბობს, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მიერ თავის მოკვლის ვერსიის არ სჯერა და ეჭვობს, რომ საქმე გაყალბდა. ამ ვარაუდის დამადასტურებელ ერთ-ერთ გარემოებად ის ასახელებდა თამარ ბაჩალიაშვილის მობილურ ტელეფონს, რომელიც, მისივე თქმით, გამომძიებელმა ელგუჯა აპუაშვილმა სამუშაო ოთახში, დაულუქავ მდგომარეობაში მიუტანა. სერგო შუბითიძის თქმით, ტელეფონი გარდაცვლილი ქალის ავტომობილიდან ამოღების შემდეგ, სავარაუდოდ, ჩართეს და მასში 18 ივლისამდე არსებული ინფორმაცია წაშალეს. ელგუჯა აპუაშვილმა, რომელიც დღემდე თეთრიწყაროს პოლიციაში მუშაობს, „ფორმულასთან“ განაცხადა, რომ „საქმიდან დიდი ხანია გასული“ და შუბითიძისთვის დაულუქავი ტელეფონის მიტანის ფაქტი არ ახსოვს.
ინტერვიუში სერგო შუბითიძემ კიდევ ერთ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, იმ კომპანიის („ზეგ“) თანამშრომლები, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, პროკურატურიდან მიღებული კითხვების მიხედვით გამოჰკითხეს: „ჩვენ მოგვივიდა შაბლონი, სადაც კითხვების ჩამონათვალი იყო და გვითხრეს, რომ ამის მიხედვით გამოგვეკითხა ადამიანები, არც მეტი, არც ნაკლები“. გამომძიებლის თქმით, არსებობდა ვერსია, რომ ბაჩალიაშვილი ქოლ-ცენტრში მუშაობდა.
ინტერვიუს მიცემის შემდეგ პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკმა სერგო შუბითიძემ პატაკი დაწერა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გამომძიებლის თანამდებობა დატოვა.
პროკურატურამ გამოძიება მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მუხლით დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას სერგო შუბითიძემ ტელეკომპანიისთვის მიწოდებული ინფორმაცია გაიმეორა, რაც „არაერთ ტყუილს შეიცავდა და მიზნად ისახავდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის, საზოგადოების, საგამოძიებო უწყებისა და მართლმსაჯულების შეცდომაში შეყვანას“. საქმის მასალების მიხედვით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტო და ვიდეომასალით დასტურდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანიდან 22 ივლისს ამოღებული მობილური ტელეფონი შემთხვევის ადგილზევე დაილუქა, იმავე დღეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საექსპერტო კვლევისთვის გაიგზავნა და 12 აგვისტომდე ტელეფონი არცერთ გამომძიებელს არ გაუხსნია.
„ვინაიდან, არ იყო ცნობილი თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონის ე.წ. ფასკოდი. სამხარაულის ბიუროს ექსპერტებმა, მხოლოდ სპეციალური პროგრამის მეშვეობით შეძლეს მობილური ტელეფონის მეხსიერებაში შეღწევა, რის შედეგადაც ტელეფონში არსებული ინფორმაციის ამოღება მოხდა. ამოღებული ინფორმაციით ცალსახად დასტურდება, რომ 2020 წლის 18 ივლისამდე პერიოდის ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის მობილურ ტელეფონში არსებობდა“, - განაცხადეს პროკურატურაში.
რაც შეეხება თამარ ბაჩალიაშვილის თანამშრომლების გამოკითხვას, პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ხელახლა გამოიკითხა კომპანიის ყველა, 45-ვე თანამშრომელი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ სერგო შუბითიძეს არცერთ მათგანთან არანაირი შეხება არ ჰქონია.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სერგო შუბითიძეს ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. მისი ცხედარი 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ მისსავე ავტომობილში იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით დაიწყო, თუმცა ხუთ თვეში დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძვლით შეწყდა. გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ექსპერტიზის დასკვნით, სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია გახდა. ოჯახი და ადვოკატები თვითმკვლელობის ვერსიას თავიდანვე უარყოფდნენ, ვარაუდობდნენ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი სხვა ადგილზე მოკლეს და ავტომობილი მაწევანის ტერიტორიაზე მოგვიანებით გადაიტანეს. ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატები მიიჩნევენ, რომ სერგო შუბითიძის მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია ხელახალი გამოძიების საფუძველია.