თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე პროკურატურამ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით დააკავა. ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში შუბითიძე ამბობდა, რომ ახალგაზრდა ქალის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და ეჭვობს, რომ საქმე გაყალბდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
29 აპრილს „ფორმულას“ ეთერში შუბითიძის ინტერვიუს გასვლის შემდეგ, პროკურატურამ გამოძიება მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მუხლით დაიწყო. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას სერგო შუბითიძემ ტელეკომპანიისთვის მიწოდებული ინფორმაცია გაიმეორა, რაც „არაერთ ტყუილს შეიცავდა და მიზნად ისახავდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის, საზოგადოების, საგამოძიებო უწყებისა და მართლმსაჯულების შეცდომაში შეყვანას“.
„ინტერვიუს მიმდინარეობისას, ისევე როგორც სასამართლოში დაკითხვის დროს, ბრალდებულმა განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გვამის აღმოჩენის შემდგომ, საქმეზე გამოძიება უშუალოდ მან დაიწყო. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2020 წლის 19 ივლისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოში. მოცემული მომენტისთვის ბრალდებული პოლიციის ხსენებულ განყოფილებაში საერთოდ არ მუშაობდა და სისხლის სამართლის საქმის მასალებით დადგენილია, რომ გამოძიება დაიწყო არა ბრალდებულმა, არამედ გამომძიებელმა ჯიმშერ აფციაურმა. ბრალდებულმა ასევე განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გვამის აღმოჩენის დღეს, დაახლოებით 16:00-16:30 დროის პერიოდში, სანამ შემთხვევის ადგილის დათვალიერება დასრულდებოდა, მასთან გამომძიებელი ელგუჯა აპუაშვილი მივიდა, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ტელეფონი დაულუქავ მდგომარეობაში მოუტანა. ბრალდებულის მონათხრობით, თითქოს, ელგუჯა აპუაშვილმა მას ასევე გადასცა ლუქი და უთხრა, რომ ბრალდებულს უნდა დაელუქა თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონი. ბრალდებულის ჩვენებით, მობილური ტელეფონი იყო გაწმენდილ მდგომარეობაში, რომელიც მან დალუქა და ელგუჯა აპუაშვილს უკან გაატანა. მისივე განმარტებით, 2020 წლის 23 ან 24 ივლისს, მობილური ტელეფონის დათვალიერების მიზნით, გახსნა მის მიერვე დალუქული პაკეტი, რის თაობაზე შეადგინა შესაბამისი ოქმი.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 22 ივლისს, 13:35 საათიდან 19:20 საათამდე დროის მონაკვეთში, დათვალიერდა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მაწევანის ტერიტორია და თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანიდან, სხვა ნივთებთან ერთად, ექსპერტ-კრიმინალისტებმა ამოიღეს მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელი ელგუჯა აპუაშვილი საგამოძიებო მოქმედებაში არ მონაწილეობდა. უფრო მეტიც, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას უწყვეტად მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედების პროცესის ვიდეოგადაღება, ასევე განხორციელდა ადგილმდებარეობის და შემთხვევის ადგილის ფოტოგრაფირება. ვიდეოჩანაწერში ნათლად და მკაფიოდ ჩანს, რომ გამომძიებელი ელგუჯა აპუაშვილი არ მონაწილეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში“, - აცხადებენ პროკურატურაში.
რაც შეეხება სერგო შუბითიძის განცხადებას, თითქოს ელგუჯა აპუაშვილმა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონი მიუტანა დაულუქავი, გასუფთავებული და მასზე არ აღინიშნებოდა არანაირი ლაქა, პროკურატურის მტკიცებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტო და ვიდეომასალით დასტურდება, რომ ავტომანქანიდან ამოღებული მობილური ტელეფონი, შესაბამისი პროცედურის დაცვით, შემთხვევის ადგილზევე დაილუქა: „ტელეფონი დასვრილი იყო გვამიდან გამოჟონილი სითხით და მატლებით, რის გამოც ექსპერტების მიერ სპეციალურ მაგიდაზე არსებულ თაბახის ფურცელზე მოთავსების შემდგომ, შეხვეულ იქნა დოლბანდში და დაილუქა სპეციალურ პაკეტში. იმავე დალუქული სპეციალური პაკეტით, ისე, რომ არ მომხდარა მისი გახსნა, 2020 წლის 23 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი, მასზე არსებული კვალის ნიმუშების აღების მიზნით, არა ბრალდებულის, არამედ სხვა გამომძიებლის მიერ იგზავნება შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში. აღნიშნული დეპარტამენტის 2020 წლის 24 ივლისის წერილით ირკვევა, რომ გამომძიებელს თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი, დალუქული სახით, სამ სხვა პაკეტთან, მათ შორის - მობილური ტელეფონიდან აღებულ ე.წ. შემკვრივებულ მასასთან ერთად უბრუნდება. დალუქული მობილური ტელეფონი, იმავე დღეს, იგზავნება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საექსპერტო კვლევისთვის, საიდანაც, ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, საგამოძიებო ორგანოს უბრუნდება 2020 წლის 12 აგვისტოს. 2020 წლის 22 ივლისიდან 12 აგვისტომდე პერიოდში, დალუქული მობილური ტელეფონის გახსნა არცერთი გამომძიებლების მიერ არ მომხდარა“.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა ექსპერტი, რომელმაც 2020 წლის 23 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან ნიმუშები აიღო. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ექსპერტმა განმარტა, რომ მობილური ტელეფონი იყო დალუქული შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის სპეციალურ პაკეტში და მისი მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.
„ექსპერტის ჩვენებით, ნივთმტკიცების გახსნისას აღმოჩნდა, რომ მობილური ტელეფონი ჭრელი ფერის დამცავით მოთავსებული იყო თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტში, შეხვეული იყო სამედიცინო დოლბანდში, ნივთმტკიცების პაკეტში იყო მატლები. ექსპერტის ჩვენება სრულ თანხვედრაშია საექსპერტო დასკვნის ფოტო-ილუსტრაციასთან, საიდანაც დასტურდება, რომ ექსპერტთან მობილური ტელეფონი მივიდა შემთხვევის ადგილზე მისი დალუქვისას არსებული მდგომარეობით და შუალედში ლუქის გახსნას ადგილი არ ჰქონია - შემთხვევის ადგილზე გამოყენებული სპეცპაკეტის გახსნის შემთხვევაში, შეუძლებელი იქნებოდა მისი პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. ასევე, აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის მიერ ინტერვიუს დროს ხსენებული ლუქის გამოყენება, სპეცპაკეტის შემთხვევაში საერთოდ არ ხდება - სპეცპაკეტი განკუთვნილია ნივთების დასალუქად და ცალკე ლუქის დაწებებას/დაკვრას არ საჭიროებს“, - აცხადებს პროკურატურა.
ბრალდების თანახმად, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ 2020 წლის 22 ივლისს, 16:46 საათამდე სერგო შუბითიძე რუსთავში იმყოფებოდა, ხოლო 16:48 საათზე უკვე ფონიჭალაში იყო და თბილისისკენ მიდიოდა, სადაც 23 ივლისის 01:29 საათამდე დარჩა. „შესაბამისად, იმ პერიოდში, როდესაც სერგო შუბითიძე უთითებს ელგუჯა აპუაშვილის მიერ ტელეფონის მიტანას, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონი არის შემთხვევის ადგილას და გამომძიებლების, ექსპერტების და ადვოკატის მონაწილეობით ხორციელდება მობილური ტელეფონის ამოღების პროცედურები. თავად სერგო შუბითიძე კი ამ დროს იმყოფება თბილისში“.
პროკურატურის განცხადებით, სიცრუეა სერგო შუბითიძის მიერ ჯერ ინტერვიუს დროს გაჟღერებული, შემდეგ კი სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, თითქოს, თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონში შენახული იყო მხოლოდ 2020 წლის 18 ივლისის შემდგომი პერიოდის ინფორმაცია.
„გამოძიებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სასამართლოს აწვდის ცრუ ჩვენებას, ვინაიდან, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონი არ გახსნილა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაგზავნამდე. შესაბამისად, არ დათვალიერებულა არცერთი გამომძიებლის მიერ, მათ შორის - არც სერგო შუბითიძის მიერ. ვინაიდან, არ იყო ცნობილი თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონის ე.წ. ფასკოდი. სამხარაულის ბიუროს ექსპერტებმა, მხოლოდ სპეციალური პროგრამის მეშვეობით შეძლეს მობილური ტელეფონის მეხსიერებაში შეღწევა, რის შედეგადაც ტელეფონში არსებული ინფორმაციის ამოღება მოხდა. ამოღებული ინფორმაციით ცალსახად დასტურდება, რომ 2020 წლის 18 ივლისამდე პერიოდის ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის მობილურ ტელეფონში არსებობდა.
გარდა ამისა, ბრალდებულმა სატელევიზიო ინტერვიუში და სასამართლოში მიცემული ჩვენებისას განმარტა, რომ მან თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოკითხა იმ კომპანიის თანამშრომლები, სადაც დასაქმებული იყო თამარ ბაჩალიაშვილი. მას წინასწარ განუსაზღვრეს ის კითხვები, რომლებიც უნდა დაესვა მოწმეებისთვის. ბრალდებულის განმარტებით, მან გამოკითხა კომპანიის 4-6 თანამშრომელი. აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმიდან ამოღებულ იქნა კომპანია „ზეგის“ თანამშრომლების გამოკითხვის ოქმები, რომელთა მიხედვით დადგინდა, რომ არცერთი მათგანი არ არის შედგენილი ბრალდებულის მიერ. მიუხედავად ამისა, გამოძიების ფარგლებში ხელახლა გამოიკითხა აღნიშნული კომპანიის ყველა, 45-ვე თანამშრომელი, რის შედეგადაც კიდევ ერთხელ დადგინდა, რომ ბრალდებულს არცერთ მათგანთან არანაირი შეხება არ ჰქონია. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილშიც, დაკავებულმა სასამართლოს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია“, - აცხადებს პროკურატურა.
სერგო შუბითიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა, რაც მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს. პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.
პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკმა შუბითიძემ რომელიც ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გამომძიებელი იყო, სატელევიზიო ინტერვიუს შემდეგ პატაკი დაწერა და თანამდებობა დატოვა.
23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. მისი ცხედარი 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ მისსავე ავტომობილში იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით დაიწყო, თუმცა ხუთ თვეში დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძვლით შეწყდა. გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ექსპერტიზის დასკვნით, სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია გახდა. ოჯახი და ადვოკატები თვითმკვლელობის ვერსიას თავიდანვე უარყოფდნენ, ვარაუდობდნენ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი სხვა ადგილზე მოკლეს და ავტომობილი მაწევანის ტერიტორიაზე მოგვიანებით გადაიტანეს. ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატები მიიჩნევენ, რომ სერგო შუბითიძის მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია ხელახალი გამოძიების საფუძველია.