ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული ბადრი ესებუა დამნაშავედ ცნო ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
მოსამართლე შოთა ბიჭიამ არ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა დანაშაულისთვის გათვალისწინებული მაქსიმალურ სასჯელის, 6-წლიანი პატიმრობის გამოყენების თაობაზე. პროკურორ მირანდა წერეთლის თქმით, ბრალდების მხარე მოსამართლის დასაბუთებული გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ გადაწყვეტს, გაასაჩივრებს თუ არა სასჯელის ზომას.
„ბადრი ესებუა აღნიშნულ დანაშაულს აღიარებდა. სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდებულის აღიარება და ის, რომ მან ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას“, - განაცხადა ესებუას ერთ-ერთმა ადვოკატმა, ხათუნა ჯანაშიამ.
35 წლის ბადრი ესებუა, რომელიც 2020 წლიდან ძებნილი იყო „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმისთვის, 2023 წლის 8 თებერვალს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულს დაკავებისას მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოაჩნდა. სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს იარაღი არ გამოუყენებია და დანაშაული არ ჩაუდენია.
2020 წლის 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ბადრი ესებუა ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და იქ მყოფი პირები, 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელმა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 დოლარი და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებისთვის გარანტიები მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. მოლაპარაკებები დაახლოებით შვიდი საათი გაგრძელდა. გვიან ღამით მას გამოსასყიდი თანხა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელმა დირექტორმა, ავთანდილ გალდავამ მიუტანა, რის შემდეგაც თავდამსხმელმა ბანკის შენობა მასთან და 3 მძევალთან ერთად დატოვა. როგორც მძევლები ჰყვებიან, ესებუამ ისინი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და ფულთან ერთად გაუჩინარდა.
2020 წლის 27 ნოემბერს ესებუას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის. დანაშაულები 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
