ბლინკენი რუსულ კანონზე: მივიღეთ ზომები შეშფოთების გამოსახატად, ალბათ უფრო მეტს იხილავთ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოში ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან კიდევ მეტი რეაგირებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ სახელმწიფო მდივნმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ბრუკინგსის ინსტიტუტის დისკუსიაზე ბლინკენისთვის დასმული შეკითხვა საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ეხებოდა.

„თქვენ ძალიან სწორედ აღნიშნეთ რეგიონში უზარმაზარი ძვრების შესახებ. ჩვენ გვაქვს როგორც რეალური შეშფოთებები, ისე რეალური შესაძლებლობები. თქვენ აღნიშნეთ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი საქართველოში. ჩვენ და მრავალმა სხვა ქვეყანამ არა მხოლოდ გამოვთქვით ჩვენი ღრმა შეშფოთება ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მის მიღებასთან დაკავშირებით, ჩვენ ასევე მივიღეთ ზომები ამ შეშფოთების გამოსახატად. ვფიქრობ, ალბათ უფრო მეტს იხილავთ. ვფიქრობ, ეს აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ მიმართულებას, რომელიც საქართველოსა და ქართველის ხალხის უმრავლესობას ნათლად სურს.

სომხეთი და აზერბაიჯანი - არსებობს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, პოტენციალი ქვეყნებს შორისსამშვიდობო შეთანხმების რეალიზებისთვის, რომელიც დაასრულებს ათწლეულების კონფლიქტს და რეალურად შექმნის რეგიონში, ვფიქრობ, უზარმაზარ შესაძლებლობას ეკონომიკური კავშირებისთვის, ეკონომიკური ზრდისთვის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის დასაკავშირებლად. აზერბაიჯანი აქ გადამწყვეტ როლს თამაშობს. ჩვენ ინტენსიური ინვესტიცია ჩავდეთ საკუთარი დიპლომატიით, რათა დავეხმაროთ აზერბაიჯანსა და სომხეთს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში. ჩვენ ეს გავაკეთეთ ევროკავშირთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით, კოორდინაციით. მიმაჩნია, რომ ეს მიღწევადია და ეს გამოხატავს აზერბაიჯანის, სომხეთის და ასევე, ფართო რეგიონის ინტერესებს.

ასე რომ, ჩვენ მზად ვართ გამოწვევებისთვის, მათ შორის, საქართველოში. ჩვენ ასევე ძალიან ფოკუსირებულები ვართ ზოგიერთ შესაძლებლობებზე და ეს შესაძლებლობა რეალურია“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ბოლო პერიოდში საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი მიიღო და საპროტესტო აქციები დაარბია, აშშ-მა ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო, რაც ფინანსური დახმარების გადახედვასაც გულისხმობს. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო სანქციების პირველი ნაწილი გამოაცხადა. საუბარია ორ-სამ ათეულ ადამიანზე, მათ შორის „ქართული ოცნების“ წევრებზე, პარლამენტის დეპუტატებზე, ძალოვანი ორგანოების თანამშრომლებსა და კერძო პირებზე, რომლებსაც აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ. გავრცელებული ინფორმაციით, სანქცირებულთა შორის არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილიც.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).