„ერთი რამ ცხადია - ევროკავშირში გასაწევრიანებლად საქართველოსთვის კარი ღიაა, მაგრამ თუ მთავრობა იმავე გზას გააგრძელებს, გააგრძელებს იმის კეთებას, რასაც აკეთებს, ეს კარი დაიხურება. შედეგებისთვის კი ქართველი ხალხი გადაიხდის, დაზარალდება იმით, რომ ევროპული პერსპექტივა შემცირდება ან გაუქმდება კიდეც. სერიოზულ რამეებზე ვსაუბრობთ. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ევროკავშირის კარი ღია არ იქნება“, - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
საბჭოზე დღეს საქართველოში არსებული ვითარებას განიხილავენ. როგორც ბორელმა ჟურნალისტებს უთხრა, ის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს წარუდგენს დოკუმენტს, სადაც ჩამოთვლილია ვარიანტები, თუ რისი გაკეთება შეუძლია ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებაში „მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში“.
შეკითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა საქართველოსთან დაკაშირებით გადაწყვეტილებების მიღება დღეს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა თქვა „არა“.
„ოპერატიული გადაწყვეტილებები - დღეს, არა. რადგან დღეს საორიენტაციო დებატებია. როგორც ვთქვი, მაგიდაზე ვდებ სრულ ანალიზს იმისას, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია და ამაზე მინისტრები იდებატებენ. ასე რომ, დღეს არ ელოდოთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ეს არის პოლიტიკური საორიენტაციო დებატები.
თუმცა, მოკლევადიან პერსპექტივაში არის ზომები, რომლებიც შეიძლება იქნას მიღებული, მაგალითად, ევროპის სამშვიდობო მექანიზმის (European Peace Facility) მხარდაჭერის შეწყვეტა; ან მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტების შეწყვეტა; ან განიხილება ფინანსური მხარდაჭერის იმ ნაწილის შეჩერება, რომელიც პირდაპირ მთავრობაზე მიდის.
ჩვენ არ გვინდა მოქალაქეებზე გავლენა მოვახდინოთ. ჩვენ არ გვინდა მეტი ტკივილი მივაყენოთ მშვიდობიან მოსახლეობას, მაგრამ არის გადაწყვეტილებები - და ისინი ჩამოთვლილია. დღის ბოლოს შემიძლია გითხრათ, როგორი იქნება მინისტრების რეაქცია ჩემს წინადადებებზე“, - აღნიშნა ბორელმა.
მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ მასშტაბური საპროტესტო აქციების, დასავლელი პარტნიორების მოწოდებებისა და პრეზიდენტის ვეტოს მიუხედავად, ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი დაამტკიცა, ევროკავშირში საპასუხო ზომებზე მსჯელობა დაიწყეს.
