„ჩემს გადადგომაზე ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს. მე აქ ვარ, სადაც ვარ, მაგრამ მე ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ. იმიტომ, რომ ეს არის ჩემი უმაღლესი კონსტიტუციური ვალდებულება. მე ვიცავ კონსტიტუციას, რამეთუ ეს ფიცი დავდე, როცა იყო ჩემი ინაუგურაცია, როგორც საქართველოს პრეზიდენტის. ვიქნები ბოლომდე ამ ფიცის ერთგული“, - საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სატელევიზიო მიმართვაში თქვა, რომ ევროპის ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად ბერლინში, ბრიუსელსა და პარიზში საკუთარი ფინანსური რესურსით ჩავიდა, რაც „სახელმწიფოსთვის სწორი არ არის“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
პრეზიდენტის თქმით, მას პატივისცემით ხვდებიან, რადგან ის წარმოადგენს ხალხს, რომელმაც აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული პერსპექტივა.
„ვსარგებლობ იმით, რაც არის ჩემი კონტაქტები, ნდობა, რომელიც არის პირველ რიგში თქვენს მიმართ. თქვენ რომ არ გამოსულიყავით და არ გეჩვენებინათ მთელი ევროპისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პერსპექტივა, მეც არ მექნებოდა ასეთი ნდობა, როცა სხვადასხვა ლიდერს ვხვდები.
მათ იციან, რომ მე ვარ თქვენი არჩეული და რომ ეს მომავალი თქვენი არჩეულია. ამიტომ არის, რომ ამ პატივისცემით მხვდებიან. ეს მე კი არ დავიმსახურე, თქვენ დაიმსახურეთ და მე ვარ ამაყი, რომ თქვენ წარმოგადგენთ ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში. მე ვარ ამაყი, რომ დღეს ამას ვაკეთებ ჩემი სახსრებით, თუმცა სახელმწიფოსთვის ეს არ არის სწორი. ქვეყნის პრეზიდენტი თავისი სახსრებით არ უნდა დადიოდეს ასეთ შეხვედრებზე... გავაგრძელებ. მაქვს გეგმა შემდეგი ქვეყნების, სადაც ჩავალ“ - თქვა მან.
პრეზიდენტის განცხადებით, „საქართველო არასოდეს დაბრუნდება რუსეთის ფეხქვეშ“.
„ეს არის ის, რაც ჩვენ ერთად გვაქვს დასაცავი. ერთად დავიცავით, თქვენ დაიცავით და მე მხარი დაგიჭირეთ 8 მარტს. ეს იქნება ჩვენი ერთიანი, მუდმივი სვლა, სანამ ჩვენ არ გავალთ ფონს და არ მივალთ იქ, სადაც არის საქართველოს ადგილი. ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ ამაში ყველანი ერთად ვართ და თუ ხელისუფლება ამას გაიგებს და შეეგუება, ეს იქნება ძალიან კარგი, თუ არადა ალბათ, მისი მომავალიც ამაზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
1-ელ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. მმართველი პარტია პრეზიდენტს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს, რადგან მთავრობის უარის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილმა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები მაინც დაიწყო. პრეზიდენტის თქმით, ის ევროპელ ლიდერებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ხვდება, „ქართული ოცნება“ კი ზურაბიშვილის შეხვედრებს საქართველოს ევროინტერგაციის მიზნის საზიანოდ მიიჩნევს.
30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტს უარი უთხრეს უკრაინაში, გერმანიაში, პოლონეთში, შვეიცარიაში, ბელგიაში, დანიაში, არაბთა საამიროებში, ისრაელში, ბულგარეთსა და ჩეხეთში ვიზიტებზე, რადგან ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 1-ელ სექტემბერს განაცხადა, რომ მიესალმება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მისწრაფებას ევროკავშირის გზაზე. მიშელთან შეხვედრამდე საქართველოს პრეზიდენტი 31 აგვისტოს გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
საკონსტიტუციო სარჩელის შესატანად სულ მცირე 50 დეპუტატის ხელმოწერაა აუცილებელი. საპარლამენტო უმრავლესობას 84 დეპუტატი ჰყავს. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს, გადაწყვეტილების შემდეგ კი პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმაა საჭირო, რაც „ქართულ ოცნებას“ არ აქვს. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშემშლელად და საბოტაჟად მიიჩნევს.