ჩვენი ქვეყნის მომავალი აღარ ეკუთვნის უცხო ქვეყნის აგენტებს - ღარიბაშვილი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს. ერთი რამ მინდა შევახსენო ყველას, მათ შორის რადიკალურ ოპოზიციას: სრული ლუსტრირება მოხდა იმისა, თუ ვის ემსახურებიან ეს ადამიანები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონპროექტებთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ბერლინში განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

პრემიერი რუსული კანონის ინიციატორების მოსაზრებებს იზიარებს და მის მიღებას მხარს უჭერს.

„თქვენ იცით, რომ კანონპროექტის ორი ვერსია არის შეტანილი პარლამენტში. ერთი ე.წ. ქართული ვერსია, რომელიც მოამზადა „ხალხის ძალამ“ და მეორე, ე.წ. ამერიკული ვერსია, ანუ, როგორც მე ამიხსნეს და ეს ვიცით, რომ ასე არის, რეალურად, ამერიკული კანონის თარგმნა მოხდა და ამის გადმოტანა ჩვენს რეალობაში. ამერიკაში ეს კანონი მიიღეს 1939 წელს, თუ არ ვცდები და მას შემდეგ ეს კანონი მოქმედებს, არსებობს და მე ვფიქრობ, არავის გასჩენია სურვილი იმისა, რომ განეკითხა ან განესაჯა, თუ რატომ მოქმედებს ასეთი კანონი ამერიკაში. ასეთი კანონი მოქმედებს ასევე სხვა ქვეყნებშიც.

ყველა ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, როგორი კანონი სჭირდება ქვეყანას მოცემულ დროს, მოცემულ მომენტში. ზოგადად, შემდეგი რამ მინდა ვთქვა - ჩვენ, ჩვენი ხელისუფლება, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი.

ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ჩვენ ჩვენი ქვეყანა მიგვყავს ევროინტეგრაციის გზაზე, ბოლო ათ წელიწადში, მგონი ყველამ კარგად ვიცით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა, რითაც საბოლოოდ დადასტურდა, რომ ჩვენ მართლაც ვიქნებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ახლა ჩვენ ველოდებით სტატუსს. ჩვენი ხელისუფლება ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს სტატუსი ძალიან მალე მივიღოთ. ნებისმიერი სპეკულაციები, რაც ჩვენ მოვისმინეთ ოპოზიციის მხრიდან, საფუძველს მოკლებულია. გასაგებია, რომ შეიძლება ბევრისთვის იყოს ეს მიუღებელი საკითხი, მაგრამ ხელისუფლება იმიტომ ვართ, რომ რაც სჭირდება ჩვენს ხალხს და ქვეყანას, ის გავაკეთოთ.

აი, მაგალითად, ჩვენ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიცით, რომელიც პირდაპირ ებრძვის სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფოს ინტერესებს. ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი ორგანიზაცია, რომლებიც უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებით ატარებდნენ ანტისამთავრობო მიტინგებს, ძალიან ბევრ პროვოკაციულ ღონისძიებას, რომელიც არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათი ეს დაფინანსება არ არის გამჭვირვალე.

მეორე მხრივ, ისინი ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ სრულად გამჭვირვალე უნდა იყოს მთავრობის საქმიანობა, პარლამენტის საქმიანობა და ეს ასეც არის. ჩვენ გამჭვირვალობით ვართ მოწინავე პოზიციებზე მთელს მსოფლიოში. თუნდაც, იგივე, ბიუჯეტის გამჭვირვალობით ჩვენ ვართ ნომერ პირველი. პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში. ასე, რომ მე ვფიქრობ, უსაფუძვლოა ის კამპანია, რაც ახლა მიმდინარეობს, მესმის, რომ მათთვის მტკივნეულია, იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ისინი ათეულ მილიონობით დოლარის გრანტს იღებდნენ და არავითარი გამჭვირვალობა, არავითარი ინფორმაცია, ანგარიშვალდებულება საზოგადოების, ჩვენი ხალხის წინაშე არ არსებობდა. მინიმალური სტანდარტი ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის არის ის აუცილებელი მოთხოვნა, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ და მსოფლიო სტანდარტს.

ძალიან მკაფიოდ იქნა განმარტებული ჩვენი კანონმდებლების, პარლამენტის მიერ, რომ ჯერ იგეგმება ამ ორივე კანონპროექტის მხარდაჭერა პირველი მოსმენით, ამის შემდეგ, როგორც ჩვენმა დეპუტატებმა განმარტეს, ეს კანონპროექტები გაიგზავნება ვენეციის კომისიაში. ჩვენ დაველოდებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, მათ შეფასებას და პარლამენტი გააგრძელებს განხილვას და მსჯელობას ამ საკითხზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობამ დღის წესრიგი შეცვალა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს დაჩქარებულად, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დღეს, 7 მარტს განიხილავს. როგორც „ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, ორივე კანონპროექტს სამართლებრივი შეფასებისთვის ვენეციის კომისიაში გადაგზავნიან. ამასთან, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა თქვა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა შესასრულებლად სავალდებულო არ იქნება.

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტები „უცხოური გავლენის აგენტად“ დარეგისტრირებას ავალდებულებს იმ მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. იუსტიციის სამინისტროს ექნება მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმების, პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და 25 ათასი ლარით დაჯარიმების უფლებამოსილება. კანონპროექტი ითვალისწინებს ამ კანონის დამრღვევის 5 წლით დაპატიმრებასაც.

კანონპროექტებს დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიები აპროტესტებენ.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა პარლამენტს მოუწოდა, მხარი არ დაუჭიროს კანონმდებლობას „რომელიც სავარაუდოდ მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებას, გააჩუმებს დამოუკიდებელ მედიას და განსხვავებულ ხმებს ისევე, როგორც მსგავსმა კანონმდებლობა გააკეთა რუსეთში და რუსეთის მსგავს სხვა ქვეყნებში“.

 

ამ თემაზე:

ვინც ხმას მისცემს ამ კანონპროექტს, ევრო-ატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ დააყენებს - დეგნანი

უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტი ევროკავშირის ნორმებთან შეუსაბამოა - ბორელი

„ხალხის ძალის“ კანონპროექტი შეუთავსებელია დემოკრატიის პრინციპებთან - სახალხო დამცველი

ასეთ კანონმდებლობას და ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დავუჭერ - ზურაბიშვილი

„ორივე კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია“ - საკონსტიტუციოს ყოფილი მოსამართლე

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).