საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება და ასევე მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. ის ასევე არსებითია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის და არის 12 პრიორიტეტის ნაწილი, კერძოდ, მე-7 პრიორიტეტისა, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით და მე-10 პრიორიტეტისა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ეხება.
ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას რეფორმების განხორციელების კუთხით, რაც ეხმაურება ქვეყნის მისწრაფებებს განვითარებასა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაში არის გაცხადებული.
კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან.
მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მიიღონ და განახორციელონ რეფორმები, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს“, - ნათქვამია ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
20 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის ბიურომ მხარი დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყებას, იმის მიუხედავად, რომ კანონპროექტს იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა არ ჰქონდა. აქამდე არსებული პრაქტიკით, ამ დასკვნის გარეშე წარდგენილ კანონპროექტს ბიურო ავტორებს უკან უბრუნებდა.
ბიუროს სხდომის პარალელურად ონლაინგამოცემების და გამომძიებელმა ჟურნალისტებმა პარლამენტის შენობაში საპროტესტო აქცია გამართეს და დეპუტატებს მოუწოდეს, არ განიხილონ „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილი რუსული პროექტი. საქართველოში მოქმედი 300-მდე არასამთავრობო, სათემო და მედია ორგანიზაცია აცხადებს, რომ კანონპროექტი ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ არის მიმართული.
- კანონპროექტის მიხედვით, უცხოური გავლენის აგენტია ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (არასამთავრობო ორგანიზაცია) და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული, გარდა იმ ორგანიზაციებისა, რომლებიც დაფუძნებულია ადმინისტრაციული ორგანოს (სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულება) ან ეროვნული სპორტული ფედერაციების მიერ.
- ასეთ იურიდიულ პირებს დაეკისრებათ ფინანსური ანგარიშგების ვალდებულება, რაც, მათ შორის, მოიცავს ინფორმაციის წარდგენას წინა კალენდარული წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ. უცხოური გავლენის აგენტთა რეესტრში შეტანილი ინფორმაცია საჯაროა.
- კანონპროექტის თანახმად, „უცხოური გავლენის აგენტის“ გამოსავლენად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექნება მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც, მას მიენიჭება ყველა საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დამუშავების უფლებამოსილება.
- მონიტორინგის დაწყების საფუძველია: იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება; სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს კონკრეტულ უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას;
- კანონპროექტით სამინისტროს ასევე ენიჭება 10, 20 და 25 ათასი ლარით დაჯარიმების და ორგანიზაციათა იძულებითი რეგისტრაციის უფლებამოსილება.
კანონპროექტის ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა და ზაალ მიქელაძე. კანონპროექტის მიღებას „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ამ კანონპროექტს მისი მხარდაჭერა არ ექნება, რადგან ასეთი კანონი საქართველოს რუსეთთან დააახლოებს.
სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, კანონპროექტი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დაცვის სტანდარტებს და შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად პრინციპებთან.
საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებით, „შემთხვევითი არ არის, რომ კრემლის ერთ-ერთი სამიზნე საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაა“.