მდინარაძის თქმით, „ოცნება“ „უცხოური გავლენის აგენტებზე“ კანონპროექტს მხარს დაუჭერს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ისინი მხარს დაუჭერენ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ფრაქცია „ქართული ოცნების“ სახელით შემიძლია ვთქვა, რომ პრინციპების დონეზე ჩვენ შევთანხმდით და მხარს დავუჭერთ კანონპროექტს, რა თქმა უნდა, დეტალებზე გაგრძელდება მსჯელობა.

თუკი პრინციპებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ათასგვარი სპეკულაცია მოჰყვა სხვადასხვა ქვეყნებთან მიმართებაში, მათ შორის, ოკუპანტი ქვეყნის კანონმდებლობაზეც იყო მითითება. შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, თუკი ვინმემ ამბობს, რომ ეს არის ანალოგი რუსული კანონმდებლობის, ის უბრალოდ იტყუება. რა თქმა უნდა, ეს არ არის არც ამერიკული კანონმდებლობის ანალოგი, იქიდან გამომდინარე, რომ ერთ და მეორე შემთხვევაშიც არის უამრავი შეზღუდვა. თუკი ვინმე დააპირებს, რომ ამ შეზღუდვების ანალოგი მოიტანოს იმ პროექტში, რომელიც „ხალხის ძალამ“ წარმოადგინა, ამას უბრალოდ ერთი მიზეზით ვერ შეძლებს, არცერთი შეზღუდვა „ხალხის ძალას“ არ ჩაუწერია პროექტში. რუსეთში სხვაგვარი შეზღუდვებია, აშშ-ში სხვაგვარი შეზღუდვებია, იქ არის ძალიან მკაცრი ნორმები. ორივე შემთხვევაში საერთო შეიძლება იყოს ის, რომ გარკვეული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, იჭერენ უბრალოდ ადამიანებს და ა.შ. აღარ ვამბობ აუდიტის შესვლის უფლებაზე, აშშ-ში ერთ-ერთი პუნქტია ის, რომ გენერალურ პროკურორს შეუძლია, დეკლარაციის წარმოდგენის ვადები შეამციროს ან გაზარდოს ან საერთოდ გაათავისუფლოს ან პირიქით, შეუზღუდოს ეს ვადები. არათუ მსგავსი, შეზღუდვა როგორც ასეთი, „ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში არ არსებობს.

კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ და მხოლოდ დარეგისტრირების ვალდებულებას  10 დღის განმავლობაში, თუ რომელიმე ორგანიზაციის და არა კერძო პირის უცხოური დაფინანსება გასცდება 20%-ს, შემდეგ 1 წლის განმავლობაში უნდა წარადგინოს დეკლარაცია თავისი შემოსავლებისა და ხარჯვითი ნაწილის შესახებ. სხვა რამეს ეს კანონპროექტი ამ გამჭვირვალობის გარდა არ ითვალისწინებს“, - აღნიშნა მდინარაძემ.

რაც შეეხება ტერმინს „უცხოური გავლენის აგენტი“, მდინარაძის თქმით, უმრავლესობის სხდომაზე ამ საკითხზე არ უმსჯელიათ, შემდგომ განიხილავენ, თუმცა რაიმე წინააღმეგობა არ დაფიქსირებულა.

საქართველოს პარლამენტის ბიურომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყებას დღეს, 20 თებერვალს მხარი დაუჭირა, იმის მიუხედავად, რომ კანონპროექტს იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა არ ჰქონდა. აქამდე არსებული პრაქტიკით, ამ დასკვნის გარეშე წარდგენილ კანონპროექტს ბიურო ავტორებს უკან უბრუნებდა.

ბიუროს სხდომის პარალელურად, პარლამენტის შენობაში საპროტესტო აქციას მართავდნენ ინტერნეტგამოცემების და გამომძიებელი ჟურნალისტები. ისინი მოუწოდებდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს და ბიუროს წევრებს, არ მიეღოთ განსახილველად რუსული კანონპროექტი, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში დამოუკიდებელი მედია საშუალებების დახურვას გამოიწვევს.

  • კანონპროექტის მიხედვით, უცხოური გავლენის აგენტია ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (არასამთავრობო ორგანიზაცია) და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული, გარდა იმ ორგანიზაციებისა, რომლებიც დაფუძნებულია ადმინისტრაციული ორგანოს (სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულება) ან ეროვნული სპორტული ფედერაციების მიერ.
  • ასეთ იურიდიულ პირებს დაეკისრებათ ფინანსური ანგარიშგების ვალდებულება, რაც, მათ შორის, მოიცავს ინფორმაციის წარდგენას წინა კალენდარული წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ. უცხოური გავლენის აგენტთა რეესტრში შეტანილი ინფორმაცია საჯაროა.
  • კანონპროექტის თანახმად, „უცხოური გავლენის აგენტის“ გამოსავლენად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექნება მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც, მას მიენიჭება ყველა საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დამუშავების უფლებამოსილება.
  • მონიტორინგის დაწყების საფუძველია: იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება; სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს კონკრეტულ უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას;
  • კანონპროექტით სამინისტროს ასევე ენიჭება 10, 20 და 25 ათასი ლარით დაჯარიმების და ორგანიზაციათა იძულებითი რეგისტრაციის უფლებამოსილება.

კანონპროექტის ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა და ზაალ მიქელაძე.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ამ კანონპროექტს მისი მხარდაჭერა არ ექნება, რადგან ასეთი კანონი საქართველოს რუსეთთან დააახლოებს.

სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, კანონპროექტი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დაცვის სტანდარტებს და შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად პრინციპებთან.

საქართველოში აშშ-ს საელჩოს 20 თებერვლის განცხადებით, „შემთხვევითი არ არის, რომ კრემლის ერთ-ერთი სამიზნე საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაა“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).