რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახური კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს. უწყების დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი „სწორ და ზუსტ არჩევანს“ გააკეთებს, „დასავლეთის ჩარევის“ მცდელობის მიუხედავად.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
- 3 პოლიციის აკადემიის რექტორად სავარაუდო კორუფციაში მხილებული ლელა ჩიქოვანი დაინიშნა
- 4 პატიმრის ადვოკატი: „სახის არცერთი ძვალი მთელი არ აქვს, ეს აღწერილი არაა და რატომ, გაუგებარია“
- 5 მზია ამაღლობელს კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს დააბრუნებენ
- 6 მოიპოვებენ თუ არა საქართველოში ტაილანდელი ქალებისგან კვერცხუჯრედებს იძულებით
„საგარეო დაზვერვის სამსახურმა მიიღო ინფორმაცია და ჩვენ ის გავაჟღერეთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოთხოვნით, OSCE/ODIHR-მა უკვე მოამზადა შუალედური ანგარიში, რომელიც შეიცავს თეზისს, რომ საქართველოში არ არსებობს პირობები სამართლიანი და ღია არჩევნების ჩასატარებლად, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ქმედების მიზანია, საქართველოს საშინაო საქმეებში უხეშად და თავხედურად ჩარევა სცადონ, სცადონ კვლავ არ დაუშვან ჯანსაღი, ეროვნულად ორიენტირებული ძალების ხელისუფლებაში მოსვლა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხალხი სწორ და ზუსტ არჩევანს გააკეთებს“, - უთხრა ნარიშკინმა ჟურნალისტებს ბაქოში.
სერგეი ნარიშკინმა დასძინა, რომ დასავლეთი აგრძელებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საშინაო პოლიტიკაში ჩარევას, რის უახლეს მაგალითადა სექტემბერში აზერბაიჯანში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები მოიყვანა.
„სამწუხაროა, რომ არაერთი დასავლური ქვეყანა და ოდესღაც ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია - ეუთო ეცადნენ აზერბაიჯანის არჩევნების დისკრედიტაციას. მათ სცადეს შედეგების ეჭვქვეშ დაყენება, მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნების შედეგები აბსოლუტურად შეესაბამება აზერბაიჯანელი ხალხის მისწრაფებებს. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ერთ-ერთი ელემენტია ეუთოს ეტაპობრივი დეგრადაციის, რომელიც სულ უფრო მეტად ემსახურება მთელი რიგი ქვეყნების, ე.წ. „ოქროს მილიარდის“ პოლიტიკურ ინტერესებს“, - აღნიშნა ნარიშკინმა.
მანამდე რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ აშშ ეუთოს (OSCE) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დახმარებით საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას გეგმავს. გარდა ამისა, მოსკოვი ვაშინგტონს საქართველოში „ფერადი რევოლუციის“ მომზადებაში ადანაშაულებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბრალდებებს „კატეგორიულად მცდარი“ უწოდა.
საპარლამენტო არჩევნებში „უპრეცედენტო გარე ჩარევის“ შესახებ მუდმივად საუბრობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. 3 ოქტომბერს, მან ამ კონტექსტში ახსენა აშშ-ის საელჩოს მიერ ბოლო დღეების განმავლობაში Facebook-ზე გამოქვეყნებული ე.წ. „ქარდებიც“, რომლითაც საელჩო „ქართული ოცნების“ სხვადასხვა ბრალდებას პასუხობს.
„უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე წარიმართება ეს საარჩევნო პროცესი. ამ ქარდებსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ რამენაირად გავლენა მოახდინონ ამომრჩევლის ნებაზე. ვინც ამზადებს საელჩოს შიგნით ამ ქარდებს, მას ამოძრავებს ერთადერთი მიზანი, რამენაირად არჩევნებზე მოახდინოს გავლენა, თუმცა ვერც ასეთი ქარდები და ვერც რაიმე სხვა, ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს ქართველი ხალხის ნებაზე“, - განაცხადა კობახიძემ, რომელიც ირწმუნება, რომ მმართველ პარტიას მოსახლეობაში 60%-იანი მხარდაჭერა აქვს.
