ეუთო/ოდირმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ აზერბაიჯანში 1-ელ სექტემბერს ჩატარებული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები შეაფასეს. დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ კენჭისყრა ჩატარდა ფუნდამენტური თავისუფლებებისა და მედიის გადაჭარბებული შეზღუდვის პირობებში, ამომრჩევლისთვის კი პოლიტიკური ალტერნატივები შეთავაზებული არ ყოფილა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 3 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 4 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 5 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
- 6 აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
„ეს არჩევნები ჩატარდა შეზღუდულ პოლიტიკურ და სამართლებრივ გარემოში, პოლიტიკური პლურალიზმის ნაკლებობით, რაც ძირს უთხრის საარჩევნო პროცესს.
გარდა ამისა, მმართველი პარტიის წევრების დომინირება საარჩევნო კომისიებში და დამოუკიდებელი ადგილობრივი დამკვირვებლების დაშვების შეზღუდვა ეწინააღმდეგება გამჭვირვალობის პრინციპებს, რომლებიც დემოკრატიული არჩევნების საფუძველია“, - განაცხადა ბრიფინგზე მაიკლ კრიდმა, ეუთოს მოკლევადიანი დამკვირვებლების ხელმძღვანელმა.
ეუთოს ინფორმაციით, არჩევნებზე ხმის მისაცემად 6.4 მილიონი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, რაც დაახლოებით 1.2 მილიონით ნაკლებია ხმის მიცემის უფლების მქონე ასაკის მოქალაქეების რაოდენობაზე. დაკვირვებლების შეფასებით, ეს აჩენს კითხვებს ამომრჩეველთა რეესტრის მონაცემების სიზუსტესთან დაკავშირებით.
ეუთოს განცხადების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებისთვის მზადება წარიმართა ეფექტურად და ჩატარდა ამომრჩეველთა ინფორმირების ფართო კამპანია, არჩევნების ადმინისტრირება ფაქტობრივად კონტროლდებოდა მმართველი პარტიის მიერ, რაც გავლენას ახდენდა მის მიუკერძოებლობაზე.
დამკვირვებლებმა არჩევნების დღის გახსნის და კენჭისყრის პროცესი შეაფასეს როგორც „მოწესრიგებული და ეფექტურად ორგანიზებული“, მაგრამ, მათივე თქმით, ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვანი პროცედურებისა და გარანტიების სერიოზულ დარღვევას, განსაკუთრებით ხმების დათვლის დროს.
ეუთოს შეფასებით, საარჩევნო კამპანია ძნელად შესამჩნევი იყო ინტერნეტში. დამკვირვებლებმა მიიღეს ინფორმაცია საჯარო სექტორში დასაქმებულებისა და სხვების შესახებ, რომლებიც იძულებულნი იყვნენ დასწრებოდნენ კამპანიის ღონისძიებებს, რამაც „გამოიწვია შეშფოთება ამომრჩევლების დაშინების შესახებ და მათ შესაძლებლობაზე, ხმა მიეცათ შურისძიების შიშის გარეშე“. ამავდროულად, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების დაკავებისა და დაპატიმრების მზარდმა შემთხვევებმა, მედიის შემზღუდავ საკანონმდებლო ბაზასთან ერთად, გამოიწვია ფართო თვითცენზურა და მკაცრად შეზღუდა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის შესაძლებლობები. პოლიტიკური დებატები კიდევ უფრო შეფერხდა ინტერნეტისა და სოციალური ქსელების მონიტორინგის შესახებ ხელისუფლების დეკლარირებული განზრახვის გამო.
„ამ არჩევნებზე აშკარა იყო ჭეშმარიტი არჩევანისა და ჩართულობის ნაკლებობა, რამაც გამოიწვია ფართოდ გავრცელებული პოლიტიკური აპათია მოსახლეობაში. ასევე, მედიასაშუალებების მუდმივი შეზღუდვების საგანგაშო ტენდენციები და არასამთავრობო ორგანიზაციებზე გაზრდილი ზეწოლა, მათ შორის თვითნებური დაპატიმრებები, გადამწყვეტად ახშობს პოლიტიკურ დისკურსს. არსებითი რეფორმებისა და ცვლილებების გარეშე, ეს საკითხები კვლავ ძირს უთხრის დემოკრატიას და კანონის უზენაესობას ქვეყანაში“, - განაცხადა ლუსი პოტუჩკოვამ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა.
ეუთოს შეფასების მიხედვით, სამოქალაქო დამკვირვებლების აბსოლუტური უმრავლესობა მმართველი პარტიის მიერ იყო დანიშნული მაშინ, როდესაც სამოქალაქო დამკვირვებლების ჯგუფები რეგისტრაიის ან დაფინანსების გარეშე დარჩნენ, ხოლო მათი ზოგიერთი ცნობილი წარმომადგენელი პატიმრობაში იმყოფება.
დიტმირ ბუშათმა, ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ „სამწუხაროდ, ამ არჩევნებში არ იყო ნამდვილი პოლიტიკური პლურალიზმი, მონაწილეობის მსურველი მრავალი კანდიდატი სერიოზული დაბრკოლებების წინაშე აღმოჩნდა“ და იყო შეზღუდვები, რამაც მრავალი მოქალაქე დამკვირვებლის მუშაობა შეუძლებელი გახადა.
„პროცესის ეფექტურობის მიუხედავად, ეს პირობები არ იძლეოდა დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩატარების საშუალებას.
ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ხელისუფლებას ჩვენი დიდი ხნის რეკომენდაციების განხორციელებაში, რათა გააუმჯობესოს საერთო პროცესი, ყველა მოქალაქის სასიკეთოდ“, - თქვა ბუშათმა.
მილი მეჯლისის (პარლამენტის) არჩევნებზე აქტივობამ მხოლოდ 37.27% შეადგინა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების მიხედვით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის პარტიამ პარლამენტში 125 ადგილიდან 68 მოიპოვა. 46 ადგილი ერგოთ ფორმალურად დამოუკიდებელ კანდიდატებს, რომელთა შორისაა აზერბაიჯანის ელჩი რუსეთში და აზერბაიჯანის სახალხო არტისტი ფოლად ბულბულოღლუ. ის ყარაბაღის ერთ-ერთ ოლქში იყრიდა კენჭს. დარჩენილ ადგილებს მცირე პროსახელისუფლებო პარტიები გაინაწილებენ.
ქვეყნის უდიდესმა ოპოზიციურმა პარტიამ, „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტმა“ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, „მუსავატმა“ კი 15 წლის განმავლობაში პირველად კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო, თუმცა, წინასწარი შედეგების მიხედვით, ახალი მოწვევის პარლამენტში ვერ მოხვდება. „მუსავატი“ აცხადებს, რომ არჩევნები „არ იყო თავისუფალი და სამართლიანი“. პარტია შედეგების გაუქმებას, საარჩევნო რეფორმების გატარებასა და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნების „წარმატებით ჩატარება“ მიულოცა. მისი თქმით, მილი მეჯლისს ახლა აქვს აზერბაიჯანელი ხალხის განახლებული დემოკრატიული მანდატი, რათა გააგრძელოს ძლიერი, აყვავებული და ერთიანი აზერბაიჯანის მშენებლობა.