პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები, ანა ნაცვლიშვილი და თამარ კორძაია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებენ, დროულად მიიღოს გადაწყვეტილება და ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მოქმედება შეაჩეროს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 3 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
„ერთი კვირა გადის, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მოისმინა რუსულ კანონთან დაკავშირებით უმძიმესი არგუმენტები, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებას ის არ ჩქარობს. მე მინდა ძალიან მკაფიოდ ვუთხრა სასამართლოს: ყოველი დღე, ყოველი საათი, როდესაც თქვენ არ აჩერებთ ამ ქვეყანაში რუსული კანონის მოქმედებას, გაჩერებულია საქართველოს ევროპული ინტეგრაცია“, - განაცხადა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ანა ნაცვლიშვილმა.
დეპუტატის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს, ისევე როგორც ნებისმიერ კონსტიტუციურ ორგანოს, აკისრია ვალდებულება, მიიღოს ყველა ზომა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.
„ვალდებულნი ხართ, დროულად მიიღოთ გადაწყვეტილება რუსულ კანონთან დაკავშირებით. ძალიან დიდ ფასს იხდის ჩვენი ქვეყანა ყოველდღე, როდესაც ის აგრძელებს არა ქართული კონსტიტუციით, არამედ რუსული კანონით ცხოვრებას. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ თქვენი პერსონალური პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის ათიათასობით მოქალაქის წინაშე, ამ ქვეყნის ევროპული მომავლის წინაშე და კიდევ ერთხელ გითხრათ:
დაგვიანებული სამართალი იქნება წართმეული სამართალი. ამიტომ, აღასრულეთ კონსტიტუციის 78-ე მუხლი და იმოქმედეთ საქართველოს ევროპული მომავლის გადასარჩენად“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
თამარ კორძაიას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება სასწრაფოდ უნდა მიიღოს. „წამზომი ჩართულია. ჩართულია ორივე მიმართულებით - ჩვენი სახელმწიფოს ევროინტეგრაციის დადებითად გადაწყვეტა და ასევე, თავისუფალი სივრცეების განადგურების ნაწილში. ჩვენ სასამართლოზე არაერთხელ წარმოგიდგინეთ არგუმენტები. თავისუფალი მედიის წარმომადგენლები, ვინც იქ იყვნენ და დაობდნენ - გელა მთივლიშვილი და ნინო ზურიაშვილი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ, გიორგი დავითური - ეს ადამიანები, ისევე როგორც რუსეთში არ არსებობენ თავისუფალი მედიის წარმომადგენლები, ისე არ იქნებიან საქართველოში“, - აღნიშნა კორძაიამ.
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული რუსული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 122-მა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციამ, პარლამენტის 38-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, მედია ორგანიზაციებმა „მთის ამბებმა“ და „სტუდია მონიტორმა“. ერთ წარმოებად გაერთიანებულ სარჩელებზე განმწესრიგებელი სხდომა 29-31 აგვისტოს გაიმართა. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა უნდა გადაწყვიტოს, ცნობს თუ არა სარჩელებს დასაშვებად (მთლიანად თუ ნაწილობრივ) და მიიღებს თუ არა კანონის მოქმედების შეჩერების გადაწყვეტილებას.