ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ ქართველი დიპლომატებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ახლა წევრმა ქვეყნებმა შიდა წესებში თავად უნდა დანერგონ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 4 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 5 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კალასმა თქვა, რომ ევროკავშირში ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და დიდი შეშფოთებით უყურებენ იმას, რაც ხდება.
„ამიტომ ჩვენ დღეს ამაზეც ვიმსჯელეთ: კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ საქართველოს მთავრობას გავუგზავნოთ სიგნალები, რომ ეს ევროპული კურსის კუთხით სწორი მიმართულება არ არის. რა თქმა უნდა, არის რაღაცები, რაც შეგვიძლია კიდევ განვიხილოთ.
რაც შეეხება ვიზებს ან ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, ეს გადაწყვეტილება დღეს იქნა მიღებული. ახლა წევრმა სახელმწიფოებმა ეს თავიანთ შიდა წესებში უნდა დანერგონ. ასე მუშაობს ევროპა ამ კუთხით“, - განაცხადა კაია კალასმა.
27 იანვარს ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ნაწილობრივ შეაჩეროს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ 2011 წელს გაფორმებული შეთანხმება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლისთვის ვიზის აღება დასჭირდებათ.
ევროპული საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების ნაწილობრივ შეჩერების ძალაში შესვლის შემდეგ ევროკავშირის სახელმწიფოებს შეუძლიათ გადაწყვიტონ მიიღონ ეროვნული ზომები დიპლომატიური, სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების და სპეციალური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნის გამოსაყენებლად.
იმ წევრ ქვეყანაში მოგზაურობისთვის, რომელიც სავიზო მოთხოვნებს აღაგდენს, ქართველი დიპლომატები და ოფიციალური პირები ვეღარ ისარგებლებენ ვერც სავიზო განაცხადის შემცირებული ვადით, დაბალი სავიზო მოსაკრებლით და ნაკლები დამხმარე დოკუმენტის წარდგენის შესაძლებლობით.
„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, გადაწყვეტილება ტექნიკურია და დააკვირდებიან, რომელი ქვეყანა როგორ აღასრულებს მას.
