თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურას მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა 2011 წელს ჯაშუშობის მუხლით გასამართლებული ფოტოგრაფების სასარგებლოდ. ერთ-ერთი ფოტოგრაფის, ნათია გედენიძის განცხადებით, სასამართლომ მათი მოთხოვნა 27 აპრილს დააკმაყოფილა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
„მნიშვნელობა არ აქვს ციფრებს. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ეს არის პირველი პრეცედენტი საქართველოს სამართალწარმოების ისტორიაში. არ არსებობდა მსგავსი მექანიზმი და მორალური ზიანი არ ანაზღაურებულა, მითუმეტეს, ისეთი მუხლით, რაც ჩვენს მიმართ იყო წარდგენილი. ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა, რომ სამართალი იზეიმებდა“, - განაცხადა გედენიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ჩვენ 26 მაისის აქციის დარბევის ამსახველი ფოტოები გადავიღეთ. სასამართლო პროცესების მსვლელობისას დადგინდა, რომ 26 მაისი იყო ძირითადი მიზეზი, რის გამოც წინა ხელისუფლებამ დაგვსაჯა, ჯაშუშების იარლიყი მოგვაკერა. უმძიმესი მუხლით გლდანის ციხეში გაგვიშვეს, სადაც ყოველწამიერად განვიცდიდით წნეხს, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რასაც ბრძანების საფუძველზე ჩადიოდნენ.
მაშინდელი ხელისუფლების ყველა მაღალჩინოსანი საქმის კურსში იყო და დღემდე არცერთ მათგანს არ ეყო იმის ვაჟკაცობა, ადამიანობა, რომ ეღიარებინათ ეს უკანონო ბრძანება, რაც ჩვენთან მიმართებით გასცეს. სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი უშუალოდ წყვეტდნენ ჩვენს ბედს, არცერთს არ უღიარებია დანაშაული. ეს შეთითხნილი ბრალდება იყო. აღიარება იძულებით, ოჯახის ლიკვიდაციის მუქარით, შეურაცხყოფით მიგვაცემინეს“, - აღნიშნა გიორგი აბდალაძემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2011 წლის 7 ივლისს, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს პრეს-ფოტო სააგენტო „ეპა“-ს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე და მისი ცოლი, გაზეთ „პრაიმ-ტაიმის“ ფოტორედაქტორი, ნათია გედენიძე. ფოტოგრაფების დაკავებას მედიის ნაწილი და უფლებადამცველი ორგანიზაციები აპროტესტებდნენ.
22 ივლისს, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ესებუამ ოთხივე ბრალდებული ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო, თუმცა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლა. გამამტყუნებელი განაჩენით, ნათია გედენიძეს 1 წლითა და 6 თვით, პირობითი ვადით, თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, ზურაბ ქურციკიძეს 3 წლით, ხოლო გიორგი აბდალაძესა და ირაკლი გედენიძეს 4-4 წლით.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ხელახალი გამოძიება ჩატარდა და ფოტოგრაფების მხრიდან დანაშაულის ჩადენა გამოირიცხა. პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე და ირაკლი გედენიძე აქტიურად აშუქებდნენ 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე, ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის დროს მომიტინგეების დარბევის და სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებს. მათ მიერ გადაღებულმა ფოტოებმა მსოფლიოს წამყვან პრეს სააგენტოებში დიდი რეზონანსი გამოიწვია, რაც ნეგატიურად აისახებოდა ხელისუფლების რეიტინგზე. საქმის მასალების მიხედვით, ფოტოგრაფებს აღიარებითი ჩვენება ზეწოლით მიაცემინეს. ცოლ-ქმარ გედენიძეებს მათი სახლის ჩხრეკის დროს კომპიუტერიდან უკანონოდ მოპოვებული ფოტო აჩვენეს და აღიარებითი ჩვენების არ მიცემის შემთხვევაში, გავრცელებით დაემუქრნენ.
2018 წელს, სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და მსჯავრდებული ფოტოგრაფები სრულად გაამართლა.
ფოტოგრაფების საქმეზე საქალაქო სასამართლომ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, კონტრდაზვერვის ყოფილ მაღალჩინოსანს, დავით დევნოზაშვილს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო N8 საპყრობილის ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს, მეტსახელად „ქილერას“ - 1 წლითა და 6 თვით. მუხაძე ამ დრომდე ძებნაშია.