უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ხელისუფლების მიერ დახურული რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ჟურნალისტი ირინა ბაბლოიანი შესაძლოა თბილისში მოწამლეს. ის ერთ-ერთია საზღვარგარეთ ემიგრირებულ რუს ჟურნალისტებსა და აქტივისტებს შორის, რომელთა მოწამვლის შესახებაც ონლაინ გამოცემა The Insider-ი ჟურნალისტურ გამოძიებაში ჰყვება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
როგორც The Insider-ი წერს, ბოლო წლის განმავლობაში მოწამვლის ახალი ტალღა რუსეთიდან წასულ ჟურნალისტებსა და აქტივისტებს შეეხო. კერძოდ, ოქტომბერში, მიუნხენში მოწამლეს „ნოვაია გაზეტას“ და „მედუზას“ ჟურნალისტი ელენა კოსტიუჩენკო, იმავე პერიოდში, პრაქტიკულად იგივე სიმპტომები ჰქონდა თბილისში მყოფ ირინა ბაბლოიანს, ხოლო გაზაფხულზე ნეიროტოქსიკური ნივთიერებით მოწამლეს ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ ხელმძღვანელი ნატალია არნო. The Insider წერს, რომ მოწამვლის გარემოებები ექიმებთან, მომწამვლელი ნივთიერებების ექსპერტებთან ერთად დეტალურად შეისწავლეს.
ირინა ბაბლოიანი მოსკოვიდან თბილისში 2022 წლის ოქტომბერში ჩამოვიდა და სასტუმრო King Tamar-ში ცხოვრობდა. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, 25 ოქტომბერს, ღამით, მან თავი ცუდად იგრძნო, დილით კი უკვე ძლიერი სისუსტითა და თავბრუსხვევით გაიღვიძა. 26 ოქტომბრის საღამოს ირინას ხელის გულების პლანტარული სინდრომი გაუჩნდა - გაუწითლდა და ისე ეწვოდა, „თითქოს ხელებში ცეცხლი ეჭირა“. იგივე აღენიშნებოდა ტერფებზეც. ამ უცნაური პირველი სიმპტომების მიუხედავად, ჟურნალისტმა გადაწყვიტა, რომ უარი არ ეთქვა ერევანში წასვლაზე, სადაც 27 ოქტომბრის ღამეს, მანქანით გაემგზავრა. მანქანაში ძალიან ცუდად გახდა, გონება დაებინდა და კონცენტრაციას ვერ ახერხებდა.
„წევხარ, მაგრამ დაღლილობის შეგრძნება არ ქრება, თითქოს უბრალოდ ვერ ისვენებ. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სხეული აღარ მეკუთვნოდა, ბამბად იქცა, ძლიერი შფოთვა გამიჩნდა“, - ციტირებს The Insider-ი ჟურნალისტის მონათხრობს.
ერევანში ირინა სასტუმროში გაჩერდა, თუმცა დაძინებას ვერ ახერხებდა. მუცლის არეში, კუჭის ზემოთ, ძლიერი ტკივილი იგრძნო, დაეწყო ღებინება, რის შემდეგაც პირში მეტალის გემო ჰქონდა. The Insider-ი წერს, რომ ყველა ეს სიმპტომი, უკანასკნელის გარდა, ძალიან ჰგავს ელენა კოსტიუჩენკოს მიერ აღწერილ სიმპტომებს იმ განსხვავებით, რომ ირინას კანზე მოულოდნელად უჩნდებოდა და უქრებოდა სიწითლეები, რაც პირველი კვირებში უფრო წითელ ლაქებს ჰგავდა, შემდეგ კი - ჭინჭრის ციებას. სისუსტე, ტკივილი და უძილობა ირინას დაახლოებით ორი დღის შემდეგ გაუქრა, სიწითლეები კი დღემდე უჩნდება.
ირინას მოწამვლისთანავე ტოქსიკოლოგისთვის არ მიუმართავს, რადგან ვერც კი იფიქრებდა, რომ ვიღაცას მისი მოწამვლა მოუნდებოდა. მან მხოლოდ ალერგიაზე გაიკეთა ანალიზები - პასუხები ყველა ცნობილ ალერგენთან მიმართებაში უარყოფითი იყო. რამდენიმე თვეში, ბერლინში გადასვლის შემდეგ, ირინამ სისხლის ტოქსიკოლოგიური ანალიზის ჩაბარება მაინც გადაწყვიტა, თუმცა შედეგები ვერ მიიღო - შარიტეში, ბერლინის საუნივერსიტეტო მედიცინის კლინიკაში, განუცხადეს, რომ მისი სისხლის ნიმუშები დაიკარგა. პასუხების ნაცვლად ირინასთან სამართალდამცველები მივიდნენ და საქმის გარემოებების შესახებ გამოჰკითხეს. ცოტა ხნის წინ ირინამ კვლავ ჩაიტარა ტოქსიკოლოგიური კვლევა, თუმცა დროის გასვლის გამო, ტოქსინების კვალის მიგნება პრაქტიკულად შეუძლებელია.
„ელენა კოსტიუჩენკოს სიტუაციისგან განსხვავებით, ირინა ბაბლოიანის შემთხვევაში უფრო რთულია მოწამვლის შესახებ დასკვნების გაკეთება, სამედიცინო ტესტების შედეგები ძალიან მწირია. და მაინც, The Insider-ის მიერ გამოკითხული ექსპერტების აზრით, ირინას მიერ აღწერილი კლინიკური სურათი არ შეიძლება დამაჯერებლად აიხსნას ზოგიერთი ცნობილი დაავადების არსებობით. ამიტომ ეგზოგენური მოწამვლის ვერსია მათთვის უფრო სავარაუდოა. ელენა კოსტიუჩენკოს მიერ აღწერილ სიმპტომებთან მსგავსება იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ შეიძლებოდა იგივე ან მსგავსი მომწამვლელი აგენტი ყოფილიყო გამოყენებული, მაგრამ ძნელი სათქმელია, რომელი“, - წერს The Insider-ი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ, როგორც წესი, საგამოძიებო მასალებს დამნაშავეების გამოვლენამდე არ აქვეყნებენ, თუმცა ამ შემთხვევაში, დაზარალებულებთან გასაუბრების შემდეგ, რედაქციამ არსებული ინფორმაციის გასაჯაროება გადაწყვიტა იმ მიზნით, რომ რუსეთიდან წასული ჟურნალისტები და აქტივისტები საფრთხეების შესახებ გააფრთხილონ. The Insider- წერს, რომ ისინი, ვინც რუსეთიდან ემიგრაციაში პოლიტიკური მიზეზებით წავიდნენ, საზღვარგარეთ სათანადოდ აღარ ზრუნავენ უსაფრთხოებაზე და რუსული სპეცსამსახურების იოლი სამიზნეები ხდებიან. მათ შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში ვერ გაიგონ, რომ მოწამლეს.