ელჩის კომენტარები კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი, არ უკავშირდებოდა სანქციებს - ჩეხეთის საელჩო

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ჩეხეთის ელჩის პეტრ მიკისკას განცხადება იმის შესახებ, რომ ჩეხური პროდუქციის ნაწილი საქართველოდან რუსეთში გადის, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან კავშირში არ იყო, - აცხადებს საქართველოში ჩეხეთის საელჩო მას შემდეგ, რაც ელჩი ახსნა-განმარტებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საელჩოს განცხადებით, პეტრ მიკისკასა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილს შორის ნაყოფიერი შეხვედრა შედგა.

„ელჩის განმარტებით, მისი კომენტარები, რომლებიც ისე გავრცელდა, რომ კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო, არ უკავშირდებოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, არამედ ზოგად ვაჭრობას, რომ იცის და აფასებს საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ პოზიციას სანქციებთან დაკავშირებით. ორივე მხარემ იმსჯელა ამ და სხვა სენსიტიურ საკითხებზე ინფორმაციის შემდგომი გაცვლის შესახებ. მივიჩნევთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ეჭვები გაქარწყლდა და ეს თემა არ იმსახურებს შემდგომ განხილვას“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 2 დეკემბერს დაიბარეს. სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ჩეხურ მხარეს კიდევ ერთხელ გააცნო ის კომპლექსური ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს მსგავსი ფაქტების არდაშვებასთან დაკავშირებით და ელჩისგან მოითხოვა დეტალური ახსნა-განმარტება, თუ რას ეფუძნებოდა მისი განცხადება, რომელიც „რეალობას არ შეესაბამება და ზიანს აყენებს როგორც ორი ქვეყნის თანამშრომლობას, ასევე საქართველოს რეპუტაციას“.

„ჩეხეთის ელჩმა დააფიქსირა, რომ სამწუხაროდ მოხდა მისი სიტყვების მცდარი ინტერპრეტაცია და კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელება. მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას, ელჩმა აგრეთვე დაადასტურა, რომ სანქციებთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებაში შეკითხვები არ არსებობს“, - განაცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

30 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი რუსეთისა“ და ლიეტუვის საელჩოს მიერ ორგანიზებული დისკუსიის დროს, საქართველოში ჩეხეთის ელჩმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს, გასულ წელთან შედარებით, საქართველოში ჩეხური პროდუქციის ექსპორტი გაორმაგებულია: „დარწმუნებულნი ვართ, ამ ზრდის ნაწილი მაინც რუსეთისკენ მიდის, მაგრამ ჯერ მაინც ვერ შევძელით გარკვევა, ეს პროდუქტები ჩრდილოეთისკენ მართლა წავიდა თუ არა. ეს შეუძლებელია. ეს რომ იყოს წარმოების საშუალებები, ეკონომიკა არ ვითარდება ისე, რომ ჩეხეთის ექსპორტის ასეთი ზრდა აითვისოს. სამომხმარებლო საქონლის შემთხვევაშიც იგივეა - მომხმარებელთა სიყვარული ჩეხური პროდუქტების მიმართ არ იზრდება. ასე რომ, სადღაც უნდა მიდიოდეს და ჩვენ გვინდა ვიცოდეთ სად, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ ვიპოვეთ გზა, თუ როგორ შეიძლება ეს სტატისტიკაში აისახოს“, - განაცხადა პეტრ მიკისკამ.

უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე და იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ამ სანქციებს არ შეუერთდა, ელჩმა თქვა, რომ სჯერა საქართველოს ხელისუფლების, რომ მას არ სურს ქვეყანა და მოსახლეობა შესაძლო თავდასხმის წინაშე დააყენოს.

„სუპერმარკეტების დახლებზე უამრავი რუსული პროდუქტია. ეს უნდა იყოს ხალხის არჩევანი - მე მძულს ეს აგრესია, არ მინდა მხარი დავუჭირო რუსულ ჯარს. ირიბად ეს ნიშნავს მხარდაჭერას. თუ თქვენ მხარს უჭერთ რუსეთის ეკონომიკას და კომპანიებს, რომლებიც ექსპორტს ახორციელებენ, ისინი იხდიან გადასახადებს რუსეთში, რითიც აფინანსებენ ჯარს. ალბათ, ამაზეც უნდა იქნეს ყურადღება გამახვილებული შიდა დისკუსიის დროს - არა მხოლოდ მთავრობაზე თავდასხმა, რომ თქვენ უნდა შეუერთდეთ სანქციებს. ხალხმა უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინას იმით, რომ არ შეიძინონ რუსული პროდუქცია. ვიცი, რომ არის მცდელობები, მაგრამ მაინც ვერ ვხედავ პროდუქციის რაოდენობის და მრავალფეროვნების შემცირებას, პირიქით, სულ უფრო და უფრო იზრდება“, - თქვა პეტრ მიკისკამ.

უკრაინაში რუსეთის ჯარის შეჭრისა და ომის დაწყების მეორე დღეს, 25 თებერვალს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს არ შეუერთდებოდა, რადგან ეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრებაზეც.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).