საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ანდრეი კასიანოვის განცხადებით, უკრაინულმა მხარემ საქართველოს მთავრობას ერთი თვის წინ მიმართა გენერატორებით დახმარების თხოვნით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„უკრაინას ამჟამად უკიდურესად სჭირდება დახმარება ენერგეტიკის სისტემის აღდგენაში, გენერატორებიდან და ტრანსფორმატორებიდან დაწყებული, რათა უზრუნველვყოთ განათება საავადმყოფოებისთვის, სახლებისა და სკოლებისთვის. კრემლის არაადამიანები და ჯალათები გულწრფელნი არიან თავიანთ განზრახვაში, მათ უნდათ გაანადგურონ უკრაინელები სიცივით. ერთი თვის წინ ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას თხოვნით და, სამწუხაროდ, დადებითი პასუხი დღემდე არ მიგვიღია“, - აღნიშნა კასიანოვმა.
უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა სამხედრო დახმარებაზეც, რომლის მიღების იმედიც უკრაინას ჰქონდა, რადგან 1993 და 2008 წლების ომებში ჰუმანიტარული, სამხედრო-ტექნიკური და პოლიტიკური კუთხით საქართველოს დიდი დახმარება გაუწია.
„ყოველთვის გულწრფელი და ღია ვიყავით ჩვენს განზრახვებში. კვლავ გვჯერა, რომ სამხედრო დახმარებისთვის უკრაინის მიმართვა მოძმე საქართველოსადმი იმ დროს, როდესაც საუბარი მიდიოდა გადარჩენა-არ გადარჩენაზე, სიცოცხლისა და სიკვდილზე, სრულიად იყო გამართლებული, სამართლიანი და აუცილებელი, რადგან ერთ დროს უკრაინის მთავრობა დაეხმარა ქართველი ლტოლვილების ევაკუაციაში სვანეთის მთებში, გაუწია საქართველოს უძლიერესი ჰუმანიტარული დახმარება 1993 წელს, ასევე, სამხედრო-ტექნიკური და პოლიტიკური დახმარება 2008 წელს. სამწუხაროდ, რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების დღიდან, მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებისგან ჩვენ არ მიგვიღია პასუხი.
ასევე გამართლებული და აუცილებელი იყო უკრაინაში თავდადებული ქართველი ვაჟკაცების გაშვების ორგანიზებული მცდელობა, რომელთაც გადაწყვიტეს დაეცვათ ჩვენი ქვეყნები საერთო მტრისგან - რუსეთის ფედერაციისგან.
ასევე, ჩვენ უარვყოფთ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის მცდელობასთან დაკავშირებით. ძალიან შეშფოთებული ვართ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ამ თემაზე მუდმივი ბრალდებებითა და სპეკულაციებით“, - განაცხადა კასიანოვმა.
მისივე თქმით, უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება იარაღი, საბრძოლო მასალა და სამხედრო ტექნიკა, არაერთმა ევროპულმა სახელმწიფომ კი „მოიშორა მოძველებული შეიარაღება და მიაწოდა უკრაინას“.
„ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ ისარგებლა ამ შესაძლებლობით - მოიშორა და მოგვაწოდა მოძველებული იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელთა შენახვის ვადა უახლოვდება გამოყენების ზღვარს და მოითხოვდა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს მათი უტილიზაციისთვის. ამას ხაზს უსვამს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორ ქვეყნებთან მრავალმხრივი და ორმხრივი გამოსვლების დროს. დიდი ოცეულის სამიტზე თავის გამოსვლაში, რომელიც ახლა G-19-ის სამიტად გადაიქცა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი დაინტერესებულია აგრესიით, ჩვენ უნდა ვიყოთ დაინტერესებული ტერორიზმის შეწყვეტით.
მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა პარტნიორს, ვინც მოგვაწოდა ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ჩამოვაგდოთ რაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილი და ირანული დრონები“, - აღნიშნა კასიანოვმა.
კასიანოვის განცხადებას მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველო უკრაინას პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად უჭერს მხარს, სამხედრო დახმარებას კი ვერ და არ გაუწევს, რადგან დღეს, უკრაინის შემდეგ, ნომერ პირველი რისკის ქვეშ მყოფი ქვეყანაა. მდინარაძის თქმით, ანდრეი კასიანოვმა პირდაპირ თქვა, რომ უკრაინას უნდა საქართველო ომის მხარედ დაფიქსირდეს.
უკრაინაში, ომში 34 ქართველი დაიღუპა, მათ შორის 6 - ბოლო ერთ კვირაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მათ „საწყალი ბიჭები“ უწოდა და თქვა, რომ უკრაინაში საბრძოლველად ქართველები „ომის პარტიას“ მიჰყავს.