„ყველა გველოდება. ყველაფერი არის შეჩერებული და არა - გაჩერებული, არ არის სამუდამოდ გაყინული ან გადახედილი. ეს შეჩერება არის შეჩერება არჩევნებამდე, რომ ყველამ დაინახოს, სად არის საქართველოს მოსახლეობის ნება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 5 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
პრეზიდენტის თქმით, პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც ხელი მოაწერეს მის მიერ შეთავაზებულ „ქართულ ქარტიას“ აიღეს ვალდებულება, პარლამენტში შესვლის შემდეგ გააუქმონ ბოლო პერიოდში მიღებული ანტიევროპული კანონმდებლობა, მათ შორის რუსული კანონი და ამით საქართველოს პარტნიორებს დაუდასტურონ, რომ „ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ნება, დავუბრუნდეთ ევროპის გზას“.
„მე ვიძლევი პირობას, რომ ამ ქარტიის შესრულებისთანავე, როგორც კი დაიწყება ამ ქარტიის შესრულება, ვიქნები და ვივლი იმ ევროპაში, რასაც მიკრძალავდნენ, ვეღარ ამიკრძალავს ვერავინ იმისთვის, რომ საქართველოს პოზიციები დავიცვა, რომ ჩვენ ვართ ღირსი, აღგვიდგინონ ყველა პირობა, რაც აქამდე არსებობდა და დავუბრუნდეთ იმ გზას ისე, რომ დიდად არ დავაგვიანოთ და არ ვიყოთ ჩამორჩენილი არც ჩვენი უკრაინელი, მოლდოველი პარტნიორების და არც სხვების მიმართ. ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა. ჩვენ ძალიან დიდი გზა გვაქვს გავლილი მანამდე, რომელიც მართლაც გვაძლევს იმის უფლებას, რომ გვქონდეს პრეტენზია, დავუბრუნდეთ აჩქარებული ტემპით იმ გზას, რომელიც ჩვენი არის. ეს ჩვენს ამომრჩეველზე არის დამოკიდებული“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა უპასუხა შეკითხვას, აქვს თუ არა მოლაპარაკებები „ქართული ქარტიის“ ხელმომწერ პარტიებთან იმაზე, თუ ვინ წარადგენს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას და თავად ხომ არ იქნება ის. მისი თქმით, ახლა ქვეყნის ბედი წყდება და ყველამ უნდა დათმოს პირადი პოლიტიკური ამბიციები. ზურაბიშვილს არ სჯერა, რომ ოპოზიცია, რომელიც მრავალფეროვანია, პრემიერობის კანდიდატზე შეთანხმებას შეძლებს, სამაგიეროდ, მიაჩნია, რომ შესაძლებელი იქნება ტექნიკურ მთავრობაზე შეთანხება.
„მე არაერთხელ მაქვს ნათქვამი ბევრისთვის, რომ არცერთი არ იქნება პრემიერი, ვინც დღეს ფიქრობს, რომ იქნება პრემიერი. იმიტომ, რომ რეალურად და ყველამ ვიცით ეს გარედან, რომ არსებული პარტიების შეთანხმება რომელიმე პოლიტიკოსზე, მე მგონია, რომ ძალიან რთული იქნება, თუ არა შეუძლებელი. ამიტომ, მე გამოვედი სხვა გეგმით, რომ ჩვენ ეს ყველაფერი გადავდოთ, მართლაც გადავდოთ პირადი, პარტიული ამბიციები, კონცენტრაცია მოხდეს ქარტიის შესრულებაზე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, გამოსავალი საზოგადოების ნდობის მოპოვება და ტექნიკური მთავრობის შექმნაა, რომლის შემადგენლობაც წინასწარ უნდა იყოს ცნობილი.
„ჩვენ გამოცდილი არ გვაქვს, მაგრამ ძალიან ბევრ ქვეყანაში, როცა ღრმა კრიზისია, ეს არის გამოსავალი, რასაც პოულობენ, რომ ცოტა ხნით ამ მთავრობამ გადალახოს ეს კრიზისი, შექმნას ერთგვარი კონსენსუსი, რომელიც სხვანაირად ძნელად მოსაპოვებელია. ეს ჩვენ შეგვიძლია. ჩვენ ვნახეთ ჩვენი კონსენსუსის მომენტები - როცა გამოგვიცხადეს კანდიდატის სტატუსი, როცა გავიმარჯვეთ და შევედით ევროპულ თამაშებში ფეხბურთით. ეს არის გამოხატულება იმის, რომ ქვეყანაში არის ერთიანობის მუხტი, არის რაღაც მიზნისკენ გაერთიანების მუხტი. ეს უნდა შევინარჩუნოთ და ახალი ნდობა გავაჩინოთ. ეს ახალი ნდობა დამოკიდებულია იმაზე, რასაც მე ვპირდები ქარტიასთან ერთად და რასაც მოვაწერეთ ხელი, რომ აქ არავინ არ ჩაებღაუჭება ადგილებს და სავარძლებს. ეს ყველაფერი არის ერთი წლით, ერთი წლით უნდა შევასრულოთ ყველაფერი, პარლამენტმა უნდა შეძლოს“, - თქვა ზურაბიშვილმა.