ესტონეთის პარლამენტმა, რიიგიკოგუმ, 57 ხმით, 13-ის წინააღმდეგ, „საქართველოში დემოკრატიის კრიზისის შესახებ“ განცხადება მიიღო. პარლამენტი გმობს საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღებას და აპირებს, ევროკავშირს სანქციების დაწესება შესთავაზოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ესტონეთის პარლამენტი მიიჩნევს, რომ სანამ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი არ დაიწყებენ დემოკრატიის კრიზისის მოგვარებას კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემით, არ დაუბრუნდებიან ევროკავშირთან შეთანხმებული რეფორმებისა და დემოკრატიზაციის პროგრამას, არ გააუქმებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, ესტონეთმა ევროსაბჭოში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ყველა შემდგომი პროცესი უნდა დაბლოკოს, უნდა გაყინოს განვითარების თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებთან და გამოყოფილი თანხები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად გამოიყენოს.
გარდა ამისა, რიგიკოგუ აცხადებს, რომ აუცილებელია ევროკავშირის საბჭოს შესთავაზოს სანქციების დაწესება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, მთავრობის წევრების, საქართველოს პარლამენტისა და პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელების, ასევე, მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის წევრების მიმართ. სანქციები მათთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვასაც გულისხმობს. თუ ეს წინადადება ევროკავშირის საბჭოში მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, პარლამენტს სურს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პირები ესტონეთმა დაასანქციროს, მათ შორის, ესტონეთში შესვლა აუკრძალოს.
რიიგიკოგუ ასევე მიიჩნევს, რომ აუცილებელია ევროკავშირის საბჭოში ესტონეთმა მხარი დაუჭიროს საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის შეთანხმების შეჩერებას, ვიდრე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არ გაუქმდება.
„რიიგიკოგუ გამოხატავს პატივისცემას საქართველოს მამაცი ხალხის მიმართ, რომლებიც იცავენ საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს“, - ნათქვამია მიღებულ განცხადებაში.
რიიგიკოგუ აღნიშნავს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შთაგონებულია რუსეთის კანონით, რომელსაც პუტინის რეჟიმი სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის რეპრესირებისთვის იყენებს.
„ევროკავშირმა, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ განაცხადეს, რომ კანონი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას, გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტს ეწინააღმდეგება, რადგან არღვევს კანონის უზენაესობის, კანონიერებისა და პროპორციულობის, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებს“, - რიიგიკოგუ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააუქმონ რუსული კანონი.
რიიგიკოგუ ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ თქვას უარი დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ ძალადობაზე; ჩაატაროს გამოძიება ხელისუფლების ორგანოებისა და იმ პირების მიმართ, რომლებმაც ძალა გამოიყენეს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ; შეასრულოს დაპირება, რომ ხელს შეუწყობს კანონის უზენაესობას, დაიცავს ადამიანის უფლებებს და განახორციელებს რეფორმებს, რასაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა მოითხოვს და რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების პირობაა.