აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დევნილი ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას, ეუთოს (OSCE) მოუწოდებენ, უკან გაიწვიოს მისია, რომელიც ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად აზერბაიჯანში მიავლინა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 რატომ უნდა შეეჩერებინა საკონსტიტუციოს რუსული კანონის მოქმედება - 2 მოსამართლის განსხვავებული აზრი
- 3 სად გაიხსნება დამატებითი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ
- 4 სასამართლომ „ოცნების“ კლიპის არგაშვების გამო „მთავარი“, „პირველი“ და „ფორმულა“ დააჯარიმა
- 5 გახარიამ ჩორჩანაში საგუშაგო დადგა, მიზანი შეიარაღებული დაპირისპირების გამოწვევა იყო - მდინარაძე
- 6 „ქართული ოცნების“ სარეკლამო კლიპის გადაღების შემდეგ JWT Metro-ს თანამშრომლები ტოვებენ
ევროპაში დაფუძნებული სამოქალაქო კოალიცია (AZEX, The Azerbaijani Exiled Civic Coalition) აზერბაიჯანის ხელისუფლებას წინასაარჩევნო პერიოდში ჟურნალისტების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციონერი აქტივისტების წინააღმდეგ რეპრესიების ახალი ტალღის დაწყების გამო აკრიტიკებს.
როგორც AZEX-ის თავმჯდომარემ, ემინ ჰუსეინოვმა გამოცემა „კავკაზსკი უზელს“ განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს დაკავებულ პრაქტიკულად ყველა ჟურნალისტს ბრალად უცხოეთიდან უკანონო დაფინანსების მიღების აბსურდული ბრალდება წარუდგინეს, მათი დევნის რეალური მიზეზი გახმაურებული ჟურნალისტური ანტიკორუფციული გამოძიების ჩატარება და ყოველდღიური პუბლიკაციებია, რომლებიც აზერბაიჯანის მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური უფლებების სისტემატურ და მასობრივ დარღვევას ამხელდა.
ჰუსეინოვის თქმით, შვეიცარიაში შექმნილი ახალი კოალიცია მიმართავს ყველა საერთაშორისო სტრუქტურას, რომლის წევრიც აზერბაიჯანია, რეაგირება მოახდინონ ქვეყანაში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე.
„ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ხელისუფლების აშკარა რეპრესიული დამოკიდებულების გათვალისწინებით“, კოალიცია მოუწოდებს ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) ხელახლა შეაფასონ წინასაარჩევნო გარემო - „როგორც შეუძლებელი ობიექტური ადგილობრივი და საერთაშორისო დაკვირვების ჩასატარებლად“.
„მიიღოს [OSCE/ODIHR-მა] შესაბამისი გადაწყვეტილება აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად ქვეყანაში მივლენილი ODIHR/OSCE მისიის შეწყვეტის შესახებ, რამდენადაც აშკარაა რისკები, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება მისიას საერთაშორისო იმიჯის გასათეთრებლად გამოიყენებს“, - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
ეუთომ 11 საერთაშორისო ექსპერტისგან შემდგარი სადამკვირვებლო მისია აზერბაიჯანში გასული წლის ბოლოს მიავლინა. როგორც მისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების მონიტორინგს 26 გრძელვადიანი დამკვირვებელიც განახორციელებს. გარდა ამისა, ODIHR-მა ეუთოს წევრ ქვეყნებს მიმართა, არჩევნების დღეზე დასაკვირვებლად აზერბაიჯანში კიდევ 280 მოკლევადიანი დამკვირვებელი გაგზავნოს.
აღსანიშნავია, რომ 16 იანვარს, ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, აზერბაიჯანში საარჩევნო პროცესს და მის შედეგებს არ დააკვირდეს. „ევროპარლამენტის არცერთ ცალკეულ წევრს არ აქვს უფლება, დააკვირდეს ან კომენტარი გააკეთოს ამ საარჩევნო პროცესზე ევროპარლამენტის სახელით“, - ვკითხულობთ ევროპარლამენტის წევრის, დევიდ მაკალისტერის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 7 თებერვალს ჩატარდება. ამის შესახებ მოქმედმა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დეკემბერში განაცხადა. მის გარდა, არჩევნებში მონაწილეობას 6 კანდიდატი იღებს, რომლებიც, ანალიტიკოსების შეფასებით, რეალურად მხოლოდ კონკურენციის ილუზიას ქმნიან.
არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს მთავარმა ოპოზიციურმა პარტიებმა, მათ შორის, „მუსავათმა“ და აზერბაიჯანის ეროვნულმა ფრონტმა, რაც ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის პირობების არარსებობით ახსნეს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი 7 წლის ვადით აირჩევა. საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში ბოლოს 2018 წლის გაზაფხულზე გაიმართა. ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტია 2003 წლიდან.