აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაევალა, არჩევნები 2024 წლის 7 თებერვალს ჩაატაროს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
აზერბაიჯანში მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წელს უნდა ჩატარებულიყო. ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მიზეზი არ დასახელებულა.
ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტია 2003 წლიდან. მან ბოლოს 2018 წლის არჩევნებში გაიმარჯვა და პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის დრო კიდევ 7 წლით გაიხანგრძლივა.
ალიევის 20-წლიანი მმართველობის პერიოდში ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობა გაუარესდა. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, აზერბაიჯანში გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება მკაცრად შეზღუდულია. ადგილი აქვს სამოქალაქო აქტივისტების თვითნებურ დაპატიმრებებსა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნას. ხელისუფლება მშვიდობიან პროტესტს ახშობს და აფერხებს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების საქმიანობას.
კიდევ ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ი აზერბაიჯანის პოლიტიკურ სისტემას „ავტორიტარულ რეჟიმად“ მოიხსენიებს. „კორუფცია ყვავის და ფორმალური პოლიტიკური ოპოზიცია მრავალწლიანი დევნის გამო დასუსტებულია. ბოლო წლებში, ხელისუფლება სამოქალაქო თავისუფლებებს მაშტაბურად ახშობს, რაც მცირე ადგილს ტოვებს დამოუკიდებელი გამოხატვისა და აქტივიზმისთვის“, - წერს Freedom House.
2009 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანამდებობაზე ერთ ადამიანს კენჭი შეუზღუდავად შეუძლია იყაროს.
მიმდინარე წლის 19-20 სექტემბერს ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ, ბაქომ განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე კონტროლი მთლიანად დაიბრუნა და სუვერენიტეტი აღდგენილად გამოაცხადა. ყარაბაღში სულ 120 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ეთნიკურმა სომხებმა რეგიონი მასობრივად დატოვეს და სომხეთში გადავიდნენ. ისინი მიზეზად აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან დევნის შიშს ასახელებენ.
28 სექტემბერს, არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, 2024 წლის 1-ელ იანვრამდე დაიშლება ყველა „სახელმწიფო დაწესებულება და ორგანიზაცია“ და არსებობას შეწყვეტს „რესპუბლიკა მთიანი ყარაბაღი“ (არცახი).
3 ოქტომბერს, მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ყოფილი პრეზიდენტები არკადი ღუკასიანი, ბაკო საჰაკიანი, არაიკ ჰარუთუნიანი და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე დავით იშხანიანი დააკავეს.
ილჰამ ალიევის განცხადებით, „გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დიდი დაბრუნების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, 2026 წლისთვის ყარაბაღში 140 000 ადამიანის დაბრუნებაა მოსალოდნელი.
ყარაბაღის რეგიონი ავტონომიურ ოლქად საბჭოთა ხელისუფლების დროს გადაკეთდა. 1988 წელს, ყარაბაღის მოსახლეობამ მოისურვა, რომ ყარაბაღი საბჭოთა აზერბაიჯანიდან საბჭოთა სომხეთის შემადგენლობაში გადასულიყო. კონფლიქტი 1990-იანი წლების დასაწყისში სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. სამხედრო მოქმედებები 1994 წლამდე გაგრძელდა და საბოლოოდ, რეგიონი ადგილობრივი სომხების კონტროლის ქვეშ გადავიდა, რომლებმაც ყარაბაღის ტერიტორიაზე დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ყარაბაღის რესპუბლიკა არცერთმა ქვეყანამ, მათ შორის, სომხეთმაც არ აღიარა.