აზერბაიჯანის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 3 ოქტომბერს, მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ყოფილი პრეზიდენტები არკადი ღუკასიანი, ბაკო საჰაკიანი, არაიკ ჰარუთუნიანი და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე დავით იშხანიანი დააკავეს. ისინი ბაქოში გადაიყვანეს. მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 4 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 5 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
- 6 აქციაზე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა
მანამდე, აზერბაიჯანის უშიშროების სამსახურმა დააკავა მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარდანიანი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დავით ბაბაიანი, თავდაცვის არმიის ყოფილი სარდალი ლევონ მნაცაკანიანი და შეიარაღებული ძალების მეთაურის ყოფილი მოადგილე დავით მანუკიანი.
აზერბაიჯანში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ხელმძღვანელობით, გაეროს მისიამ გუშინ დაასრულა ერთდღიანი ვიზიტი მთიან ყარაბაღში. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მთიან ყარაბაღში ათასამდე სომეხი დარჩა.
„მისია შოკირებულია იმით, თუ ადგილობრივმა მოსახლეობამ მოულოდნელად როგორ მიატოვა სახლები, ასევე იმ ტანჯვის გამო, რომელიც შეიძლებოდა ამას გამოეწვია“
განცხადების ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ იმ ადგილებში, რაც მათ მოინახულეს, ვერ ნახეს სამოქალაქო და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის დაზიანების ან განადგურების ფაქტები. განცხადების თანახმად, გაეროს წარმომადგენლები ერთდღიანი ვიზიტით აღდამის, სტეფანაკერტისა და ლაჩინის დერეფანში იმყოფებოდნენ. ანგარიშის მიხედვით, სოფლებში დამკვირვებლების წვდომა „შეზღუდული იყო“.
ყარაბაღში სულ 120 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ეთნიკურმა სომხებმა რეგიონი მასობრივად დატოვეს და სომხეთში გადავიდნენ, აზერბაიჯანის მიერ 19-20 სექტემბერს ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ, როცა ბაქომ სუვერენიტეტი აღდგენილად გამოაცხადა.
სომხეთის სპეციალური დავალებების წარმომადგენელმა ედმონ მარუქიანმა გააკრიტიკა გაეროს მისიის მუშაობა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისიამ დააკანონა აზერბაიჯანის მიერ ჩადენილი დანაშაულები.
„ე.წ. გაეროს მისიამ მთიან ყარაბაღში ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ლეგიტიმაცია მოეხდინა აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის, თვითნებური დაპატიმრებების, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების და სხვა დანაშაულებებისთვის. ეს ხალხი გაერო-ს, როგორც ინსტიტუტის დისკრედიტაციას ახდენს. მოუთმენლად ველოდები გაეროს გამოძიებას ამ „წარმომადგენლების“ საქმიანობის შესახებ“, - წერს იგი.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ტელეკომპანია Euronews-ის ეთერში თავისი იმედგაცრუება გამოხატა როგორც რუსეთის მიდგომაზე მთიანი ყარაბაღის მიმართ, ასევე აზერბაიჯანის ქმედებებზე.
„აშკარაა, რომ რუსეთმა უღალატა სომეხ ხალხს. ისინი იმ რეგიონში განლაგდნენ 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადებით. რუსებს სურდათ ჯარისკაცების შემოყვანა, რომლებიც მშვიდობასა და უსაფრთხოებას უნდა უზრუნველყოფდნენ, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ აზერბაიჯანმა სამხედრო ოპერაცია ჩაატარა და სამშვიდობოების მხრიდან ოდნავი რეაქციაც კი არ ყოფილა“, - განაცხადა მიშელმა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიერ 28 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადება ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის „ეთნიკური წმენდის“ შესახებ.
სამინისტრომ მოუწოდა სომეხ მოსახლეობას, არ დატოვონ საცხოვრებელი ადგილი და გახდნენ მრავალეთნიკური აზერბაიჯანული საზოგადოების ნაწილი“.
28 სექტემბერს, არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, 2024 წლის 1-ელ იანვრამდე დაიშლება ყველა „სახელმწიფო დაწესებულება და ორგანიზაცია“ და არსებობას შეწყვეტს „რესპუბლიკა მთიანი ყარაბაღი“ (არცახი). ბრძანების მეორე პუნქტის მიხედვით, ყარაბაღის მოსახლეობა, მათ შორის, ამჟამად მის ფარგლებს გარეთ მყოფები, უნდა გაეცნონ აზერბაიჯანის მიერ წარმოდგენილ რეინტეგრაციის პირობებს და დამოუკიდებლად და ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტონ ყარაბაღში დარჩენა-დაბრუნების საკითხი, თუმცა მთიანი ყარაბაღი ამ დროისთვის მოსახლეობისგან თითქმის მთლიანად დაცლილია. ეთნიკური სომხები რეგიონის დატოვების მიზეზად აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან დევნის შიშს ასახელებენ.