მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში იძულებით გადაადგილებული 88 780 ადამიანი ჩამოვიდა - ასეთია სომხეთის მთავრობის 29 სექტემბრის, 10 საათის მონაცემები. 28 სექტემბრის დილით ეს რიცხვი 66 ათასი იყო. სომხური მედიის ცნობით, მთიანი ყარაბაღიდან სომხეთისკენ მიმავალ გზაზე რამდენიმე კილომეტრიანი საცობია. ყარაბაღში სულ 120 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ეთნიკური სომხები რეგიონს მას შემდეგ ტოვებენ, რაც 19-20 სექტემბერს ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად აზერბაიჯანმა სუვერენიტეტი აღდგენილად გამოაცხადა.
აზერბაიჯანის საგარეო სამინისტრო გამოეხმაურა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიერ, 28 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს, რომ ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობა „ეთნიკურ წმენდას“ ექვემდებარებოდა.
„ამგვარი საგანგაშო შეხედულებები, გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება სომხეთის პრემიერ-მინისტრის 21 სექტემბრის განცხადებას, სადაც იგი ამბობს, რომ აზერბაიჯანის მხრიდან სომეხი მცხოვრებლების მიმართ საფრთხე არ არსებობს, ასევე, ძირს უთხრის აზერბაიჯანის ძალისხმევას ჰუმანიტარული მხარდაჭერისა და რეინტეგრაციის მიმართულებით და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის შესაძლო პერსპექტივებს.
სომხეთის ხელმძღვანელობა უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ აზერბაიჯანის ცენტრალურმა სამთავრობო დაწესებულებებმა სასწრაფოდ დაიწყეს საჭირო ჰუმანიტარული დახმარების ღონისძიებების განხორციელება და ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილება.
პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა კარგად იცის, რომ აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მცხოვრებლების წასვლა მათი პირადი და ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა და მას არანაირი კავშირი არ აქვს იძულებით გადაადგილებასთან. თუ სომეხი მცხოვრებლების ზოგიერთ ნაწილს არ სურს აზერბაიჯანის კანონმდებლობისა და უფლებამოსილების ფარგლებში ცხოვრება და მისი დამორჩილება, ჩვენ ვერ ვაიძულებთ მათ ამის გაკეთებას. პირიქით,
მოვუწოდებთ სომეხ მოსახლეობას, არ დატოვონ საცხოვრებელი ადგილი და გახდნენ მრავალეთნიკური აზერბაიჯანული საზოგადოების ნაწილი“, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სააგენტო Reuters „უმაღლეს დიპლომატზე“ დაყრდნობით იტყობინება, რომ აზერბაიჯანის მთავრობას მთიან ყარაბაღში მცხოვრები 200-მდე პირის სია აქვს, რომელთა დაკავებაც სურს სხვადასხვა დანაშაულის ბრალდებით.
27 სექტემბერს, აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა არაღიარებული რესპუბლიკის მთიანი ყარაბაღის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, მილიარდერი, ჰუმანიტარული ინიციატივა „ავრორას“ დამფუძნებელი რუბენ ვარდანიანი მაშინ დააკავეს, როცა ის მთიან ყარაბაღს სომხეთთან დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნით ტოვებდა. ვარდანიანი ბაქოში გადაიყვანეს და სამი მძიმე ბრალდება წაუყენეს - ტერორიზმის დაფინანსება, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა და მის საქმიანობაში მონაწილეობა, აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.
ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველმა, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაბაიანმა განაცხადა, რომ ის აზერბაიჯანის შავ სიაშია შეყვანილი და აზერბაიჯანულმა მხარემ გამოძიებისთვის მისი ბაქოში ჩასვლა მოითხოვა, რასაც ის დასთანხმდა.
25 სექტემბერს, მთიან ყარაბაღში, სტეფანაკერტი-ასკერანის საავტომობილო გზასთან მდებარე საწვავის საცავში მომხდარი აფეთქების ზონაში სულ 170 ცხედარი და სხეულის ფრაგმენტია ნაპოვნი. დაშავებულია 290 ადამიანი.
28 სექტემბერს, არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, 2024 წლის 1-ელ იანვრამდე დაიშლება ყველა „სახელმწიფო დაწესებულება და ორგანიზაცია“ და არსებობას შეწყვეტს „რესპუბლიკა მთიანი ყარაბაღი“ (არცახი). ბრძანების მეორე პუნქტის მიხედვით, ყარაბაღის მოსახლეობა, მათ შორის, ამჟამად მის ფარგლებს გარეთ მყოფები, უნდა გაეცნონ აზერბაიჯანის მიერ წარმოდგენილ რეინტეგრაციის პირობებს და დამოუკიდებლად და ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტონ ყარაბაღში დარჩენა-დაბრუნების საკითხი.